გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ქართველი დელეგატის წარდგენა რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მხარდაჭერით გამართულ კონგრესზე ბიუროსა და კომიტეტის მიერ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი მეგრელიძე გასულ წელს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ფარგლებში, ჰიდროლოგიის მრჩევლის პოზიციაზე იქნა არჩეული. ასევე, 2017 წლიდან 2026 წლამდე მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩევლის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2026 წლიდან გახდა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

"აღნიშნულ პოზიციაზე ირაკლი მეგრელიძის დანიშვნა მნიშვნელოვან აღიარებას წარმოადგენს, როგორც მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების, ისე საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო ჰიდრომეტეოროლოგიური თანამშრომლობის დონეზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ჰიდროლოგიის მიმართულებით საქმიანობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია WMO-ის როლი კლიმატის ცვლილების კვლევაში. ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემები და ანალიტიკური ინსტრუმენტები ეხმარება ქვეყნებს კლიმატური რისკების შეფასებასა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების დაგეგმვაში.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 30 წელია საქართველო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წევრია, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას იყოს ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში, მიიღოს თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები, ასევე, გააძლიეროს საკუთარი მეტეოროლოგიური სისტემა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის", — წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.