ლოკოკინა ჯორჯი დაიღუპა — უიშვიათესი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი
14 წლის ლოკოკინა ჯორჯი საკუთარი სახეობის (Achatinella apexfulva) უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, სამწუხაროდ, დღეიდან ის სკოლის მოსწავლეების გართობასა და ფოთლებზე მოკიდებული ობის ჭამას ვეღარ შეძლებს.
ჰავაის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის (DLNR) თქმით, ჯორჯი ახალ წელს დაიღუპა.
ჯორჯი ხის ლოკოკინების ამ კონკრეტული სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რის გამოც ის დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. მისი დაღუპვით კი სახეობა სამუდამოდ დაიკარგა.
მეცნიერთა თქმით, ეს ფაქტი იმ დიდ პრობლემაზე მიანიშნებს, რომლის წინაშეც ჰავაის ტყეები უკვე საუკუნეზე მეტია დგანან.
ჯორჯს ტყეში არასდროს უცხოვრია, ის ლაბორატორიაში დაბადებული და გაზრდილი ლოკოკინაა. ის ჰერმაფროდიტი იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას გასამრავლებლად მეორე ლოკოკინა მაინც სჭირდებოდა.
"1997 წელს ჰავაის უნივერსიტეტში გასამრავლებლად ათი უკანასკნელი Achatinella apexfulva მიიყვანეს, რის შედეგადაც უნივერსიტეტში პატარა ლოკოკინები დაიბადნენ, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო ლაბორატორიაში ყველა მათგანი დაიღუპა, ერთის გარდა. ის ერთადერთი კი ჯორჯი იყო", - ნათქვამია DLNR-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეივიდ სისშო ჰავაის უხერხემლოთა პროგრამის ლოკოკინათა გადაშენების პრევენციის პროგრამის კოორდინატორია, მისი თქმით, ლოკოკინების პირველი სახეობა, რომელიც არაადგილობრივმა მეცნიერმა პირველად 1780 წელს აღწერა, სწორედ Achatinella apexfulva იყო.
ამ პერიოდში ჰავაი ლოკოკინებით იყო სავსე. National Geographic-ზე დაყრდნობით, არსებობს მე-19 საუკუნის ჩანაწერები, რომლებშიც ამაყად მოხსენიებულია, რომ ჰავაიზე დღეში 10 000 ლოკოკინის შეგროვებაც კი შეიძლებოდა.
კუნძულზე ლოკოკინები სხვადასხვა საქმეს ასრულებდნენ, ზოგიერთი მათგანი მცენარეების გახრწნაში იღებდა მონაწილეობას, ზოგი კი ფოთლებზე გაზრდილ სოკოებს ჭამდა - რაც მცენარისათვის პოტენციურად სასარგებლო იყო.
"ყველაფერი, რაც ტყეში მრავლად გვხვდება, ტყის განუყოფელი ნაწილია", - აცხადებს National Geographic-თან მაიკლ ჰედფილდი, რომელიც უხერხემლოთა ბიოლოგია.
სამწუხაროდ, 1900-იან წლებში ლოკოკინების ზოგიერთი სახეობა გადაშენდა, რადგან ევროპელები მათ დიდი რაოდენობით აგროვებდნენ.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 1955 წელს ჰავაის კუნძულებზე ვარდისფერი მგლისებრი ლოკოკინა (Euglandina rosea) გაუშვეს, რათა ინვაზიური აფრიკული ლოკოკინის, Achatina fulica-ს პოპულაცია შეეზღუდათ.
სამწუხაროდ, ამან არ გაამართლა. მგლისერი ლოკოკინა სხვა ლოკოკინებს ჭამს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ჰავაის ადგილობრივი ლოკოკინები ბევრად უფრო ეგემრიელებოდა, ვიდრე აფრიკული.
"ჩვენ ვუყურებდით როგორ ქრებოდნენ ლოკოკინები", - აცხადებს ჰედფილდი.
ჰედფილდმა ლოკოკინების შესწავლა 1970-იან წლებში დაიწყო, 1980-იანების დასაწყისში ლოკოკინებმა — გადაშენება, მეცნიერებმა კი მათი ლაბორატორიებში შეგროვება და კონსერვაცია დაიწყეს.
ნავარაუდებია, რომ ვარდისფერმა მგლისებრმა ლოკოკინამ ჰავაიზე გავრცელებული გასტროპოდების (მუცელფეხიანები - მოლუსკების ერთ-ერთი კლასი) მესამედის გადაშენება გამოიწვია.
ეს ყველაფერი ძალიან დამამწუხრებელია, თუმცა გვაქვს დადებითი სიახლეც.
ჰავაის უხერხემლოთა პროგრამის თავშესაფრებში ათასობით ადგილობრივი ლოკოკინა ბედნიერად ცხოვრობს, სისშოს თქმით, მოხდა ზოგიერთი ლოკოკინის სახეობის ბუნების დაცულ ადგილებში დაბრუნებაც, სადაც ლოკოკინებს ადამიანებისა და ვარდისფერი მგლისბერი ლოკოკინებისგან საფრთხე არ დაემუქრებათ.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სამწუხარო ფაქტი ამ პრობლემების აღმოფხვრის საწინდარი გახდება, ჯორჯის სახელით კი, მომავალში, უამრავი სახეობა გადაშენებას გადაურჩება.
კომენტარები