Model Y - მასკმა ტესლას ახალი SUV წარადგინა
ილონ მასკმა ტესლას ახალი სპორტული უნივერსალი (SUV), Model Y წარადგინა.
Model Y-ის ყველაზე ბიუჯეტური მოდელის ფასი $39 000-დან დაიწყება და მას ერთი დატენვით 370 კილომეტრის გავლა შეეძლება, თუმცა მომხმარებლებს ამ მოდელის მისაღებად მოცდა 2021 წლამდე მოუწევთ.
თავდაპირველად ტესლა Model Y-ის უფრო ძვირადღირებული, ძლიერი ელემენტების მქონე ვარიანტების გაყიდვას დაიწყებს, რომელთა ფასიც $47 000-დან $60 000-მდე მერყეობს. აღნიშნული მოდელები მზად 2020 წლიდან იქნება.
პრეზენტაციისას მასკმა განაცხადა, რომ მისი აზრით, Model Y-ის გაყიდვები Model 3-სა და Model X-ის ერთად აღებულ გაყიდვებს გადაასწრებს. Model Y-ის წარმოება 2020 წელს დაიწყება.
თუმცა, ახალი მოდელის შესახებ ბევრი დეტალი კვლავ უცნობია. მაგალითად, ჯერჯერობით არ ვიცით, თუ სად მოხდება მისი წარმოება, ან შეძლებს თუ არა ტესლა ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას. წინამორბედი განცხადებების მიხედვით, ტესლა ახალი მოდელის წარმოებას ნევადაში არსებულ "გიგაქარხანაში" დაიწყებს.
ტესლად Model 3-ის დაანონსებიდან მის შეპირებულ ფასად გაყიდვამდე სამი წელი დასჭირდა. Model Y-ის წარმოების განრიგი კი კიდევ უფრო მოკლე და ამბიციურია, ხოლო ტესლას დადგენილ ვადებში ჩაჯენის კარგი ისტორია არ აქვს.
"2018 წელი ხუთ წელიწადს უდრიდა. ეს გულწრფელად ძალიან რთული წელი იყო", - განაცხადა მასკმა.
34-წუთიანი პრეზენტაციიდან მასკმა ახალ SUV-ზე მხოლოდ ხუთი წუთი ისაუბრა, დანარჩენი დრო კი მან ტესლას უახლოესი წარსულის განხილვას მოანდომა.
მასკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოდელი SUV-ია, მისი მართვა სპორტული მანქანის მართვის მსგავსი გამოცდილება იქნება.
პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრეთა ნაწილმა სადემონსტრაციოდ მცირე დისტანციაზე Model Y-ით იმგზავრა, მათი თქმით, SUV დიდწილად Model 3-ს წააგავს, რაც გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტესლამ ახალი მოდელის ასაწყობად საჭირო ნაწილების 75 პროცენტი Model 3-დან აიღო.
კომენტარები