რა მოუვა ჩვენს სხეულებს მომავალში
ყბის ძვლის ქირურგიული კორექცია, კოსმეტიკური დანიშნულებით გამოყენებული გენური თერაპია, რობოტიკა... კიდევ რა საშუალებებით ვეცდებით ჩვენი სხეულების შეცვლას მომავალში? ბრიტანელი ფსიქოანალიტიკოსი, ფემინისტი და გახმაურებული წიგნის, სხეულების, ავტორი, სუზი ორბაქი ამ კითხვაზე პასუხის პოვნას ცდილობს.
ჩვენი სხეულებისთვის ომია გაჩაღებული. მასში მოულოდნელი მხარეები არიან ჩართული, მისი შედეგების განსაზღვრა კი ერთობ რთულია. როგორც ნებისმიერ ომში, ამ შემთხვევაშიც საბრძოლო რესურსებით ხან ერთი მხარე სჯობნის, ხანაც - მეორე. როგორც ნებისმიერ ომში, აქაც დაპირისპირებული იდეოლოგიები მონაწილეებსა და საბრძოლო ველის კონტურებს რთულად გასარჩევს ხდის: ხანდახან იმას ვხედავთ, რაც მხოლოდ ჩვენ ცხვირწინაა, ზოგჯერ კი მზერას ჩვენთვის ობიექტურ ჭეშმარიტებად ქცეული ნორმები გვიბინდავს, რომლებიც გრავიტაციასავით მუშაობს - ჩვენ მათ არსებობას ვერც კი ვამჩნევთ, მაგრამ ისინი, ამასთან, ყველგან არიან.
სხეულის რელიეფი იცვლება: ბოლო დროს განვითარებული ისეთი მოვლენები, როგორებიცაა #Metoo კამპანია, ხელოვნური ინტელექტი, ეპიგენეტიკა, კვერცხუჯრედების გაყინვა, სელფის გადაღების ისტერია, სნეპჩეტისეული დიზმორფია, კარდაშიანები, სუროგაცია, ორგანოების გადანერგვა თუ სექს-სათამაშოების პოპულარობა, ახალ საკითხებზე ახლებური მეთოდებით დაფიქრებას მოითხოვს. ამ ყველაფრის ფონზე კი ერთმანეთს ორი ტენდენცია უპირისპირდება: ერთ მხარეზეა ჩვენს ამჟამინდელ სხეულებში ცხოვრების სირთულე მასთან თანხმლები მრავალი უსიამოვნებით, მეორე მხარეს კი - თითქმის უსხეულო არსებობის პერსპექტივა, რომლისკენაც ციფრული ალგორითმებისა და სინთეტიკური ბიოლოგიის საშუალებით სულ უფრო სწრაფად მივემართებით.
ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ დემოკრატიული ღირებულებების უმთავრეს დამცველად მიჩნეულ აშშ-ში კონსერვატიული უზენაესი სასამართლო დედის უფლებებზე მეტად ჩანასახის უფლებებს მიიჩნევს მნიშვნელოვნად. დღეს, როცა ამერიკის ზოგიერთ შტატში აბორტი აკრძალულია, ამ ტენდენციამ თეორიულად იქამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რომ ორსულობისას სიგარეტის მოწევის ან ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო სამართლებრივი დევნაც კი დაიწყოს. ერთმა ქალმა მკერდის კიბოს ამოკვეთის ოპერაციის წინ გაიგო, რომ თუ ის ფეხმძიმედ აღმოჩნდებოდა, მას სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობაზე უარს ეტყოდნენ, რადგან უპირველესად სწორედ ჩანასახის უსაფრთხოება უნდა ყოფილიყო დაცული.
იმ სხეულების შეცნობა, რომელშიც ვცხოვრობთ როგორც ბიოლოგიური განპირობებულობებით შეზღუდული ორგანიზმები, საკმარისი აღარაა. გვიანდელმა კაპიტალიზმმა და სოციალური მედიის განვითარებამ ინდივიდის სოციუმში ჩართულობის ფორმები ხელახლა გადაწერა. შეიცვალა ჩვენი წარმოდგენები იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო დანახული და აღიარებული საზოგადოების მიერ, რამაც ჩვენი სხეულებიც ბრძოლის ველად აქცია. ამან, თავის მხრივ, ექსპლუატაციის, თვითგამოხატვისა და იდენტობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. და ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ არამატერიალური არსებობისკენ მივილტვით. ესაა არსებობა, სადაც თითქმის ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის ჩვენეულ გაგებასთან აქვს კავშირი - იქნება ეს კვება, სუნთქვა, მოძრაობა, მგრძნობელობა თუ სხვებთან კავშირის ქონა - აზროვნების ისეთ სამყაროში გადაინაცვლებს, რომელშიც ფიზიკური, ხელშესახები სხეული საჭირო აღარ იქნება.
სამხრეთ კორეაში ყბის ძვლის კორექცია იმდენად გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ერთმა ქირურგმა ოპერაციების მერე მორჩენილი ძვლის ფრაგმენტებით მოზრდილი შუშის ცილინდრები გაავსო და თავის ოფისში ხელოვნების ნიმუშის მსგავსად გამოფინა. ოდესაში მცხოვრებ იუთუბის ვარსკვლავს, ანასტასია შპაგინას ხუთი მილიონი ნახვა აქვს ვიდეოზე, რომელშიც მაყურებლებს უხსნის, როგორ უნდა დაემსგავსო პოპ-მომღერალ მაილი საირუსს. კიდევ ერთმა იუთუბერმა ლოს-ანჯელესიდან, კენდი ჯონსონმა, ბარბის თოჯინად გარდასახვის პროცესის ამსახველ ვიდეოზე ოცდაცამეტი მილიონი ნახვა დააგროვა. ეს შემთხვევები დეტალურად გვაჩვენებს, თუ როგორაა შესაძლებელი გარეგნობის სრულად შეცვლა. ჯასტინიც პოპულარული იუთუბერია, რომელმაც 158,000$ დახარჯა 125 ქირურგიულ პროცედურაში: მთლიანად შეიცვალა მხრებისა და ხელის კუნთები, ტანის ფორმა, სახე და თმის ხაზის მოყვანილობა, რათა საყოველთაოდ ცნობილი თოჯინის, ბარბის ასევე ცნობილ ბიჭ მეგობარს, კენს დამსგავსებოდა. მის ამ ვიდეოს იუთუბში თექვსმეტ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
იუთუბით გაპოპულარებული ადამიანები სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით იცვლიან გარეგნობას და ამაში სახლიდან გაუსვლელად იღებენ კომერციულ სარგებელს - ისინი ქმნიან სილამაზის ახალ ნორმებს, ქმნიან ახალ სხეულებს. ამ ტიპის ქმედებას ჯერ არ აღიარებენ სილამაზისთვის გაწეულ შრომად, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ასეა. არა მხოლოდ მსგავსი ბლოგერები, არამედ ჩვენც ამ შრომას ვწევთ, როცა მიღებული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მაკიაჟს ვიკეთებთ და სხვადასხვა პროცედურას ვიტარებთ. ამ შრომაში ჩართვა სულ უფრო არსებითი ხდება ახალგაზრდა გოგოებისთვის და ზრდასრული ქალებისა თუ კაცებისთვისაც. მაგრამ რატომ? როგორ იქცა ქირურგიული პროცესების, სტომატოლოგიური ჩარევებისა და ფოტო-აპლიკაციების მეშვეობით ვიზუალური ცვლილებების გაკეთების შემცველი ეს შრომა ასეთი სასურველი?
სხეულები ხელოვნურად იქმნებიან. ისინი აღარ წარმოადგენენ იმ პრიმიტიულ მოცემულობას, რომელიც, უბრალოდ, უნდა დაბანო, დეოდორანტით არასასიამოვნო სუნი გაუქრო, ტანსაცმელი ჩააცვა და სუნამო მიაპკურო, სანამ ახალ დღეს დაიწყებდე. სხეულები ახლა ჩვენი ყველაზე მოქნილი სავიზიტო ბარათებია. მათი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ ან გამოვკვეთოთ ჩვენი კლასობრივი, გენდერული, გეოგრაფიული თუ ეთნიკური წარმოშობა. ჩვენი გარეგნობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ის, თუ როგორ გამოვიყურებით, დაუსრულებლად უნდა გავუზიაროთ სხვებს სელფებისა და სექსტინგის - პოტენციური ან მოქმედი პარტნიორებისთვის სექსუალური ხასიათის ფოტოების ან ვიდეოების გაგზავნის - საშუალებით, რათა სათანადო მოწონება დავიმსახუროთ. თინეიჯერი გოგოები თავიანთი გარეგნობისთვის მუდმივად სასურველი ფორმის მიცემას ცდილობენ, რათა ლაიქები და საჯარო მოწონება დაიმსახურონ, რასაც, სამწუხაროდ, იშვიათად ახერხებენ. ბრიტანულ ბრენდ Dove-ისთვის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გოგოებს ფოტოზე 124 ლაიქი მაინც სჭირდებათ, რათა თავი კარგად იგრძნონ, მაგრამ მათი უმეტესობა ამაზე გაცილებით ნაკლებს აგროვებს ხოლმე. და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ისინი ცუდად გამოიყურებიან; უბრალოდ, დღეს ყველა ლაიქებზე ნადირობს და ამიტომ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს.
ონლაინცხოვრება, ინტერნეტაღიარებისადმი ლტოლვა, ციფრული იდენტობით არსებობა და კიმ კარდაშიანის მსგავსი ცნობილი ადამიანების მიბაძვის სურვილი ახალგაზრდა გოგოებსა და ქალებში დღეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვიკითხოთ: რატომ? ამავდროულად, თინეიჯერებს სექსტინგის საშუალებით ერთმანეთის სხეულის სექსუალიზებული ნაწილების გაზიარების სურვილი აქვთ. ეს თანამედროვე ვერსიაა ადრე გავრცელებული პრაქტიკისა, "თუ შენსას მაჩვენებ, მე ჩემსას განახებ". მაგრამ ამ შემთხვევაში "ჩემი" მხოლოდ შენ დასანახად ვეღარაა განკუთვნილი: სექსუალური ხასიათის ფოტომ ან ვიდეომ კლასელების ტელეფონიდან, შეიძლება, კონტინენტებიც კი შემოიაროს და საბოლოოდ პედოფილების პორნომასალა გახდეს.
ამასობაში კი ისეთი მაღალშემოსავლიანი სფეროები, როგორებიცაა კოსმეტიკის, მოდის, კვების, დიეტის, ჯანდაცვის, დაბერების საწინააღმდეგო, ჯანმრთელობის, ქირურგიის, ფარმაცევტიკისა და ფიტნესის ინდუსტრიები, ლამაზი სხეულების რეკლამირებით ჩვენ წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. სილამაზისა და მოდის პროდუქტების მწარმოებლებმა დაიპყრეს როგორც რეალური, ისე ვირტუალური სავაჭრო ცენტრები. ეს ყველაფერი კი თითოეული ჩვენგანის ფსიქიკაზეც დამღუპველად ისახება და - პლანეტის ეკოლოგიაზეც. ამას თან ახლავს სოციალური საფასურიც, რადგან საზოგადოებაში სილამაზის სტანდარტების გაიდეალება განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ახალგაზრდა გოგოებსა და - უკვე მზარდი რაოდენობით - ბიჭებსაც იმით, რომ აუარესებს მათ ფინანსურ მდგომარეობასა და აკადემიურ მოსწრებას. როცა ვიგებთ, რომ ყოველი მესამე გოგო ნაცხის ანალიზს იმიტომ ვერ იკეთებს, რომ საკუთარი სხეულის რცხვენია, მაშინ განსაკუთრებული სიცხადით ვაცნობიერებთ, ადრეული ასაკიდანვე ჭარბი თვითკრიტიკის გამო როგორი პათოლოგიური ზიზღით ვუცხოვდებით საკუთარი სხეულებისგან.
როგორც კი ბავშვობის კომერციალიზაცია დაიწყო, ტენდენცია ნელ-ნელა თინეიჯერობის პერიოდზეც გავრცელდა: მოზარდმა გოგომ, შესაძლოა, ჯერ მენსტრუალური ციკლის შესაწყვეტად სპეციალური მედიკამენტების გამუდმებული სმა დაიწყოს, შემდეგ კი ჰორმონების სტიმულატორების მიღება მოუწიოს, რათა სხეულიდან განაყოფიერების უნარის მქონე კვერცხუჯრედის ექსტრაციის შესაძლებლობა მიეცეს. ორმოცდაათი წლის ასაკს მიღწეული ქალები მენოპაუზას ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის ნიშნად კი არ აღიქვამენ, არამედ - დისკომფორტის გამომწვევ პროცესად, რადგან მანამდე ასე შეამზადა ისინი სოციალურმა ნორმებმა. დღესდღეისობით დაბერება და სიკვდილი ისეთი უძლურების გამომხატველ მდგომარეობად აღიქმება, რომლის თავიდან აცილებაც პოტენციურად შესაძლებელია. ბევრი წელი აღარ დარჩა იქამდე, სანამ ბაზარს გენური თერაპიის ის კოსმეტიკური საშუალებები დაიპყრობს, რომლებიც ჩვენი ბიოლოგიური ასაკის თანმდევ მახასიათებლებს გააქრობს. პარალელურად კი ხელოვნური ინტელექტი დაკარგული მოგონებებისა და უნარების დაბრუნებაში დაგვეხმარება.
მაგრამ იქამდე ჩვენს სხეულებს ქიმიკატები ყოველდღიურად ცვლის. 2009 წელს გადაღებულ ფილმში, My Toxic Baby, რეჟისორი პენელოპა ჩაფერი იმ პუერტორიკოელი ბავშვების შესახებ გვიამბობს, რომლებიც კონტრაცეპტივების მწარმოებელ ქარხნებთან ახლოს ცხოვრობენ და ამის გამო ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში ეწყებათ მენსტრუაცია. ეს გამაოგნებელი აღმოჩენაა, რომელსაც 2010 წელს ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევაც ეხმიანება: ამერიკელი გოგოების 15%-ს სქესობრივი მომწიფების ასაკი შვიდი წლიდან ეწყებათ. კიდევ ერთხელ ისმის კითხვა: რატომ?
სხეულების ფორმირებაზე კულტურული ნორმები მუდმივად ახდენდა გავლენას: არ არსებულა "ბუნებრივი" სხეული, რომელიც კულტურული პრაქტიკებით არ იყო ხელყოფილი. როგორია ჩვენი ჟესტები საუბრისას, როგორ დავდივართ, როგორია მაგიდასთან ჯდომის წესები, რას ვჭამთ, როგორ ვმოძრაობთ, ვუტარებთ თუ არა ახალშობილს წინადაცვეთას ან მოგვიანებით ვუცვლით თუ არა რაიმე ფორმით ორგანიზმს - ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, თუ რომელ კონკრეტულ დროსა და ადგილს ეკუთვნის ესა თუ ის სხეული. ჩვენ გვაფასებენ ჩვენივე გარეგნობით და ჩვენი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობაც ყოველთვის იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებოდით. დღეს უკვე ადამიანები კლასის, რასის და ბოლო დროს სქესისა თუ გენდერის წინასწარ განსაზღვრულ შეზღუდვებზე უარს ამბობენ, რაც ფრიად მისაღებია. სამაგიეროდ, მიუღებელია ის, რომ გლობალიზმი, რომელიც თავისი არსით რასებსა თუ კლასებს შორის არსებულ სიღრმისეულ უთანასწორობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ააშკარავებს, იმავდროულად იმის შესაძლებლობასაც გვთავაზობს, რომ ზედაპირულად წავშალოთ ეკონომიკური სიდუხჭირის მამხილებელი ნიშნები და მიკუთვნებულობის მითი "სწორი" შესახედაობის, "სწორი" სხეულის ქონით გამოვკვებოთ.
მაგრამ ზუსტად რა ემართებათ სხეულებს ჩვენს ეპოქაში? არის შანსი, რომ ჩვენ დღეისათვის ყველასთვის ნაცნობ სხეულებში მცხოვრები უკანასკნელი თაობაც კი ვიყოთ. ჩვენ განაყოფიერების სფეროში უჯრედულ დონეზე მანიპულაციების, გენური ინჟინერიისა და სხვადასხვა სახის საშვილოსნოს გამოყენების ნორმად ქცევის ზღვარზე ვიმყოფებით. განაყოფიერების შემდეგ კი ქირურგიული ჩარევების, ორგანოების გადანერგვისა და ყველა ტიპის ორგანიზმზე მორგებული მედიკამენტების მთელი ნუსხა გვაქვს. დღეს წარმატებით მუშაობს სხეულის სხვადასხვა ორგანოთი კანონიერი თუ უკანონო ვაჭრობა - გულითა და თირკმლებით დაწყებული, ღეროვანი უჯრედებით დამთავრებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სხეულების კომერციულ ხასიათს.
ჩვენი დამოკიდებულება ჩვენივე ორგანიზმისადმი პოსტინდუსტრიულ წარმოდგენებსა და იმ დროს შორისაა გაჩხერილი, როცა სხეული ბიოინჟინერიის საშუალებით იქნება შექმნილი; ან, როგორც ხელოვნური ინტელექტის მხარდამჭერები ამტკიცებენ, სრულიად უსხეულონი ვიქნებით: ისეთი ელექტრონული ალგორითმების ერთობას შევადგენთ, როგორიც, მაგალითად, მაცდური ტუჩებისა და მოფარფატე წამწამების მქონე ქალის ფორმაში მოქცეული სოფიაა. ის კომპანია Hanson Robotics-ის რობოტია, რომლის ჩვენთვის ჯერ კიდევ უხერხულობის მომგვრელი გარეგნობა ძალიან ჰგავს ჩინეთსა და ამერიკაში დამზადებულ ადამიანის ზომისა და ფორმის სექს-სათამაშოებს.
სტანდარტიზებული ახალგაზრდული სხეული, რომელიც გაიდეალურებულია და რომლის რეპროდუქციასაც თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურად ვცდილობთ, სულაც არ არის მდგრადი და მუდმივი მოცემულობა. ის, უბრალოდ, ვერც იქნება ასეთი. მაშინაც კი, თუ ვინმეს იდეალად მიჩნეული გარეგნობის მსგავსი სხეული აქვს, ქალის ზომის, ფორმებისა და სახის ნაკვთების გამუდმებული შეფასება და იდეალად აღიარებული ნორმის ყოველწლიური ცვლილება ყველაზე გამხდარ გოგოსა თუ ქალსაც კი შეურყევს თვითდაჯერებულობას. მაშინ, როცა 1960-იანებიდან სიგამხდრე დომინანტური ტრენდი გახდა, მას ცოტა ხნის წინ სიმაღლე, დიდი მკერდი და ახლა უკვე მკვრივი და მოზრდილი საჯდომიც დაემატა. გამხდარი სხეულის იდეალი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს და სულ უფრო ხშირად იქცევა შფოთვის და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მიზეზი. კაცების ათლეტური, მოხდენილი სხეულებისგანაც სულ უფრო მოითხოვება მსგავსი ურთიერთგამომრიცხავი თვისებების ქონა; მათგან ერთდროულად მოელიან სიძლიერისა და დაუცველობა-მგრძნობელობის დემონსტრირებას.
რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ჩვენი სხეულებიდან თავის დაღწევა. იმის მიუხედავად, რომ ინტერნეტში წარმოსახვით იდენტობებს ვიქმნით, რათა ვირტუალური ურთიერთობები გავაბათ, მატერიალურ სამყაროში ჩვენ კვლავ არ შეგვიძლია სხეულების გარეშე არსებობა. სამედიცინო სფეროში მუშაობისას სხეულთან დაკავშირებულ არაერთ სირთულეს გადავწყდომივარ - იქნება ეს ანორექსია, თვითდაზიანება, სხეულის ნაწილების მოკვეთა, ეგზემა, სქესობრივ იდენტობებში გაურკვევლობა, დაბერების შიში თუ გადაჭარბებული ვარჯიში. ეს ყველაფერი შესაფერისი, საიმედო სხეულის ძიებისა და სხეულთან დაკავშირებული სირცხვილის გრძნობის მოშორების მუდმივ მცდელობებად შეიძლება ინტერპრეტირდეს. ამიტომაც გვჭირდება იმის აღიარება, რომ სხეულთან დაკავშირებული შფოთვები ისევე საგანგაშოა, როგორც ემოციური შფოთვითი აშლილობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია ყველასთვის, განსაკუთრებით კი თერაპევტებისთვის, თუ მათ სურთ, თავიანთ პაციენტებს სათანადოდ დაეხმარონ.
იმისათვის, რომ ამ დილემას თავი დავაღწიოთ და ჩვენი სხეულები არსებობისთვის ისევ საიმედო ადგილად გადავაქციოთ, საჭიროა, ჩვენი ამჟამინდელი წარმოდგენები და ღირებულებები შევცვალოთ. გვიანი მოდერნულობისთვის დამახასიათებელი აუცილებელი პირობები სულაც აღარ წარმოადგენს გარდაუვალობას. სილამაზის სტანდარტის დავიწროებაზე პასუხისმგებელ მექანიზმებსვე აქვთ იმის უნარი, რომ დამკვიდრებული ნორმების ჩარჩოები გააფართოონ და რეალურად არსებული სხეულების მრგავალგვარი ფორმები მოიცვან: ჩვენთვის მნიშვნელოვნად სწორედ მრავალფეროვნება უნდა იქცეს და არა - კონფორმიზმი. ჩვენმა რწმენამ, რომ სხეულის ცვლა უსასრულოდ შეგვიძლია, მთელი რიგი ინდუსტრიებისა და წეს-ჩვეულებების მსხვერპლად გვაქცია, რამაც ჩვენი სტაბილურობის შეგრძნება წარმოუდგენლად შეარყია. ჩვენ სხეულებს შემოქმედებითი იმპულსების დასაკმაყოფილებლად ან გასართობად კი არ ვცვლით, არამედ ისეთი სხეულის შექმნას ვცდილობთ, რომელიც თავებს უკეთესად გვაგრძნობინებს.
ჩვენს სხეულებზე არსებული ზეწოლის შესამცირებლად ასევე აუცილებლია, დავინახოთ დიეტისა და ჯანმრთელობის ინდუსტრიების ბრალეულობაც. ისინი თავიანთი ყალბი რეკლამებით ტყუილად გვაიმედებენ, რომ სილამაზის სტანდარტების დაკმაყოფილება შეგვიძლია. ასევე უნდა ვამხილოთ კვებისა და ფარმაცევტული ინდუსტრიის შიგნით მომუშავე ზოგიერთი საწარმოს საქმიანობა, რადგან მათი დამსახურებით ბევრი ჩვენგანისთვის კვება მტკივნეული და ემოციურად საშიშიც კი გახდა. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ სხეულის ზომების დიაპაზონი ხელოვნების გამომსახველობით ფორმებსა და მოდის დიზაინში, რათა ამ სფეროებმა რეალურად არსებული სხეულების შემჩნევაც დაიწყონ.
ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ სხეულის ქონის უფლებების მიმართაც. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მისწრაფება აბორტის საწინააღმდეგო კანონმდებობისკენ და ტრანსჰუმანისტური არგუმენტი, რომ დაავადებული და არანორმატიული სხეულების განკურნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ფარმაკოლოგიითაა შესაძლებელი (თუ, რა თქმა უნდა, ამ სხეულების პატრონებს ფული აქვთ), ცხადყოფს, რომ ჩვენი სხეულები რეალური საშიშროების წინაშე არიან. სანამ ჯერ კიდევ ფიზიკურ სხეულებში ვარსებობთ, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგანიზმები თავისთავად ფასეულობად და სიამოვნების წყაროდ აღვიქვათ.
ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენი სხეულები საცხოვრებელ ადგილად ვაქციოთ და არა - რაღაც მიზნად, რომლის მიღწევისკენაც გამუდმებით უნდა ვისწრაფოდეთ. ჩვენ სასწრაფოდ უნდა ვთქვათ უარი სხეულის კომერციულ ექსპლუატაციასა და სხეულის მრავალგვარობის შეზღუდვაზე, რათა ჩვენ და ჩვენმა შვილებმა შევძლოთ დავტკბეთ ჩვენი სხეულებით, სურვილებით, მადით, გარეგნობითა და სექსუალობით. ჩვენ სხეულებისთვის არ უნდა ვშრომობდეთ და არ უნდა ვაქციოთ ისინი კომერციული წარმოების ობიექტებად. ჩვენ შესაძლებლობა უნდა გვქონდეს, ჩვენი სხეულების განსხვავებულობა გამოვცადოთ; როგორც მოგვესურვება, ისე მოვრთოთ და გამოვაწყოთ ის, რადგან სწორედ ასე ვაქცევთ მას კუთვნილი სიამოვნებისა და ბედნიერების მიღების საშუალებად. ჩვენ გვჭირდება იმდენად მდგრადი სხეულები, რომლებიც ნეტარებისა და ბედნიერების მომენტების განცდის საშუალებას მოგვცემს მაშინ, როცა გულის სიღრმეში გვეცოდინება, რომ მოგვიანებით მათთან გამომშვიდობება მოგვიწევს.
კომენტარები