აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იტყობინება, 2026 წლის აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა.

კერძოდ, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
  • 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში — "ცნობარი აბიტურიენტებისთვის".

შეგახსენებთ, წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარგადალახულ, თუმცა კონკურსის გამო მიღმა დარჩენილ 1795 აბიტურიენტს ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 31 აგვისტოს გააკეთა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით, საგამონაკლისო წესით მიიღეს.

ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე პირველადი რეგისტრაცია სექტემბრის შუა რიცხვებში იყო შესაძლებელი.