როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
ფოტო: თიბისი
ერთი ადამიანი მაინც გეყოლებათ სანაცნობოში, რომელსაც თიბისის ონლაინგანათლების უფასო პროგრამები გაუვლია. თიბისის ტექსკოლამ, კამპუსმა და IT აკადემიამ უკვე 11 ათასზე მეტი ადამიანი გადაამზადა, ზოგი — როგორც, მაგალითად, ამ სტატიის ერთ-ერთი გმირი — დაასაქმა კიდეც, ზოგს კი ამის მნიშვნელოვანი წინაპირობა შეუქმნა.
On.ge-დან სამივე საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს გავესაუბრე. განსხვავებული ასაკისა და ცოდნის სამი ადამიანი — გაბრიელ შერმადინი, ნუცა არაბული და ნათია საღლიანი — მოგვიყვება თავის ამბავს, კურსის შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებს და ონლაინ სწავლის სპეციფიკას შეეხება, პარალელურად კი თიბისის კურსებზეც მოგაწვდით ინფორმაციას — ვინ იცის, იქნებ კითხვის პროცესში სწორი ადგილიც გაპოვნინოთ სწავლისთვის.
გაბრიელ შერმადინის ამბავი — თიბისი ტექსკოლა
გაბრიელი წეროვნიდან არის. სულ რაღაც 17 წლისაა და უკვე 2 წელია, პროგრამირების სფეროში აქტიურად არის ჩართული. თავიდან სხვა დაწესებულებაში სწავლობდა Full-stack დეველოპმენტს, შემდეგ კი ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად უკვე თიბისი ტექსკოლა აღმოაჩინა.
"რადგან ამ სფეროში ყოველდღიურად რაღაც ახალი ჩნდება, ჩემთვის სწავლის პროცესიც უწყვეტია", — მითხრა მან.
ტექსკოლაში უკვე არაერთი კურსი გაიარა: მობილური აპლიკაციების შექმნასაც შეეხო, UI/UX დიზაინსაც და Python-ით პროგრამირების კურსსაც. მისივე თქმით, "თითქმის არცერთ ნაკადს არ ტოვებს და მუდმივად ცდილობს ახალი მიმართულებების ათვისებას". მეტიც, მან თიბისის ელჩების ახალი პროგრამაც გაიარა და ცოდნას უკვე თანატოლებს უზიარებს.
თიბისი ტექსკოლის შესახებ თავიდან მეგობრისგან შეიტყო და იმ ფაქტმა მიიზიდა, რომ კურსები სრულიად უფასო იყო და ონლაინ ფორმატში ტარდებოდა.
"ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი სწორედ ეს ხელმისაწვდომობა და საინტერესო პროგრამა აღმოჩნდა", — თქვა გაბრიელმა.
რეგიონში მცხოვრები მოსწავლისთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა — გარდა იმისა, რომ კურსზე დასწრება სწავლისთვის უნდა შეეთავსებინა, მსგავს კურსებზე წვდომა ისედაც იშვიათად აქვს, რადგან უმეტესობა თბილისში, ფიზიკურ სივრცეში, ტარდება.
"ონლაინ ფორმატი ჩემთვის საოცრად მოსახერხებელი აღმოჩნდა, რადგან იდეალურად ჯდებოდა ჩემს ყოველდღიურ განრიგში. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა, გაკვეთილები იყო ძალიან დინამიკური, სახალისო და ინტერაქციული", — მითხრა გაბრიელმა — "რეგიონში ფიზიკურ სივრცეში გამართულ ტექკურსებზე წვდომა შეზღუდულია, რის გამოც ონლაინ განათლებას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს".
გაბრიელი ტექსკოლასა და ფორმალურ განათლებას შორის არსებულ განსხვავებებზეც მესაუბრა. მისთვის სწავლა უფრო სწავლისთვის იყო, ვიდრე ნიშნებისთვის ან რაიმე გარეგანი წნეხისთვის.
"ტექსკოლაში არ ვფასდებოდით ნიშნებით, რის გამოც აკადემიური წნეხი პრაქტიკულად არ არსებობდა. არ ვსწავლობდით იძულებით", — თქვა გაბრიელმა — "აქცენტი კეთდებოდა პრაქტიკულ აზროვნებაზე, მოტივაციასა და იმაზე, რომ თითოეულ სტუდენტს საკუთარი პოტენციალი და ნიჭი მაქსიმალურად გამოევლინა".
გარემოც ესიამოვნა, ლექტორები კოლაბორაციულ გარემოს ქმნიდნენო, მითხრა. ყველაზე მეტად ჯგუფელებთან ურთიერთობა და ის აზარტი დაამახსოვრდა, რომელსაც დავალებების შესრულებისას პრობლემების გადაჭრის პროცესი ანიჭებდა.
როგორც უკვე გითხარით, გაბრიელმა უკვე არაერთი კურსი გაიარა და იმასაც მიხვდებოდით, რომ მოლოდინები არ უცრუვდება ხოლმე — მითხრა, ზუსტად ისეთი საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდიო. სფეროთი იმდენად დაინტერესდა, რომ სასწავლო გეგმებიც შეცვალა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან IT კოლეჯში გადავიდა. ამჟამად ქსელის ადმინისტრირებასა და უზრუნველყოფას სწავლობს, პარალელურად კი სასკოლო პროგრამასაც გადის, რომ ატესტატი აიღოს და თავისი მიმართულებით განაგრძოს სწავლა.
ნუცა არაბულის ამბავი — თიბისი კამპუსი
ნუცა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ESM-ზე, სწავლობს და ვერ დაუჯერებია, რომ უკვე მეოთხე კურსის სტუდენტია. თიბისი კამპუსზე უნივერსიტეტში, თანატოლებისგან, გაიგო და კურსი — მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება — შარშან გაზაფხულზე გაიარა. არაფორმალურ განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მსგავს პროგრამებშიც ხშირად ერთვება, თუმცა თიბისი კამპუსი რაღაცით მაინც გამოარჩია:
"კამპუსამდეც მქონდა გავლილი გარკვეული კურსები, თუმცა ზოგის ფორმატი ცოტა მოსაწყენი იყო ჩემთვის — წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები, თვითნებური ქვიზები და ა. შ. მესმის, რომ ეს გამართლებული პრაქტიკაა და გლობალურ კურსებს სხვანაირად ვერ ჩაატარებენ, თუმცა თიბისი კამპუსში სწორედ ფორმატმა მიმიზიდა: შეხვედრები ტარდებოდა ონლაინ, მაგრამ ამის მიუხედავად, იყო სრულიად ინტერაქციული", — მითხრა მან — "საინტერესო სილაბუსთან ერთად, სწორედ ამ ცოცხალმა, ინტერაქციულმა ფორმატმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემს არჩევანში".
კურსის ძირითადი თემა წარმატებული სტარტაპის შექმნას ეხებოდა. მანამდე უნივერსიტეტში უმუშავია მსგავს პროექტზე და პროცესი იმდენად მოეწონა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რეალურადაც მოუნდა ამ ყველაფრის გამოცდა. შემდეგ უკვე თიბისი კამპუსი გამოჩნდა და ცოდნის გაღრმავების საშუალებაც მიეცა, თანაც პირადი გამოცდილების გაზიარების საფუძველზეც.
"კურსი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი რამ გავიგე სტარტაპერობაზე და მის უხილავ, რთულ მხარეებზე", — მითხრა ნუცამ — "მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩვენი ლექტორი, თორნიკე [ჩხაიძე], თავად არის არაერთი პროექტის დამფუძნებელი და საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი სტარტაპერობა. ამან შეხვედრები კიდევ უფრო ღირებული გახადა: მშრალი თეორიების ნაცვლად, ის გვიზიარებდა რეალურ გამოცდილებას და გვანახებდა იმას, რაც სინამდვილეში ხდება 100-იდან 99 სტარტაპერის შემთხვევაში".
ნუცას სწავლა ონლაინ პირველად მე-9 კლასში მოუწია, როცა კოვიდპანდემია დაიწყო. კამპუსში სწავლა ბევრად კომფორტულად ახსენდება:
"თუ სკოლის პერიოდში ეს პირველი გამოცდილება იყო და მასწავლებლებსაც უჭირდათ, კამპუსის შემთხვევაში მსგავსი პრობლემა საერთოდ არ ყოფილა. არც სტუდენტების მხრიდან ყოფილა "კამერის წინ გაშეშება" ან ინტერნეტის მიზეზით თავის არიდება. ლექტორიც სრულყოფილად ფლობდა ფორმატს და ისეთ ციფრულ ინსტრუმენტებს იყენებდა, რომლებიც მანამდე არ ვიცოდი და ახლაც აქტიურად ვიყენებ", — გაიხსენა ნუცამ.
როგორც აქტიური სტუდენტისთვის, ნუცასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კურსისა და უნივერსიტეტის ლექციები ერთმანეთს არ დამთხვეოდა. კამპუსის ფორმატის მთავარი უპირატესობა დროის დაზოგვა იყოო, მითხრა — ფიზიკურ სივრცეში რომ დასჭირვებოდა წასვლა, ალბათ, ვერც მოასწრებდა ამას.
"ხანდახან კამპუსის ლექცია იწყებოდა ზუსტად მაშინ, როცა უნივერსიტეტის ლექცია მიმთავრდებოდა. ასეთ დროს ფიზიკურად ვერსად წასვლას ვერ მოვასწრებდი, ონლაინ ფორმატით კი პრობლემა მარტივად გვარდებოდა. შევდიოდი ცარიელ აუდიტორიაში და მშვიდად ვესწრებოდი შეხვედრას. თბილისის საცობებისა და გადაადგილების ფონზე, ჩემთვის, როგორც აქტიური სტუდენტისთვის, ეს ძალიან დიდი შეღავათი იყო", — მომიყვა ნუცა — "გარდა ამისა, ონლაინ ინსტრუმენტები პროცესსა და გუნდურ მუშაობას ბევრად უფრო სახალისოსა და ეფექტიანს ხდიდა".
ნუცა რუსთავიდანაა. როგორც მითხრა, კამპუსის მსგავსად მასშტაბური კურსები, რომლებიც უმეტესად თბილისში ტარდება, ფიზიკურ ფორმატში, ადგილობრივად ხელმისაწვდომი არაა.
"რუსთავი შედარებით ახლოსაა დედაქალაქთან და წასვლა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ეს საკმაოდ დიდ ბარიერს ქმნის", — ამიხსნა ნუცამ — "ბევრისგან მომისმენია გულის წყვეტა, როცა კონკრეტული კურსი აინტერესებთ, თუმცა მხოლოდ თბილისში ჩატარების გამო ვერ ახერხებენ დასწრებას. სწორედ ამიტომ არის ონლაინ ფორმატი ასეთი მნიშვნელოვანი. ის თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს ყველას, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად".
ნათია საღლიანის ამბავი — IT აკადემია
ნათია უკვე 3 თვეა, თიბისიში Front-end დეველოპერის პოზიციაზე მუშაობს. სამსახური თიბისი IT აკადემიის კურსის გავლის შემდეგ შესთავაზეს:
"კურსის დასრულებიდან მალევე დავიწყე სტაჟირება ერთ-ერთ კომპანიაში. სტაჟირების დაწყებიდან ერთ თვეში თიბისიმ Front-end დეველოპერის პოზიცია შემომთავაზა და დავთანხმდი, რადგან სწორედ ამ კომპანიაში დასაქმება იყო ჩემი დიდი სურვილი და მიზანი".
ნათიამ უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით ისწავლა, შემდეგ კი ტექნოლოგიებით დაინტერესდა. IT აკადემიის Front-end დეველოპმენტის კურსზე 2025 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა — პროგრამას ამავე აკადემიის კურსდამთავრებული უწევდა რეკომენდაციას და ნათიას ყურადღებაც მაშინვე მიიპყრო.
დასაქმების პერსპექტივამ და პროგრამის ინტენსივობამ განსაკუთრებით მიიზიდა. მოლოდინები არ გასცრუებია, პირიქით, თიბისი IT აკადემია სწორი ადგილი აღმოჩნდა სწავლისთვის და ღირებული პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინა:
"სასწავლო გარემო მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალურ სამუშაო გარემოსთან. მოლოდინი მქონდა, რომ ბევრს ვისწავლიდი, მაგრამ სინამდვილეში იმაზე ბევრად მეტი გამოცდილება მივიღე, ვიდრე წარმოვიდგენდი", — მითხრა ნათიამ — "თიბისი IT აკადემია ზრუნავს იმაზე, რომ მისი კურსდამთავრებულები ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები იყვნენ — და ეს ნამდვილად ასეა".
ჩემთან საუბრისას ნათიამ ამის კონკრეტული მაგალითიც გაიხსენა:
"15-მა სტუდენტმა ერთობლივი ძალებით შევქმენით ვებ-ბანკინგის აპლიკაცია", — გაიხსენა ნათიამ — "მე DRI ვიყავი და პასუხისმგებელი ვიყავი ჩემი გუნდის შესრულებული დავალებების ხარისხსა და დედლაინებზე. ეს ჩემთვის ერთდროულად ყველაზე რთული და საუკეთესო გამოცდილება იყო, რადგან ამ პასუხისმგებლობამ როგორც ტექნიკური, ისე რბილი უნარები გამომიმუშავა".
ნათია წალკიდან არის. ამჟამად თბილისში ცხოვრობს და ფიზიკურ ფორმატშიც შეძლებდა მონაწილეობის მიღებას. ონლაინფორმატი მაინც ძალიან დააფასა:
"კურსის ინტენსიურობიდან გამომდინარე, ყოველი წუთი ძვირფასი იყო და ონლაინ ფორმატი ბევრ დროს ზოგავდა, რომელსაც სწავლას ვახმარდი", — მითხრა მან.
ეს ლოკაციის დაბრკოლებას აქრობს და, ნათიას აზრით, განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობაა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ სფეროში ხარისხიანი განათლების მიღება სურთ.
"სამწუხაროდ, ჩემი სკოლის პერიოდში წალკაში მსგავსი კურსები ხელმისაწვდომი არ იყო და ზოგადად ამ სფეროზე ბევრი არაფერი ვიცოდი", — თქვა ნათიამ — "ონლაინ პროგრამები რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თბილისში ფიზიკურად სიარული დროისა და ხარჯების გამო რთულია".
გაბრიელის აზრითაც მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების გაფართოება — სურს, რომ ტექსკოლა უფრო მასშტაბური გახდეს.
"ჩვენს თაობაში არის ძალიან დიდი პოტენციალი და ნიჭი, ხოლო ტექსკოლა არის ზუსტად ის პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს სწორი მიმართულების პოვნაში ეხმარება", — მითხრა მან.
ამბის დასასრულს ნუცამ კამპუსის მსგავსი პროექტების მომრავლება ისურვა და რჩევებიც დაგვიტოვა პირადი გამოცდილებიდან:
"ხშირად ყველაზე დიდი ბარიერი მაინც პირველი ნაბიჯის გადადგმაა — სანამ პროცესს დავიწყებ, მთელი პროცესის წინასწარ გონებაში გაანალიზება და ათასი არარსებული სცენარის შექმნა. რეალურად, როცა პროცესის ნაწილი ხდები, ყველაფერი უჩვეულოდ, დაუგეგმავად, სასიამოვნოდ და კომფორტულად მიდის", — თქვა და მოგვმართა:
"კამპუსშიც დარეგისტრირდით, უცხო ადამიანებთან თქვენი იდეებიც დააფიქსირეთ და არაფრით შეიზღუდოთ თავი, რადგან განათლების მიღებისა და წარმატების მიღწევის სურვილი კეთილი სურვილებია. მანამდე მისასვლელ გზაზე, კი, ბევრი დაბრკოლება შეგვხვდება, რომ უფრო გავძლიერდეთ, მაგრამ შანსი არ არის, რომ რამე ბოროტებასა და დამანგრეველს წავაწყდეთ".
მეტი რაღა დაგვჩენია, შეგვიძლია გავითვალისწინოთ მონდომებული ახალგაზრდების გამოცდილება — ვინ იცის, იქნებ როგორი ამბავი შევქმნათ საკუთარი თავებისთვის.
თავად თიბისი კვლავაც განაგრძობს ტექნოლოგიური განათლების განვითარებას ქვეყნის მასშტაბით, რადგან სჯერათ, რომ ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ხარისხიან განათლებაზე თანაბარი წვდომაა — მოცემულობა, როცა განათლების მიღება ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია და წარმატების მისაღწევად სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნა აღარ გჭირდება.




კომენტარები