სულ რაღაც ორ წელიწადში მეცნიერებმა ორი კუნძულიდან მსოფლიოს ყველაზე ინვაზიური კოღოების პოპულაცია პრაქტიკულად სრულად გააქრეს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

კოღოს ეს სახეობა, რომელიც აზიური ვეფხვის (Aedes albopictus) სახელით არის ცნობილი მრავალი ისეთი ინფექციური დაავადების (დენგეს ციებ-ცხელება, ზიკა, ჩიკუნგინია) გამავრცელებელია, რომელიც ყოველწლიურად გავლენას მილიონობით ადამიანზე ახდეს. ბუნებაში ამ კოღოს რაოდენობის გაკონტროლება კი განსაკუთრებით რთულია.

ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში Aedes albopictus აზიიდან ყველა დანარჩენ კონტინენტზე გავრცელდა (გარდა ანტარქტიდისა).

ახლა კი მეცნიერებმა კოღოების პოპულაციის კონტროლის ახალი მეთოდი გამოსცადეს, რომელმაც, შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს. ორი უკვე არსებული მეთოდის შერწყმით კუნძულებზე მეცნიერებმა Aedes albopictus-ის პოპულაცია 94 პროცენტით შეამცირეს. რამდენიმე შემთხვევაში კი 13 კვირის განმავლობაში მკვლევარებმა კუნძულზე ერთი ნაყოფიერი კვერცხის პოვნაც კი ვერ მოახერხეს.

კოღოების გასანადგურებლად მეცნიერებმა რადიაცია და Wolbachia-ს გვარის შტამის ბაქტერია გამოიყენა. რადიაცია კოღოებს სტერილურს ხდიდა, Wolbachia კი კოღოს კვერცხებს გამოჩეკვის საშუალებას არ აძლევდა. როგორც აღმოჩნდა, ამ ორი მეთოდის ერთროულად გამოყენება ყველაზე ეფექტურია.

მხოლოდ რადიაციაზე დაფუძნებული მეთოდი შემდეგნაირად მუშაობს: მეცნიერები სტერილურ კოღოებს მდედრებთან (რომლებიც მხოლოდ ერთხელ ჯვარდებიან) შესაჯვარებლად ბუნებაში უშვებენ, ამის შედეგად კი პოპულაცია შემცირებას იწყებს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ რადიაციული მამრები ბუნებაში მალე კვდებიან და ჯანსაღ მამრებს კონკურენციას სათანადოდ ვერ უწევენ.

მეთოდები, რომლებშიც ბაქტერიებს იყენებენ ინდივიდუალური კოღოს მიმართ ნაკლებად საზიანოა, მაგრამ ასეთი მეთოდები მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ ბაქტერია მხოლოდ მამრს აქვს. თუ ეს ბაქტერიული ინფექცია მდედრსაც აქვს და მამრსაც, ისინი ჯანმრთელ შთამომავლობას გვაძლევენ.

ლაბორატორიაში მამრი და მდედრი კოღოების ერთმანეთისგან გარჩევა და განცალკევება კომპლექსური პროცესია. ამ დროსაც კი, Wolbachia-თი დაინფიცირებული მდედრი კოღოები ხშირად ლაბორატორიიდან იპარებიან, რაც შემდეგ წარმატების შანსებს ამცირებს.

გამოსავალი შემდეგნაირია: თუ კოღოებს Wolbachia-თი დავაინფიცირებთ, შემდეგ კი მათ რადიაციის დაბალი დოზით დავასხივებთ, ვიღებთ სტერილურ მდედრებს, რომლებიც ბუნებაში მოხვედრისას მამრებთან ვერ გამრავლდებიან. ამასთან ერთად, ვიღებთ მამრებს, რომლებსაც გამრავლების უნარი კვლავ შერჩენილი აქვთ.

ეს ყველაფერი თეორიულად გამართულად ჟღერს, ახლა კი გაირკვა, რომ ეს მიდგომა პრაქტიკაშიც ამართლებს. ასეთი მეთოდის გამოყენებისას ლაბორატორიაში კოღოების სქესის გარჩევის საკითხიც აღარ დგას, რაც მთლიანობაში მეტი კოღოს სწრაფად დამუშავების საშუალებას იძლევა.

მეცნიერებმა ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც დენგის ციებ-ცხელების შემთხვევები ყველაზე გავრცელებული იყო, ლაბორატორიაში მიღებული ორასი მილიონი კოღო გამოათავისუფლეს. კოღოების გაშვებიდან ორ წელიწადში კი აღმოაჩინეს, რომ ადგილობრივებში კოღოების ნაკბენების რაოდენობა 97 პროცენტით შემცირდა. ასევე 88 პროენტით შემცირდა ხაფანგებში დაჭერილი მდედრი ველური კოღოების რაოდენობაც.

დარჩენილი კოღოების მცირე რაოდენობა კი, კუნძულზე, დიდი ალბათობით სხვა რეგიონიდან მოხვდა. ამის გამო კოღოები კუნძულზე, შესაძლოა, თავიდან გამრავლდნენ. თუმცა მნიშვნელოვანი ისაა, რომ თუ ამ მეთოდს მასშტაბურად გამოვიყენებთ, შესაძლოა, მივიღოთ რეგიონები, სადაც Aedes albopictus და მათ მიერ გადატანილი დაავადებები თითქმის სრულად გაქრება.

"ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ ამ მეთოდის გამოყენება ერთ ჰექტარზე წელიწადში დაახლოებით $108 დაჯდება. რაც სხვა მსგავს მეთოდებთან შედარებით საკმაოდ რენტაბელურია", — აცხადებს მიჩიგანის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი და მოლეკულური გენეტიკის პროფესორი ჟიუნგ სი.