ყოველი წლის აპრილში მილანს მსოფლიოს ტოპ ბრენდების, არქიტექტორებისა და დიზაინერების უახლესი ინსტალაციებისა და ნამუშევრების სანახავად ათასობით ადამიანი სტუმრობს. გამონაკლისი არც 2019 წელი იყო. წელს იტალიაში Salone del Mobile.Milano 58-ედ ჩატარდა და საგამოფენო სივრცე 205 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გადაჭიმული.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

ექვსი დღის განმავლობაში გამოფენას 181 სხვადასხვა ქვეყნიდან 386 236 ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო ქართული დელეგაციაც, რომელშიც იტალიური ავეჯის სახლის, Castello-ს დიზაინერებიც შედიოდნენ.

"იტალია კასტელოს მშობლიური ქვეყანაა. მსგავსი ღონისძიებები დიზაინერებისა და ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისათვის მსოფლიო ტენდენციების გასაცნობად და ახალი იდეების მისაღებად საუკეთესო საშუალებაა. გვინდა, რომ არაფერი გამოგვრჩეს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მრავალ მსგავს ღონისძიებაზე დასწრება და ისეთი ბრენდებისა და პროდუქტების ამოცნობაა, რომლებიც ქართულ ბაზარზე პოპულარობას მოიპოვებს", - აცხადებს კასტელოს არტ-დირექტორი სალომე მამრიკიშვილი, რომელიც Salone del Mobile.Milano-ს ესტუმრა.

Salone de Mobile-ზე წარმოდგენილ ნამუშევრებს სულ რამდენიმე თვეში ყველგან ნახავთ, სწორედ აქ დგინდება ის ტენდენციები და ესთეტიკა, რომელიც საგამოფენო სივრციდან სახლებსა და ოფისებში ინაცვლებს.

წელს გამოფენა, ტრადიციულად, რამდენიმე სივრცედ იყო დაყოფილი:

Salone Internazionale del Mobile

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

ეს გამოფენა სამი ძირითადი სტილის კატეგორიად იყოფა, პირველია კლასიკური, რომელიც ამ უკანასკნელი სტილის ავეჯისა და აქსესუარების შესაქმნელად მრავალწლიან ტრადიციას ეყრდნობა.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

მეორე კატეგორიაა დიზაინი: ეს ის პროდუქტებია, რომლებიც დატვირთულია ფუნქციონალურობით, ინოვაციითა და განსაკუთრებული, დამახასიათებელი სტილით. მესამე კატეგორიაა xLux, რომელიც თანამედროვე თვალით დანახულ დახვეწილ დიზაინს ასახავს.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

S.Project

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

გზა და მეთოდი, რომლითაც შიდა ინტერიერი იქმნება, მუდმივ ევოლუციას განიცდის, S.Project, რომელიც Salone del Mobile-ზე წელს პირველად გამოჩნდა, ვიზიტორებს სფეროს 360-გრადუსიან პერსპექტივას სთავაზობს .

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

მთავარი, რაც S.Project-ს გამოარჩევს, მისი მულტისექტორული გადაწყვეტაა: ეს არის სივრცე, სადაც ერთად არის განთავსებული თავის მოვლის პროდუქტები, ინტერიერის ელემენტები, ქსოვილები, განათება თუ აკუსტიკური საშუალებები. შესაბამისად, ყველა ნივთისა თუ დეტალის აღქმა კონტექსტის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ცნობილი იტალიური ბრენდის, Twils-ის კუთხემაც, რომლის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში ავეჯის სახლი Castello-ა.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

დღეს ინტერიერის დიზაინი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დეკორაციებისა და ფერების ერთობლიობა. ახლა ინტერიერის დიზაინის მხოლოდ ესთეტიკას აღარ ეხება, არამედ ის მოიცავს სივრცის ეფექტურად, რაციონალურად და ნაყოფიერად მოწყობას. მარტივად რომ ვთქვათ, ინტერიერის დიზაინი ერთგვარი სულია, რომელიც ნებისმიერ შენობასა თუ სივრცეს სიცოცხლეს სძენს.

ადამიანები სიცოცხლის ძალიან დიდ ნაწილს სწორედ სახლში ვატარებთ, ხოლო ისეთ სივრცეში ყოფნას, რომელიც ჩვენს სურვილებსა და ინტერესებს პასუხობს, ჩვენს ცხოვრებაზე რადიკალური გავლენის მოხდენა შეუძლია.

Euroluce

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

Euroluce, ანუ განათების საერთაშორისო გამოფენა 1976 წლის შემდეგ ყოველწლიურად იმართება. ის წარმოგვიდგენს ინტერიერისა და ექსტერიერისათვის განკუთვნილ ყველაზე ინოვაციურ და შთამბეჭდავ განათებებს.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

წელს გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ღონისძიებებისა და შოუებისათვის, ისევე როგორც კონკრეტული ტიპის დაწესებულებებისათვის განკუთვნილი განათებები.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

განათებას აქვს უნარი, რომ ოთახის ატმოსფერო და ხასიათი სრულად შეცვალოს, გარდა ამისა, მისი საშუალებით შეგიძლიათ სივრცის გარკვეული ელემენტები უფრო გამოკვეთოთ, ან შეუმჩნეველი გახადოთ. განათებით ამ თუ იმ სივრცის უფრო დიდად, ან პატარად წარმოჩენა შეიძლება. სწორი განათების გამოყენებით შეგიძლიათ ოთახი ერთ მთლიანობად აქციოთ, რომელშიც სტილი და ფუნქციონალურობა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

Workplace3.0

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

Workplace3.0 არის ადგილი, სადაც სამუშაო სივრცეებში მოსალოდნელ ცვლილებებსა და სიახლეებს შეხვდებით. ეს გამოფენა სათავეს 2015 წელს იწყებს და ის სამუშაო სივრცეებში ტექნოლოგიისა და დიზაინის შერწყმას ეთმობა. Workplace3.0 ეძღვნება მომავლის სამუშაო სივრცეებს, რომელშიც ადამიანური ფაქტორი და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთმანეთში მჭიდროდაა გადაჯაჭვული.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

მსოფლიოში მუდმივად იქმნება ახალი ტიპის სამსახურები, ახალი მიდგომები კი ახალ სამუშაო სივრცეებს მოითხოვს. Workplace3.0 სწორედ ის ადგილია, სადაც ამ ცვლილებებისა და სიახლეების გაანალიზება, შემდეგ კი თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ შესაბამისი პროდუქტების შექმნა და წარდგენა ხდება.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

წელს Workplace3.0-ის ფარგლებში საოფისე და სამუშაო სივრცეების მრავალი სხვადასხვა დიზაინი იყო წარმოდგენილი. ჯამში გამოფენაში მონაწილეობა 53-მა სხვადასხვა კომპანიამ მიიღო. წელს Workplace3.0-ის მთავარი პრინციპი "თხევადი სივრცე" იყო, ანუ სწრაფად ცვალებადი სამუშაო გარემო, რომელიც მუდმივად დინამიურია.

ჩვენი სამუშაო გარემო დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად პროდუქტიულები და ბედნიერები ვიქნებით სამსახურში. კარგად გათვლილი სამუშაო სივრცე ამა თუ იმ ბიზნესისა და კომპანიის წარმატებისათვის შესაძლოა ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორიც იყოს.

დიზაინი კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, მისი საშუალებით ადამიანებზე მრავალი სხვადასხვა შთაბეჭდილების მოხდენა შეიძლება. ბიზნესის მფლობელებმა ეს ფაქტორი მუდმივად უნდა გაითვალისწინონ.

ავეჯისა და აქსესუარების მსოფლიო გამოფენა

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

მას შემდეგ, რაც 1989 წელს პირველად გაიმართა, ავეჯისა და აქსესუარების მსოფლიო გამოფენა ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. აქ შეხვდებით დეკორატიულ ნივთებს, აქსესუარებს, ქსოვილებს და სახლისათვის განკუთვნილ ატრიბუტებს.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

წელს გამოფენაში 200-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

ინდივიდუალურად, თითოეული აქსესუარი საკუთარ სათქმელს ამბობს. თუმცა, როდესაც ასეთი აქსესუარები საერთო სივრცეში თავსდება, ისინი ხშირად ახალ შინაარსს იძენენ და ოთახსა თუ სახლს უნიკალურ ელფერს აძლევენ. ავეჯს არც მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვს და არც მხოლოდ - ვიზუალური. ის შეიძლება ისევე იქცეს თვითგამოხატვის ფორმად, როგორც - სამოსი.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

ნეიროესთეტიკა

ფოტოზე ნეიროესთეტიკის პრინციპებით შექმნილ პირველ ოთახს ხედავთ, რომელშიც "თბილი" და უსაფრთხო გარემოა შექმნილი.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

წელს Salone del Mobile-ზე Google-იც გამოჩნდა. კომპანიამ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დახმარებით ნეიროესთეტიკის პრინციპებზე დაფუძნებული ინსტალაციები წარმოადგინა.

ნეიროესთეტიკა შეისწავლის, თუ რა გავლენას ახდენს ვიზუალური ესთეტიკა ჩვენს ტვინსა და ფსიქოლოგიაზე. Google-ის მიერ წარმოდგენილი სივრცეები სინათლის, სუნის, ხმისა და ტექსტურების ცვლილებით ვიზიტორებში სხვადასხვა ემოციის აღძვრას ემსახურებოდა.

სტუმრებს სპეციალურა დამზადებულ სამაჯურებს ურიგებდნენ, შემდეგ კი ოთახების დასათვალიერებლად უშვებდნენ, ამ დროს სამაჯური მათი სხეულის სხვადასხვა მახასიათებლებს, მაგალითად, გულისცემასა და კანის ტემპერატურას ზომავდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კი ანალიზდებოდა თითოეული ადამიანის გამოცდილება, ხოლო გამოფენიდან გამოსვლისას თითოეულ ადამიანს გადაეცემოდა დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელ ოთახში გრძნობდნენ ისინი თავს ყველაზე მშვიდად და კომფორტულად.

ქვემოთ Google-ის მეორე ოთახია მოცემული, რომელმაც გართობის ხასიათზე უნდა დაგაყენოთ.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

გუგლის მიზანი იმის ილუსტრირება იყო, თუ როგორი დადებითი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს გარკვეულმა დიზაინმა ჩვენს ფსიქიკაზე.

"გარემო, რომელსაც თქვენ ირჩევთ, თქვენ რეალურად გცვლით. ნეირომეცნიერების დახმარებით, ეს აზრი უფრო და უფრო მტკიცდება. მილანში უამრავი დიზაინერია. ამ ინსტალაციის მიზანია ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროსგან შორს არიან, დაანახოს, თუ რას აკეთებენ დიზაინერები და აუხსნას, რომ ეს მნიშვნელოვანია", - აცხადებს მოწყობილობების დიზაინის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი აივი როსი.

მესამე ოთახი კი უფრო დახვეწილია, მასში ჭარბობს ლითონის, ხისა და ტყავის ტონები. მას მინიმალისტური და ელეგანტური დიზაინი აქვს.

ფოტო: Courtesy Salone del Mobile.Milano

სამივე ოთახი ყოველდღიურ საცხოვრებელ სივრცეს ასახავს, იქნება ეს ლაუნჯის ტიპის ოთახი, თუ სასადილო, რათა დამთვალიერებლებმა აღიქვან, რომ მათ საკუთარ სახლში მარტივი ცვლილებებით მნიშვნელოვანი შედეგების მიღება შეუძლიათ.

"მას შემდეგ, რაც გაიაზრებ, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია შენზე არქიტექტურასა და დიზაინს, მიხვდები, რომ დიზაინი მხოლოდ სტატუსის სიმბოლო არ არის. შესაძლებელია შეცვალო გარემო ისე, რომ ის შენს საჭიროებებს მოარგო", - აცხადებს არქიტექტორი სუჩი რედი.

სამყაროში, სადაც უამრავ საათს ვატარებთ მხოლოდ ერთი საგნის, ეკრანის ყურებაში, ინტერიერის დიზაინს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აუცილებელია ჩვენი თავის შემოსაზღვრა ნივთებით, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნობინებს. სწორედ ეს არის Salone del Mobile.Milano-ს მთავარი იდეა, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერები საკუთარ უნიკალურ ენაზე მოგვითხრობენ.