რატომ არის ქართული ზმნა საოცარი – მარტივად
ხშირად გაგვიგია, ზმნა ქართული წინადადების ხერხემალი არისო, კიდევ - შესასწავლად ყველაზე რთული ზმნა არისო, კიდევ - უცხოელებს ყველაზე მეტად ზმნის სწორი ფორმის შერჩევა უჭირთო. არ არის აუცილებელი, რომ ფილოლოგი იყო იმისთვის, რომ ქართული ზმნის უნიკალურობა შენიშნო და დააფასო. ქართულში გვაქვს ერთსიტყვიანი წინადადება და ეს ერთი სიტყვა არის ზმნა. ვიტყვი "თოვს" და ეს უკვე წინადადებაა.
ქართულ ზმნას შეუძლია მოგვითხროს პატარა ისტორია (წამომცდა), წარმოაჩინოს მოქმედი პირების ხასიათი (მიმუხთლა) და განწყობა (გვიხარია), გვაჩვენოს მათი დამოკიდებულება საკითხისადმი (ვღელავ), მიგვანიშნოს ეს მოქმედება ერთხელ მოხდა და დასრულდა (გავაკეთე) თუ ჯერ არ დასრულებულა (კეთდება), განმეორდება კიდევ (გაკეთდება), უხარია თუ არა მთქმელს, ეს რომ ხდება (მაბედნიერებ) და კიდევ უამრავი რამ.
ვიტყვი ერთ სიტყვას ამაშენებინა და მსმენელმა უკვე იცის, რომ მე ავაშენე რაღაც სხვისი დახმარებით, ეს მოქმედება უკვე დასრულებულია და ისიც ცხადია, რომ არა ის მეორე პირი, მე ამას ჩემით ვერ მოვაბამდი თავს. სიტყვა ამაშენებინა-ში უფრო მეტი რამის ამოკითხვაც შეიძლება, ვიდრე უბრალოდ მოქმედებაა: მე, ობიექტი, თავმოუბმელი ვარ ან რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ვიმყოფები, ის მეორე პირი კი, სუბიექტი, კეთილია და ამავე დროს ორგანიზატორული ნიჭიც აქვს.
კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება და არ დაგავიწყდეთ, რომ მე მხოლოდ ერთი სიტყვა ვთქვი - ამაშენებინა, არ მიხსენებია არაფერი სხვა, არავინ სხვა, არ გამომიყენებია არცერთი სხვა მეტყველების ნაწილი. ზმნის ფორმა გვკარნახობს ამბავს, რომელსაც ესა თუ ის წინადადება გადმოსცემს, ამიტომაცაა ზმნა ხერხემალი.
ქართული ზმნის კატეგორიები, რომლებიც ინტეგრირებულია ფორმაში, განაპირობებს იმას, რომ არ ვიყენებთ დამატებით სიტყვებს და ისე შეგვიძლია მსმენელისთვის თუ მკითხველისთვის ინფორმაციის გადაცემა.
ზმნის მწკრივები სხვა არაფერია, თუ არა - დრო
ქართულში სამი დროა (წარსული, ახლანდელი და მომავალი), ჩვენთან დროს სპეციალური ნიშანი არ აქვს. სინამდვილეში მწკრივებისა და სერიების დახმარებით გაცილებით მეტი დრო გვაქვს და მეტი რამის გამოხატვა შეგვიძლია. 3 სერია და 11 მწკრივი ამის საშუალებას იძლევა. თითოეული მწკრივი ზმნის რამდენიმე კატეგორიას გამოხატავს. სერიებისა და მწკრივების ხსენება ყველაზე მეტად არ მოსწონთ სკოლის მოსწავლეებს მანამ, სანამ გაიაზრებენ, რომ თითოეული ფორმა სხვა არაფერია, თუ არა დროში გამოხატული კონკრეტული მოქმედება თავისი მახასიათებლებით.
მაგალითად, "ვწერდი" სხვა არაფერია, თუ არა წარსულში დაწყებული მოქმედება, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, რეალური ფაქტია და ხშირად განმეორდება. ამას რომელიმე სხვა ენაში ცალკე, დამოუკიდებელი დროის სტატუსს მიანიჭებდნენ (არ დავასახელებთ, რომელ ენას ვგულისხმობთ, მაგრამ ყველა მიხვდებით ალბათ), ერთ სათაურს შეურჩევდნენ და "წარსულ დაუსრულებელ განმეორებად დროს“ უწოდებდნენ. ჩვენთან მწკრივის სტატუსი აქვს. დღეს, ხვალ, ახლა, გუშინ და ამ ტიპის სიტყვების გარეშეც ნათელია , როდის ხდება მოქმედება ზმნებში: ვჭამ (ახლანდელი), ვჭამდი (წარსული), შევჭამ (მომავალი).
რას ემსახურება ზმნის კილო?
ეს კატეგორია გვეხმარება ზმნის ფორმით გამოვხატოთ მოქმედება, როგორც ნამდვილი ამბავი, როგორც სასურველ-შესაძლებელი მოქმედება ან როგორც ბრძანება. კილო სამია ქართულში - თხრობითი, კავშირებითი და ბრძანებითი.
მართალია, ვეფხიტყაოსანი ქართველმა დაწერა და წესით, თხრობა, ამბების გადმოცემა, შესაბამისად, თხრობითი კილოს ფორმებიც, ჩვენი ძლიერი მხარე უნდა იყოს, მიუხედავად ამისა, კავშირებითი და ბრძანებითი კილოს ფორმები საქართველოში გაცილებით პოპულარულია. გვიყვარს სადღეგრძელოები და არც ერთი სადღეგრძელო კავშირებითი კილოს გარეშე არ წარმოითქმება. გაიზარდოს, დამშვენდეს, აშენდეს, იხაროს - ყველა ეს ფორმა კავშირებითი კილოს ფორმაა და ერთხელ მაინც (ნეტავ, მხოლოდ ერთხელ!) მოგვისმენია სუფრასთან, სკამზე შემდგარს ან თამადასთან ხელგადახვეულს.
გვიყვარს ბრძანებითი კილოც და ფორმები (გააკეთე! ნუ გააკეთებ! არ მოწიო! დაწერე!) და ეს ფორმაც ასევე ჯაბნის სტანდარტულ, საყვარელ თხრობით კილოს, ამბის გადმოცემისას რომ ვიყენებთ.
ქართულ ზმნაში სულ ერთი ასოს ცვლილებით წყდება მნიშვნელოვანი ნიუანსები:
თუ დავაკვირდებით ფორმებს - ვაშენებ, ვიშენებ და ვუშენებ, ნათელი გახდება არა მხოლოდ მოქმედება, არამედ ურთიერთობაც სუბიექტსა და ობიექტს შორის. შეიძლება უცხოელისთვის ამ განსხვავების დაჭერა ძალიან რთული იყოს, თუმცა თუ ქართული თქვენთვის მშობლიური ენაა, მაშინვე ცხადი გახდება, რომელი ზმნით რა სათქმელი გამოიხატება:
- ვაშენებ ქვეყნისთვის - საარვისო ქცევა
- ვიშენებ ჩემთვის - სათავისო ქცევა
- ვუშენებ სხვას - სასხვისო ქცევა.
ქართველი ენათმეცნიერები ზმნას ახლაც სწავლობენ და იმის მიხედვით, რომელი მეცნიერის სკოლას წარმოადგენენ, თავისებურად იაზრებენ და ყოფენ, მაგრამ ამით არ იცვლება მთავარი, ქართულ ზმნას თითქმის ყველაფრის გამოხატვა და დატევა შეუძლია, რაც თავში მოგივათ.
ქართველ ენათმეცნიერებს 21-ე საუკუნეში აღმოცენებული ფორმები ახალ თავსატეხს უჩენენ
ქართული ზმნის ფორმები გამოხატავს ქართველი ადამიანის ბუნებას, მასში ასახულია ჩვენი ტრადიციები, მოქმედების ლოგიკა და სტილი. მიუხედავად ამისა, არ იფიქროთ, რომ ზმნა გაიყინა და ერთ წერტილში გაქვავებულ სურათს ვიყენებთ ყოველდღიურ დინამიკაში. ქართული ზმნის სტრუქტურამ თავისუფლად და ბუნებრივად გამოხატა 21-ე საუკუნის აქტივობებიც და თან ეს ისე გააკეთა, რომ თავის უნიკალურობაზე უარი არ უთქვამს. მოგვიანებით შექმნილი თანამედროვე ფორმებიც ერთი ფორმით, ერთი სიტყვით გადმოგვცემს სათქმელს.
"თავსა დამართ სცემდა"-დან "ვიქრინჯები"-მდე
მიშეარებდა - ამბავს მიყვებოდა ან რაიმე ინფორმაციას მიზიარებდა, მოქმედება დაუსრულებელია;
დამიეფრუვებდე - ნეტავ, დამიმტკიცებდე რაღაცას, რასაც ველოდები;
ვიქრინჯები - ამის ახსნა აქ ძალიან რთულია, მაგრამ არსებობს ასეთი ზმნა უხერხულობის გადმოსაცემად;
და ასე შემდეგ...
ამ ფორმებს ჯერჯერობით არ ვიმჩნევთ და არ ვაღიარებთ, რომ ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. ქართული ზმნის სტრუქტურამ უცხო ენიდან შემოსული ფუძეები მოირგო ისე, რომ არ შეუცვლია ზმნისწინის ადგილი, კატეგორიების გამომხატველი ნიშნების ადგილები. ამ სტატიაში არ განვიხილავთ აღნიშნული მოვლენის დადებით და უარყოფით მხარეებს, მთავარი ისაა, რომ ზმნის ერთიანმა და ძლიერმა ჩონჩხმა არ დაკარგა მდგრადობა და უცხო სიტყვებიც ისე მოირგო, რომ მთავარი პრინციპი არ შეუცვლია.
რატომ არის ქართული ზმნის შესწავლა რთული?
ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები ნაწილდება და ცოცხლდება თითოეულ ზმნაში. ქართული ზმნის სტრუქტურა და შესაძლებლობა, ერთ ფორმაში გამოხატოს სამი-ოთხი კატეგორია (შეიძლება მეტიც), ქმნის მის უნიკალურობას და, ამავე დროს, განაპირობებს სირთულეს.
ერთი ფორმით გამოხატული რამდენიმე კატეგორია ბავშვობიდან თუ არ გესმის, თუ მიჩვეული ხარ ყველა ნიუანსის სხვადასხვა სიტყვის დახმარებით გადმოცემას, ცხადია, გიჭირს. ქართული ზმნის თითოეული ფორმა ცხოვრების კონკრეტულ ეპიზოდს აღწერს და აშეშებს, მერე საკმარისია თქვა ერთი ფორმა, ერთი ზმნა და მსმენელის გონებაში მოქმედება ცოცხლდება, სახეები ამეტყველდება. ერთი ზმნა ცხოვრების ერთი ეპიზოდია, ამიტომაა ზმნა რთული.
თუ ქართული შენი მშობლიური ენა არაა, ცხადია, ვერ მოაბამ თავს და ვერ აღწერ ერთი სიტყვით მოქმედებას, რომელიც დასრულებულ აქტს გულისხმობს, თან დანაშაულებრივ ასპექტსაც შეიცავს, თან სინანულსაც გამოხატავს და თან სასჯელის მოლოდინში გატრუნული სუბიექტის სინდისის ქენჯნასაც გაგრძნობინებს, თან ხვდები, რომ დამნაშავე მარტო მოქმედებდა, ალბათ აფექტის მდგომარეობაში იყო, სავარაუდოდ, ვერ მოერია თავს, გამართლებაც შეიძლება, მედალს ორი მხარე აქვსო და... მოკლედ, შემომეჭამა სწორედ ასეთი სიტყვაა - არ მინდოდა, მაგრამ ასე მოხდა, დასრულდა ამბავი, აღარაფერი ეშველება და ეს სიტყვა ერთგვარი აღსარებაა საკუთარ თავთან.
ესაა ქართული ენის უნიკალური ხასიათის გამომხატველი, გრძნობისა და განცდის გადმომცემი, წყენისა თუ სიხარულის თანამგრძნობი, მოლოდინისა თუ სასურველ-შესაძლებელი აქტის ასახვის უნიკალური შესაძლებლობა, ეს არის ქართული ზმნა. ცხოვრება არის ზმნა.
კომენტარები