გაიცანით სხვა შუაღამის წამყვანების ბოლო, ყველაზე ახალგაზრდა ოთხეული
ალბათ, უკვე იცით, რომ მათთვის, ვინც შებინდებისთანავე საწოლისკენ არ მიიჩქარის, 25 მარტიდან რუსთავი 2-ის ეთერში ახალი გადაცემა, სხვა შუაღამე იწყება.
გადაცემა კვირაში 6-ჯერ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით გავა და 2 საათს გაგრძელდება. ამასთან ერთად, მას არა ერთი, არა ორი, არამედ 12 წამყვანი ეყოლება.
წამყვანები სამ ოთხეულად დაიყოფიან და თითოეული ოთხეული კვირის ორ კონკრეტულ დროს მოგვევლინება. პირველი რვა წამყვანი ჩვენთვის და On.ge-ის ერთგული მკითხველისთვის უკვე ცნობილია.
დღეს კი ბოლო ოთხეულსაც გაჩვენებთ, რომელიც გადაცემას პარასკევსა და შაბათს წაიყვანს.
ანა სუბელიანი
ანა სუბელიანი საზოგადოებამ სწორედ რუსთავი 2-ის ეთერით, 2008 წელს გაიცნო. ის მუსიკალური კონკურსის, ვარსკვლავების აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მონაწილე იყო. ამის შემდეგ ანამ გარკვეული დრო განათლებას დაუთმო, მოგვიანებით კი დანაშაულისა და პრევენციის ცენტრში დაიწყო მუშაობა, სადაც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობის პირობებში გაათავისუფლეს.
მან უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა და 5-წლიანი დავის შემდეგ, კომპენსაცია მიიღო.
პარალელურად, ანა წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი, რომელიც სკოლებში ბულინგის პრევენციისთვის იბრძვის.
ბოლო წლების განმავლობაში, ანა სამოქალაქო აქტივისტად ჩამოყალიბდა და აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა აქციებსა და ღონისძიებებში, თუმცა სიმღერისთვის თავი არასდროს დაუნებებია.
ანას ირანში მოგზაურობისას დავუკავშირდით.
"მიუხედავად იმისა, რომ წამყვანობა ახალი გამოცდილებაა ჩემთვის, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაცია მუდმივად მიწევდა. სხვადასხვა შესაძლებლობებით ვცდილობდი შევხებოდი იმ საკითხებს, რომლებზეც არ ლაპარაკობდნენ, ან შელამაზებულად ლაპარაკობენ. ჩარჩოების დამსხვრევა აუცილებელია, თუ არ ვილაპარაკებთ, პრობლემებს თუ არ დავინახავთ და გავუსწორებთ თვალს, წინ ვერ წავალთ", - ამბობს ის On.ge-სთან საუბრისას.
ანა ფიქრობს, რომ სხვა შუაღამე კარგი შესაძლებლობაა იმაზე საუბრისთვის, თუ როგორია ღამის ცხოვრება თბილისსა და მის გარეთ, რა აწუხებთ და აინტერესებთ ახალგაზრდებს მის გარშემო და ასე შემდეგ. გადაცემის მთავარი უპირატესობა კი მისთვის თავისუფლებაა:
"არავინ ერევა იმაში, თუ როგორ გამოვხატავ ჩემს აზრს. არავინ არ აკორექტირებს ჩემს შეხედულებებს. ამაზე დიდი კომფორტი რა შეიძლება იყოს?"
ლაშა ნაკაიძე
ლაშა რუსთავი 2-ის ტელესივრცეში უკვე 8 წელია ტრიალებს, თუმცა აქამდე უმეტესად კადრსმიღმა რჩებოდა. თავდაპირველად ის ოპერატორი იყო გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო და თავისი რუბრიკით საზოგადოებას საინტერესო ადამიანების აღმოჩენაში ეხმარებოდა.
ამჯერად ის საკუთარ თავს გაგვაცნობს გადაცემიდან სხვა შუაღამე.
"ვფიქრობ, დადგა დრო, ვილაპარაკოთ სიმართლე და რაც ყველაზე მთავარია, არ ვიყოთ ყალბები. მორალისტობას არ ვაპირებ. მომეცა შანსი ჩემი თაობის მტკინვეული, საინტერესო და საჭირო საკითხებზე ვილაპარაკო ხმამაღლა", - ამბობს ის On.ge-სთან საუბრისას.
ლაშას სურს, ადამიანებს სტიმული მისცეს, ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტად ჩაერთონ. საინტერესო სტუმრებისთვის პლატფორმის დათმობას კი რუსთავი 2-ის ახალ გადაცემაშიც აპირებს:
"მინდა ვიყო ახალგაზრდების ხმა ტელესივრცეში. ჩვენი ოთხეული ორიენტირებული იქნება საინტერესო ადამიანების გაცნობაზე. ძალიან კარგი შანსი მოგვცა ტელევიზიამ, დაგვითმო ეთერი იმ თემებზე სასაუბროდ, რაც რეალურად გვაწუხებს. ტაბუდადებულ თემებსაც შევეხებით".
მაკო კვიტაიშვილი
მაკო კვიტაიშვილს რუსთავი 2-ის მაყურებელი გადაცემა სხვა შუადღის ეთერიდან იცნობს. სხვა შუაღამე კი მისთვის ახალი გამოწვევაა:
"ყველა გავნსხვავდებით ერთმანეთისგან, სხვადასხვა რამეები მოგვწონს და ზუსტად ეგ იქნება საინტერესო", - ამბობს მაკო.
აქამდე, მაკო პარასკევსა და შაბათს ძირითადად მეგობრებთან ერთად ატარებდა. თუმცა, მისი თქმით, დასვენების საათების დათმობა არ გაუჭირდება. ის მაყურებელს საინტერესო და გულწრფელ ეთერს ჰპირდება:
"ახლა დროა, ღამის ცხოვრება დავთმო და მეც ვილაპარაკო რაღაცებზე. მინდა მაყურებელს გავაცნო საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ვარ. ვპირდები, რომ არ ვითამაშებ და ვფიქრობ, ბევრად საინტერესო იქნება ასეთი მაკო კვიტაიშვილის ნახვა სხვა შუაღამეში".
შოთა დიმიტრიშვილი
შოთა დიმიტრიშვილს მაყურებელი რუსთავი 2-ის დილის გადაცემიდან იცნობს. მისი სიუჟეტები გადის კვირის შუადღის რუბრიკაში, სახელად ჩემი დასავლური გამოცდილება.
როგორც წამყვანების სხვა ნაწილისთვის, პარასკევისა და შაბათის საღამო მისთვის დასვენების წმინდა რიტუალის ნაწილი იყო, და იმის მიუხედავად, რომ "ძველებურად ხეირიანად" ვეღარ დაისვენებს, ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"რაც სიახლეა, ყველაფერი საინტერესოა", - ამბობს ის სხვა შუაღამის შესახებ.
"მაყურებელი ჩემს ოთხეულს პარასკევსა და შაბათს იხილავს. არის საკითხები, რაზეც ოთხივეს სხვადასხვა შეხედულება გვაქვს, ასე რომ, ერთ საკითხზე აუდიტორიამ, შესაძლოა, მინიმუმ ოთხი აზრი მოისმინოს და აირჩიოს. ამიტომ, ვფიქრობ რომ სხვა შუაღამე საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება".
პირდაპირ ეთერში გადაცემის წაყვანა ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა, ამას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს.
"არ გვაქვს დაწერილი ტექსტი, გვაქვს თავისუფლება, რომ გამოვხატოთ ჩვენი სუბიექტური აზრი და არ დავიცვათ ის მოთხოვნა, რომ ჟურნალისტებმა ჩვენი აზრი არ უნდა გავაჟღეროთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს გადაცემა მაყურებლისთვის მიმზიდველად ვაქციოთ. ასეთი გადაცემა ალბათ არ ყოფილა ტელესივრცეში. სხვა შუაღამე იქნება შემეცნებითიც, გასართობიც, საინტერესოც და, რიგ შემთხვევებში, კრიტიკულიც", - ამბობს შოთა.
ანა სუბელიანს, ლაშა ნაკაიძეს, მაკო კვიტაიშვილსა და შოთა დიმიტრიშვილს მაყურებელი ეთერში ყოველი კვირის ბოლოს იხილავს.
კომენტარები