ფოტოები: ნახეთ, როგორ "ებრძვის" ორი ვარსკვლავი ერთმანეთს
ორმაგი ვარსკვლავის დაღუპვა განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და ძალადობრივი პროცესია.
სურათში ვხედავთ როგორ სცილდება ბინარულ სისტემაში მყოფ წითელ გიგანტს გარეთა შრე, რომელსაც შემდეგ მის გარშემო არსებული თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი იტაცებს.
ეს ყველაფერი დედამიწიდან 650 სინათლის წლის მანძილზე არსებულ ბინარულ სისტემაში, R Aquarii-ში ხდება. თუ ასტრონომიულ მასშტაბებს გავითვალისწინებთ, 650 სინათლის წელიწადი არც ისე დიდი მანძილია, სწორედ ამის გამო ასტრონომები აღნიშნულ სანახაობას დიდი ყურადღებით აკვირდებიან.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სამხრეთ ევროპის ობსერვატორიის პლანეტების მაძიებელი ტელესკოპით, SPHERE-ით ახლო ინფრაწითელ სპექტრში გადაღებული ფოტო, რომელშიც ორი ვარსკვლავის ურთიერთობა დეტალურად ჩანს.
შედარებისთვის, ქვემოთ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული ნისლეულის ფოტოს ხედავთ, რომელიც ამ ვარსკვლავების ურთიერთქმედების შედეგად არის წარმოქმნილი.
სურათზე გამოსახული ვარსკვლავების "ცეკვა" ძალიან ტურბულენტური მოვლენაა. სისტემაში არსებული წითელი გიგანტი თავისი სიცოცხლის ბოლო ეტაპზეა. ასეთ ვარსკვლავებს საკუთარი მასის ნახევარზე მეტი უკვე დაკარგული აქვთ, ამ პროცეში კი ისინი პულსირებენ, რა დროსაც მათი სიკაშკაშე მზისას ზოგჯერ 1 000-ჯერ აჭარბებს.
საკმაოდ დაკავებულია თეთრი ჯუჯაც, რომელმაც საკუთარი ბირთვული საწვავი უკვე აღარ აქვს. ის წითელი გიგანტის მიერ გამოფრქვეულ მასას ისაკუთრებს, რაც მის ზედაპირზე უზარმაზარ თერმობირთვულ აფეთქებებს იწვევს, რა დროსაც მატერია მაღალი სისწრაფით კოსმოსში იტყორცნება.
შთამბეჭდავი ფოტოს ცენტრში ჩანს ორი ვარსკვლავი, რომელთა გარშემოც სივრცეში მათ მიერ გაყორცნილი მატერია ბრუნავს. საბოლოოდ, ვარსკვლავების სიცოცხლე შესაძლოა მასიური აფეთქებით, I a ტიპის სუპერნოვათი დასრულდეს.
ქვემოთ ხედავთ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოს.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა. სრული გაფართოების ფოტოს გადმოწერა ამ ბმულიდან შეგიძლიათ.
კომენტარები