პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები მარიხუანის კულტივაციის კანონზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს კანაფის ექსპორტისთვის დათესვის, კულტივაციისა და წარმოების შესახებ გამოეხმაურნენ პრეზიდენტობის კანდიდატებიც. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ, ნაწილი ამ კანონში მონოპოლიის, ნაწილი კი ერისა და ახალგაზრდების დაღუპვის საფრთხეს ხედავს.
სალომე ზურაბიშვილი
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს პოზიციას და ამბობ, რომ მარიხუანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას სათავეში თავად ჩაუდგება.
"ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაცულნი ზოგჯერ თავისი თავის მიმართ. ვიქნები სათავეში ამ საინფორმაციო კამპანიის. უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, ამაში ვეთანხმები საპატრიარქოს. ეს არ არის დაპირისპირების საგანი, ეს არის ჩვენი საერთო მომავალი. ახალი კანონი მისაღებია, მაგრამ რეგლამენტაცია აუცილებელია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
გრიგოლ ვაშაძე
"თურმე ადამიანს უფლება აქვს ისე დაისვენოს, როგორც უნდა და შეკითხვა მაქვს კონსტიტუციურ სასამართლოსთან, პედოფილსაც აქვს უფლება ისე დაისვენოს, როგორც უნდა?!" — ასე გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას.
მისი თქმით, მარიხუანის "პლანტაციების გაშენებით" მოპოვებული შემოსავალი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის "ჯიბეში წავა".
"არავითარი ექსპორტისთვის ეს ნარკოტიკები გათვალისწინებული არ არის. ეს არის შიდა მოხმარებისთვის გათვალისწინებული. თავიდანვე გასაგები იყო, ეს ისტორია საით მიდიოდა, როდესაც ჯერ სიმღერები შემოგვაპარეს, შემდეგ კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება", — აღნიშნა ვაშაძემ.
ვაშაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კანაფის კულტივაციის საკითხს და განაცხადა, რომ ეს არის ჩვენი ახალგაზრდობის გასანადგურებლად მოგონილი.
"იმისათვის, რომ ყველაზე აქტიური ნაწილი ჩვენი ამომრჩევლის იყოს აბსოლუტურად გათიშული სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან. არავითარი ექსპორტისთვის ეს ნარკოტიკები გათვალისწინებული არ არის", - აცხადებს ის.
ნაციონალების კანდიდატი მიხეილ სააკაშვილსა და მეუფე იაკობსაც ეთანხმება და ამბობს, რომ მარიხუანის კულტივაციამ ეკონომიკურად განვითარებული კოლუმბია გაანადგურა და საქართველოსთვისაც საფრთხის შემცველია.
"საქართველოს გადაქცევას ნარკოტიკების პლანტაციებად ვეუბნები კატეგორიულ არას. მარტივი მაგალითები მინდა მოვიყვანო, დალაგებული ქვეყანა როგორიც იყო კოლუმბია 70-იანი წლების. როგორც კი გაჩნდა პირველი მარიხუანის პლანტაციები ამას მოყვა გიგანტური კრიმინალი, ამას მოყვა კარტელები, მონოპოლიები, ცხოვრების დონის დაცემა", — განაცხადა ვაშაძემ P.S-თან ინტერვიუში.
დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძისთვის, მიუღებელია მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანების დაჭერა, თუმცა მარიხუანას ლეგალიზებას თუნდაც შეზღუდული მიზნებით არ ეთანხმება.
"საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობს, რომ მარიხუანის მომხმარებელი დაჭერას და პოლიციის მხრიდან ძალადობას არ იმსახურებს. მაგრამ მარიხუანის ლეგალიზება, თუნდაც, ვითომდა შეზღუდული მიზნებით, არის აბსოლუტურად სხვა და ქართული საზოგადოების რეაქცია ამაზე არის ცალსახად უარყოფითი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მთავრობამ, არ ვიცი, ივანიშვილის ინტერესით, საკუთარი ინტერესით თუ კომერციული ინტერესით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მკვეთრად არაპოპულარული და რომელსაც ქართული საზოგადოება გაუწევს წინააღმდეგობას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დასცილდა დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს და ხალხის განწყობას", - აცხადებს ბაქრაძე.
ზურაბ ჯაფარიძე
გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატს, ზურა ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ცვლილებით, "ვიღაცას ხელში უგდებენ მრავალმილიონიან ბიზნესს".
ჯაფარიძე საპატრიარქოს პროტესტსა და საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ფეისბუქშიც გამოეხმაურა:
დღეს სამების ამბიონიდან კიდევ ერთხელ გვეტყვიან, რა ცუდია მარიხუანა, როგორ ნადგურდება ერი და როგორ ზრუნავენ ჩვენზე დღე და ღამე. ქ-ნი შორენა სავარაუდოდ "მთელი ღამე კერავდა" ტექსტს და მნიშვნელოვანია გესმოდეთ. ნებისმიერი ადამიანი, ანაფორიანი თუ ჰალსტუხიანი, რომელიც ეს დღეებია გეუბნებათ რომ ავღანეთიზაციის საფრთხეა, რომ დავიღუპებით, რომ ჩვენთვის ჯერ ადრეა და ა. შ. და ა.შ.
სინამდვილეში გეუბნებათ შემდეგს:
"მე ვარ თქვენზე ჭკვიანი! მე ვიცი როგორ არის სწორი! მე უნდა დამიჯეროთ! რადგან თქვენ ხართ მზეები! თქვენ არ იცით რა სჯობს თქვენთვის! თქვენ არ შეიძლება იყოთ თავისუფალი, რადგან არ შეგიძლიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება!"
ამას მოვისმენთ დღეს კიდევ ერთხელ სამებიდან.
ჰოდა, ცხოვრებაში პატივს სცემთ იმ ხალხს ვინც მზედ გთვლით?
აქაც იგივეა. ფიქრიც არ სჭირდება. ინსტინქტით უნდა ხვდებოდეთ წესი.
შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი მარიხუანის კულტივაციის თემის შეფასების მიზნით წეროვანში ჩავიდა.
მან თქვა, რომ წეროვანში იმ ადგილთან იმყოფებოდა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაშია და სადაც მალე მარიხუანის პლანტაცია უნდა გაშენდეს.
"წეროვანში უზარმაზარი ოქროდ ღირებული სივრცე ივანიშვილის ნაკვეთია, სადაც აპირებს ნარკოტიკების შემცველი მცენარეების დათესვას და მილიარდიანი ბიზნესის დატრიალებას. საქართველო ხდება ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, სადაც უკვე ნებისმიერ კერძო კომპანიას შეუძლია, დათესოს და მოიყვანოს მორფის შემცველი მცენარეული საშუალებები, ამ შემთხვევაში, მარიხუანა", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
დავით უსუფაშვილი
შენების მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ მარიხუანის კულტივაციაა შეცდომაა და ეკონომიკას სარგებელს ვერ მოუტანს.
ის არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო ცვლილება ამ ინიციატივის გამო მოხდა.
"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ყოველ საღამოს იკრიბებიან და ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმის მოფიქრებაში, ხვალ კიდევ რა გააფუჭონ, რა მოიფიქრონ, რომლითაც მორიგ შოკს მოგვრიან საქართველოს მოსახლეობას. მარიხუანას კულტივირება და მისი მოყვანა, არ ვიცი, ეს სიმინდის, ლობიოს, თუ ყურძნის ნაცვლადაა, მაგრამ ეს არის მორიგი, ძალიან სერიოზული და დიდი შეცდომა. ამ გზით საქართველოს ეკონომიკა ვერ და არ აყვავდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
საპრეზიდენტო კანდიდატმა ინტერპრესნიუსს უთხრამ რომ როდესაც ამ ინიციატივით გამოდის შსს, ეს არის იმ ცხრაწლიანი სისტემის გაგრძელება, რომლის "დემონტაჟი არ მოხდა".
კომენტარები