15 თებერვალს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, სადაც განხილული იქნება კუჭის და ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. სპეციალურად ამ კონფერენციისთვის ქუთაისს ეწვევიან ლუქსემბურგის და ბელგიის წამყვანი სამედიცინო ცენტრის და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) ლიდერი ონკოლოგები: შტეფან რაუჰი და გაი იერუსალემ.

კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან მოწვეული ონკოლოგები, ზოგადი ქირურგები, სხივური თერაპევტები და მამოლოგები დაესწრებიან. შეხვედრაზე ქართველი ონკოლოგების მხრიდან წარმოდგენილი იქნება რვა კლინიკური შემთხვევა და უცხოელი კოლეგების ჩართულობით მოხდება თითოეული რთული სამედიცინო შემთხვევის განხილვა.

კონფერენციის ორგანიზატორია ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი, სადაც პაციენტები მკურნალობის კურსს ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადიან.