მეცნიერებმა მალე შესაძლოა სუპერმასიური ვარსკვლავების დაფიქსირება შეძლონ
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მილიარდობით წლის წინ არსებული ვარსკვლავები, ამჟამინდელისგან შესაძლოა რადიკალურად განსხვავებულნი ყოფილიყვნენ. სამყარო, გაჩენის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ბნელ ეპოქაში იმყოფებოდა, რომლის დასასრულიც პირველი ვარსკვლავების დაბადებამ გამოიწვია. მეცნიერების თქმით, გამართლების შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა სამყაროში არსებული უძველესი, პირველი ვარსკვლავების დაფიქსირება შევძლოთ.
შავი ხვრელები
სანამ ვარსკვლავებამდე მივალთ, საჭიროა, რომ ცოტა შავ ხვრელებზე ვისაუბროთ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება შავი ხვრელების ფორმირება, ადვილად ხელმისაწვდომია. ამისათვის საჭიროა გიგანტური ვარსკვლავი, რომელშიც წყალბადის ბირთვული სინთეზი მიმდინარეობს. ჩვენ ვიცით, რომ წყალბადის გამოლევის შემდეგ ვარსკვლავი ჰელიუმის ბირთვულ სინთეზზე გადადის, ამ უკანასკნელის გამოლევისას კი უფრო და უფრო მძიმე ელემენტებზე, ამ პროცესს კი საბოლოოდ რკინამდე მივყავართ. საქმე ისაა, რომ რკინის ბირთვული სინთეზი ენერგიის გამოთავისუფლების ნაცვლად, მას შთანთქავს, ამ დროს ვარსკვლავი გრავიტაციული კოლაფსისთვისაა განწირული, რითაც საბოლოოდ შავ ხვრელს ვიღებთ.
დროთა განმავლობაში შავი ხვრელები ერთმანეთსა და კოსმოსში მიმოფანტულ ვარსკვლავებს "ყლაპავენ", ამით ისინი უფრო და უფრო იზრდებიან, საბოლოოდ კი სუპერმასიურ შავ ხვრელებს ვიღებთ, რომლებსაც, როგორც წესი, სხვადასხვა გალაქტიკის ცენტრში ვპოულობთ.
შავი ხვრელი მის გარშემო არსებულ მატერიას მუდმივად "ყლაპავს", ამ დროს შავი ხვრელის გარშემო არსებული მატერია ცხელდება, რაც საბოლოოდ ინტენსიურ ნათებას იწვევს, რომელიც გალაქტიკაში არსებული ყველა ვარსკვლავის ერთად აღებულ ნათებაზე უფრო კაშკაშაა. ასეთ ობიექტს მისი თავისებურებების მიხედვით რამდენიმე სხვადასხვა სახელი შეიძლება ეწოდოს - კვაზარი, გალაქტიკის აქტიური ცენტრი, ბლაზარი და ა.შ.
ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა - ჩვენ სამყაროში ძალიან შორს მყოფ კვაზარებს ვაფიქსირებთ, რაც ნიშნავს, რომ ეს კვაზარები მაშინ ცხოვრობდნენ, როდესაც სამყაროს ასაკი ერთი მილიარდი წელიც კი არ იყო.
საქმე ისაა, რომ ზემოთ აღწერილი პროცესი, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა შავი ხვრელები სუპერმასიურ ხვრელებად, კვაზარებად და ბლაზრებად იქცევა, ბევრად მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე ერთი მილიარდი წელია. ჩნდება ბუნებრივი კითხვა: როგორ წარმოიშვა სუპერმასიური შავი ხვრელები ასეთ ახალგაზრდა სამყაროში?
უძველესი ვარსკვლავების კვალდაკვალ
როდესაც ჩვენს მიერ შემუშავებული ფორმულა, რომლის მიხედვითაც ვარსკვლავები შავ ხვრელებად, შავი ხვრელები კი, მაგალითად, კვაზარებად გადაიქცევა, არ მუშაობს, საჭიროა ალტერნატივების მოძებნა. დაკვირვებები მიუთითებს, რომ უნდა არსებობდეს სუპერმასიური შავი ხვრელების წარმოშობის უფრო სწრაფი მეთოდი. სუპერმასიური შავი ხვრელების სწრაფად მიღება კი, ყველაზე მარტივად, სუპერმასიური ვარსკვლავების საშუალებით შეიძლება, რომელთა მასაც მზისას დაახლოებით 100 000-ჯერ უნდა აჭარბებდეს.
დღევანდელ სამყაროში ასეთი ვარსკვლავები უბრალოდ არ არსებობს. თუ თქვენ ამ ზომის ვარსკვლავის შექმნას შეეცდებით, ის დაიშლება და თქვენ ერთი გიგანტურის ნაცვლად, მრავალ ჩვეულებრივ, მოსაწყენ ვარსკვლავს მიიღებთ.
თუმცა, ახალგაზრდა სამყარო დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდა. ამ დროს მძიმე ელემენტები ჯერ კიდევ არ არსებობდა. ახალგაზრდა კოსმოსი კი მაღალი ენერგიის მქონე ულტრაიისფერი რადიაციით იყო სავსე. ამ მიზეზებმა შესაძლოა ადრეულ სამყაროში სუპერგიგანტური ვარსკვლავების არსებობა შესაძლებელი გახადა.
სუპერმასიური ვარსკვლავების ცხოვრება ხანმოკლე იყო, რომელთა გრავიტაციული კოლაფსის შედეგადაც პირდაპირ სუპერმასიური შავი ხვრელები ჩნდებოდნენ.
ეს ყველაფერი ლოგიკურია, თუმცა ამ მოსაზრების დასადასტურებლად ფაქტებია საჭირო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, სუპერმასიური ვარსკვლავების ფოტოები, რაც არც ისე ადვილი მოსაპოვებელია.
ეს ძალიან რთული საქმეა, რადგან ეს ვარსკვლავები ჩვენგან ძალიან შორს ცხოვრობდნენ. თუმცა, თუ გაგვიმართლებს, მეცნიერებმა შესაძლოა მათი დაფიქსირება შეძლონ. გამოთვლები მიუთითებს, რომ ამ ვარსკვლავების ზედაპირის ტემპერატურა სულ რაღაც 6 000 - 8 000 კელვინი უნდა ყოფილიყო, რაც მათ მკვეთრ წითელ შეფერილობას მისცემდა. მათი ზომისა და სინათლის ინტენსივობის გათვალისწინებით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი დაფიქსირება კოსმოსურმა ტელესკოპებმა ინფრაწითელი სპექტრში უნდა შეძლონ.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უძველესი ვარსკვლავების აღმოჩენაა. თუ ახალგაზრდა სამყაროში ასეთი სუპერმასიური ვარსკვლავები მართლაც არსებობდნენ, ჩვენ შესაძლოა მისთვის ფოტოს გადაღება შევძლოთ. ეს კი ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობა იქნება.
კომენტარები