გზა მძევლებიდან ჰოლივუდამდე — როგორია ირაკლი კვირიკაძის ცხოვრება ოცნებების ქვეყანაში
რეზო გიგინეიშვილის ფილმ მძევლების ნახვის შემდეგ, ქართველმა და საერთაშორისო მაყურებელმა ერთნაირად შეიყვარა ახალგაზრდა, დამწყები მსახიობი ირაკლი კვირიკაძე.
მისი თამაშის მანერა და ქარიზმა მალევე მოხვდა უცხოური გამოცემების თვალში და საბოლოოდ ის European Film Promotion-ის მიერ შედგენილი ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სიაშიც მოხვდა.
პროგრამის ჟიური ირაკლის ახასიათებდა როგორც ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობს და ასეც არის.
ირაკლი კვირიკაძე დღეს ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ამერიკული ოცნების ახდენისკენ მიმავალ გზაზე დიდ ნაბიჯებს დგამს. სხვა თუ არაფერი, რამდენ მსახიობს აქვს შანსი პარტნიორობა გაუწიოს ისეთ ლეგენდარულ მსახიობს, როგორიც ენტონი ჰოპკინსია?
დიახ, მძევლების ვარსკვლავი ენტონი ჰოპკინსთან ერთად რიკარდო სპინოტის ფილმ Now is Everything-ში ითამაშებს. ჰიპკინსის გარდა, ფილმში ვიხილავთ Hulu-ს ძალიან რეიტინგული და წარმატებული სერიალის, The Handmaid's Tale-ის მსახიობს, მედელინ ბროუერს.
ფილმის სიუჟეტი მოდის ფოტოგრაფის, ნიკოლასის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ემოციურად განადგურებულია მისი ძმის, კედრიკის სიკვდილის შემდეგ. თუმცა ყველაზე დიდი დრამა იწყება მაშინ, როდესაც ნიკოლასის შეყვარებული, მატილდა უჩინარდება.
მსახიობის გზა საქართველოდან ლოს-ანჯელესამდე არც თუ ისე ადვილი, თუმცა როგორც ირაკლი ამბობს, საინტერესო და და ამაღელვებელია.
ყველაფერი მძევლებით დაიწყო
მძევლები ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. ამ ფილმის დამსახურებით გამიჩნდა სურვილი, ამ სფეროში წარმატებისთვის ვიბრძოლო და რაღაცას მივაღწიო. ეს ფილმი ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. გარდა ამისა შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები და მათგან ვისწავლე ამ პროფესიის სიყვარული.
პირველი გზა ჰოლივუდში
არ ვიცი რამდენად ჰოლივუდში მიდის ჩემი გზა, ჯერ იქამდე მაინც ბევრი დაბრკოლებაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ რაღაც ნაბიჯები უკვე გადავდგი. გამიმართლა იმ ხალხშიც, რომელიც აქ წარმატების მიღწევაში ძალიან მეხმარება. სპინოტის ფილმშიც ისევ ქართველის, ლაშა ზამბახიძის, მეშვეობით მოვხვდი. ამერიკა ნამდვილად არის ოცნების ქვეყანა, თუ არის მონდომება და სურვილი ამას აუცილებლად დაინახავენ და ხელს ყველანაირად შეგიწყობენ.
მუშაობა ენტონი ჰოპკინსთან და მედელინ ბროუერთან
ფილმზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო მიუხედავად იმის, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ისე სწრაფად, რომ გადაღებების დროს სცენარის ბოლომდე წაკითხვის და შესაბამისად, არც როლისთვის კარად მომზადების დრო არ მქონდა. მაგრამ, მგონი მაინც გავართვით თავი. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. გამიმართლა, ორივე მსახიობი ძალიან მეგობრულია და ძალიან დამეხმარნენ თამაშის დროს. თუმცა, ეს ორი თაობა განსხვავდება თამაშის სტილითა და გამოცდილებით. ენტონი ჰოპკინსს შეეძლო შესვენების დროს გასულიყო, ესაუბრა და სულ სხვა რამეზე გადართულიყო, შემდეგ დაბრუნებულიყო და ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე შესულიყო როლში. ჩემი და მედელინის შემთხვევაში ეს მარტივად არ ხერხდებოდა.
Time's Up
ჰოლივუდი 2017 წლის ბოლოს მომხდარმა მოვლენებმა ძალიან შეცვალა. გადასაღებ მოედანზე გამკაცრდა წესები. მიუხედავად იმისა, რომ არ მინახავს და არ ვიცი მანამდე რა ხდებოდა, ვხედავ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ეს ბრძოლა კი საბოლოოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
ირაკლი კვირიკაძის მონაწილეობით რიკარდო სპინოტის ფილმი მალე გამოვა. თუ მასში მონაწილე მსახიობებს გავითვალისწინებთ, ახალგაზრდა ქართველი აუცილებლად მოექცევა ამერიკული პრესის დიდი ყურადღების ცენტრში და ეს შეიძლება სწორედ ის ფილმი იყოს, რომელიც მის კარიერას განსაზღვრავს.
კომენტარები