ადამიანების დიდმა ნაწილმა კვლავ არ იცის, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არარსებული ადამიანების გენერირება ახლა ისეთი მარტივია, როგორც არასდროს. ამაში დასარწმუნებლად კი შეგიძლიათ ახლადშექმნილ ვებგვერდს ეწვიოთ.

ThisPersonDoesNotExist.com ინჟინერ-პროგრამისტის, ფილიპ ვანის შექმნილი ვებგვერდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ Nvidia-ს მიერ გამოქვეყნებული ხელოვნური ინტელექტის სპეციალურ ალგორითმს ეყრდნობა.

ყალბი სურათების უკან მდგომი ალგორითმი ადამიანების ფოტოების უზარმაზარ მონაცემთა ბაზას აანალიზებს, შემდეგ კი სპეციფიკური ნეირული ქსელის (GAN) გამოყენებით ახალ, უნიკალურ ყალბ სურათებს ქმნის, რომლებსაც ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ.

"ვებგვერდზე შესვლისას სისტემის ალგორითმი ახალ, უნიკალურ სურათს აგენერირებს. ადამიანების უმეტესობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად კარგად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს რეალური სურათების შექმნა", - აცხადებს ვანი.

ალგორითმის უკან მდგარი მთავარი მექანიზმი თავდაპირველად მეცნიერმა იან გუდფელოუმ შექმნა. ალგორითმის Nvidia-ს მიერ შემუშავებულ ვერსიას კი StyleGAN ეწოდება და ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დეკემბერში გახდა. ალგორითმის აღნიშნული ვერსია ადამიანების სახეების გენერირებისთვის არის შექმნილი, თუმცა, თეორიულად მას ყალბი სურათების გენერირებისათვის ნებისმიერი სხვა წყაროს გამოყენებაც შეუძლია. მეცნიერებმა აღნიშნული ალგორითმით ანიმეს პერსონაჟების შექმნაც ცადეს, ისევე როგორც ფონტებისა და გრაფიტის.

მსგავსი ალგორითმები მრავალ კითხვას აჩენს. ერთის მხრივ, ასეთი სისტემების გამოყენება კრეატიული კუთხით ძალიან მომგებიანი შეიძლება იყოს, ალგორითმით უსასრულო რაოდენობისა და მრავალფეროვნების ვირტუალური სამყაროების შექნა შეიძლება, ისევე როგორც ნახატებისა და ილუსტრაციების. თუმცა ამ ალგორითმის არსებობას უარყოფითი მხარეებიც აქვს. რეალისტური ყალბი სურათების ასე მარტივად შექმნის შესაძლებლობას საზოგადოებაზე დიდი გავლენა ექნება. დაინტერესებულმა პირებმა კი ის შესაძლოა პოლიტიკური მიზნებისა და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენონ.