ფსიქოაქტიური ნივთიერების ე.წ. ბიოს დამზადება-შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული რამდენიმე კვირის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ფსიქოაქტიურ ნივთიერებას რეალიზაციის მიზნით ტოვებდა.

შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 14 სამალავიდან რეალიზაციისთვის გამზადებული 14 შეკვრა ე.წ. ბიო ამოიღეს.

უწყების მტკიცებით, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული 5 შეკვრა ახალი ფსიქოატიური ნივთიერება - ე.წ. ბიო დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის საქმეზე მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.