მუსიკის მოსმენა შესაძლოა ტკივილს აყუჩებდეს და ანთებას ამცირებდეს
თაგვების უმეტესობა კლასიკურ მუსიკას არ უსმენს, მაგრამ ის თაგვები, რომლებიც ამას აკეთებენ, ტკივილისა და ანთებისგან ბევრად უფრო ნაკლებად იტანჯებიან.
კვლევა ჟურნალ Frontiers in Neurology-ში გამოქვეყნდა.
ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ექიმები პაციენტებისათვის სამკურნალოდ მუსიკის დანიშვნას დაიწყებენ, თუმცა ამით მეცნიერებმა შესაძლოა ტკივილთან გამკლავების ახალი მეთოდები შექმნან და ტკივილგამაყუჩებელი წამლების მოხმარების სიხშირე შეამცირონ.
იუტას უნივერსიტეტის მეცნიერები დაზიანებული თათების მქონე თაგვებს მოცარტის სამ სამსაათიან კომპოზიციას ასმენინებდნენ. 21-დღიანი ექსპერიმენტის შემდეგ თაგვები, რომლებიც მუსიკას უსმენდნენ, დაზიანებული თათებით წნევასა და მაღალ ტემპერატურას 77 პროცენტით უფრო დიდხანს უძლებდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მუსიკას არ უსმენდნენ.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მუსიკა გარკვეული მედიკამენტების ეფექტურობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა. მაგალითად, შესიების დასაცხრობად, მოცარტითა და იბუპროფენით მკურნალობისას, მხოლოდ იბუპროფენით მკურნალობასთან შედარებით, მეცნიერებმა 93 პროცენტით უფრო ეფექტური შედეგი მიიღეს. კანაბიდიოლი კი მუსიკასთან ერთად 21 პროცენტით უფრო ეფექტური იყო.
კვლევის ავტორი ზეგორზ ბულაი აცხადებს, რომ ტკივილგამაყუჩებლების დიდი ნაწილი ორგანიზმისათვის ტოქსიურია, მუსიკის გამოყენებით კი შესაძლებელია გამოსაყენებელი მედიკამენტის დოზა შემცირდეს, რაც ორგანიზმზე დადებით გავლენას მოახდენს.
მეცნიერები ვერ ამბობენ, თუ ზუსტად რა მექანიზმით მოქმედებს მუსიკა ორგანიზმზე, თუმცა წინამორბედი კვლევებით ცნობილია, რომ მუსიკა ჰორმონ კორტიზოლის კონცენტრაციას ამცირებს, რომელიც ანთების პროცესში იღებს მონაწილეობას. ასევე შემჩნეულია, რომ მუსიკა პრო-ანთებითი ცილების, ციტოკინების რეგულირებას აუმჯოესებს.
ავტორები აცხადებენ, რომ მათი გრძელვადიანი მიზანი იმის დადგენაა, თუ ტვინში ზუსტად რა ტიპის ელექტრულ აქტივობას წარმოქმნის მუსიკა, რომელიც ტკივილის შემცირებას იწვევს.
ავტორები ასევე აცხადებენ, რომ ამ მიზნისათვის ყველა ტიპის მუსიკა გამოსადეგი არ არის. მოცარტის მუსიკა ექსპერიმენტისათვის სპეციალურად შეირჩა, რადგან წინამორბედი კვლევა მიუთითებდა, რომ მისი მუსიკის განმეორებად სტრუქტურას ნერვულ სისტემაზე დადებითი გავლენა ჰქონდა.
კომენტარები