სენატორი ჯონ მაკკეინი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში და აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ინტერესებს იცავდა. 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორი მაკკეინი წმინდა გიორგის ორდენით, 2010 წლის იანვარში კი ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა, იმ თანადგომისთვის, რომელიც მან საქართველოს რუსეთთან ომის დროს აღმოუჩინა.

მიხეილ სააკაშვილი მაკკეინს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით აჯილდოვებს. 2010 წელი.

ფოტო: EPA

სამშვიდობო მისიის მონაწილეებთან შეხვედრა - 29 აგვისტო, 2006 წელი

სენაკში, ახლადაშენებულ სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას ჯონ მაკკეინმა ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის და საქართველოს აშშ-ის "საუკეთესო მეგობარი" უწოდა:

"მოვა ის დღე, როდესაც ერაყელ ხალხს ექნება თავისუფლება და ეცოდინება, თუ რა არის დემოკრატია. როდესაც ეს დღე მოვა, ეს იქნება თქვენი დამსახურება, რადგან თქვენ შეიტანეთ ამაში დიდი წვლილი. ჩვენ მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს პრეზიდენტს, რომელიც თავისი ლიდერობით 21-ე საუკუნის ხელმძღვანელობის მაგალითს ქმნის ამ ქვეყანაში. პრეზიდენტ ბუშის, კონგრესის და ამერიკელი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ხართ ამერიკის საუკეთესო მეგობრები".

ომის დროს მხარდაჭერა - 12 აგვისტო, 2008 წელი

აგვისტოს ომის შემდეგ, ამერიკელი ამომრჩევლების წინაშე წარმოთქმული ჯონ მაკკეინის სიტყვები საქართველოზე, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო:

"საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშეა, რაც საფრთხეს უქმნის მის არსებობას. ზოგიერთმა ამერიკელმა, ამ ამბის გაგების შემდეგ, შეიძლება იკითხოს, თუ რატომ უნდა ვიდარდოთ იმაზე, რაც ხდება იმ შორეულ ადგილას, თუმცა ისტორია შორეულ ადგილებში უფრო იქმნება. დღეს დილით ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ მიშა სააკაშვილს, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ. მან იცის, რომ ამერიკელი ხალხი ლოცულობს და მხარს უჭერს მამაც ქართველ ერს, რომელიც დღეს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მთხოვა, მადლობა გადამეხადა თქვენთვის, მადლობა გადამეხადა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს ამ პატარა დემოკრატიას, რომელიც ძალიან შორსაა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მას ვუთხარი, რომ ვიცი, თითოეული ამერიკელის სახელით ვსაუბრობ, როდესაც ვამბობ, რომ დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ".

ვრცელი წერილი ომიდან ორი წლის თავზე - 8 აგვისტო, 2010 წელი

Washington Post-ში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ჯონ მაკკეინი საქართველოს დახმარებისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს:

"საქართველოს სჭირდება აშშ-ს მხარდაჭერა თავდაცვითი სფეროს აღდგენაში... საქართველო ყოველთვის იქნება ნაკლებად ძლიერი ვიდრე რუსეთი, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ რუსული ინტერვენციიდან ორი წლის შემდეგ დაუცველი დარჩეს. მიუხედავად ყველა იმ ზიანისა და მუქარისა, რაც რუსეთმა საქართველოს მიაყენა, მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - საქართველოს დემოკრატიული მთავრობა გადარჩა და ვითარდება".

მაკკეინი საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაზე - 11 დეკემბერი, 2010 წელი

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ობამას ადმინისტრაციას "განაახლოს საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვა":

"ძირითადად რუსეთისთვის ანგარიშის გაწევის გამო, ორი წელია რაც საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვა არ არის სანქცირებული. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. საქართველო სულ ცოტა ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემით და სხვა ძირითადი საშუალებებით მაინც უნდა მოვამარაგოთ რათა მისი თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს".

მაკკეინი ობამას აკრიტიკებს - 18 მაისი, 2010 წელი

ჯონ მაკკეინმა ნიქსონის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, ნაკლებად ჩანს თავისუფლებისადმი და ადამიანის უფლებებისადმი მხარდაჭერა:

"რუსეთი არა მარტო განაგრძობს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ ის იქ სამხედრო ყოფნას აძლიერებს. გასულ კვირას, პრეზიდენტმა [ობამამ] ხელახლა წარუდგინა კონგრესს რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულება დასამტკიცებლად და განაცხადა – მე მომყავს ციტატა – "საქართველოში არსებული სიტუაცია დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს"… ზოგიერთს კი კვლავ უკვირს რატომ მიიჩნევს საქართველო, რომ ვაშინგტონი ყიდის მას რუსეთზე ჩვენი "გადატვირთვის ღილაკის" სანაცვლოდ".

მაკკეინი კიდევ ერთხელ მოუწოდებს აშშ-ს, საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისკენ - 7 სექტემბერი, 2012 წელი

თბილისში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა თქვა, რომ ის კვლავაც გააგრძელებს აქტიურ ძალისხმევას, რათა შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს.

"საქართველოს სჭირდება თავდაცვითი იარაღი და ჩვენ გავაგრძელებთ, რაც კი შესაძლებელია იმის გაკეთებას, რომ ეს თავდაცვითი იარაღი მიეწოდოს საქართველოს".

წერილი ბიძინა ივანიშვილს - 11 დეკემბერი, 2012 წელი

ჯონ მაკკეინმა, კიდევ ოთხ სენატორთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ისინი "უაღრესად შეშფოთებულები" არიან იმით, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა, შესაძლოა, "პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ისახავდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას", - წერილი ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნდა.

სენატორები მოუწოდებენ ივანიშვილს, ყველაფერი გააკეთოს, რათა "თავიდან აიცილოს იმის აღქმაც კი, რომ წინა მთავრობის წევრების წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი გამოიყენება".

წერილს ხელს აწერენ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, უპარტიო სენატორი ჯო ლიბერმანი, ასევე რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯეიმს რიში და ლინდსი გრემი.

მაკკეინი საქართველოს ნატოში სწრაფ ინტეგრაციაზე - 12 მარტი, 2014 წელი

ამერიკის ხმასთან საუბარში, ჯონ მაკკეინმა დასავლეთს მოუწოდა დააჩქაროს საქართველოსა და მოლდოვის ნატოში ინტეგრაცია:

"სტარტს მივცემთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში, დავაჩქარებთ საქართველოსა და მოლდოვის შესვლას ნატოში და გადავდგამთ სხვადასხვა ნაბიჯებს, რის შემდეგაც, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქცევას შეიცვლის".

"ქართველებს, ალიანსთან მიერთების უფრო მკაფიო გზას შევთავაზებდი" - 14 მარტი, 2016 წელი

ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სენატორმა მაკკეინმა შეერთებულ შტატებს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა:

"საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად მიმზიდველი ქვეყანაა მსოფლიოში, კეთილშობილი და შეუპოვარი ხალხით. ამაყი ვიყავი, როდესაც მან საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას მიაღწია... ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ყოველთვის, როცა დასავლეთი ყურადღებას ასუსტებს, რუსეთი საზღვრის ხაზს სწევს. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ქართველებს, ალიანსთან მიერთების უფრო მკაფიო გზას შევთავაზებდი. ამ პოლიტიკას, შესაძლოა, არ იზიარებდეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მაგრამ საქართველო და მისი ჯარი ავღანეთში გვერდში დაგვიდგა. ვიცი, რომ საქართველო თვითონაც ამაყობს ამ კონტრიბუციითა და მისი ჯარისკაცების სიმამაცით".

"საქართველო აშშ-ს ძლიერი მეგობარი და მოკავშირეა" - 2 იანვარი, 2017 წელი

ჯონ მაკკეინმა საქართველოში მორიგი ვიზიტისას საოკუპაციო ხაზი მოინახულა სოფელ ხურვალეთში. მან რუსეთის საოკუპაციო ხაზს იქეთ დარჩენილებს ახალი წელი მიულოცა.

ჯონ მაკკეინმა გვირგვინით შეამკო საერთაშორისო და სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალი. 2017 წელი.

ფოტო: VOA

რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავაც მათი ძლიერი მეგობარი და მოკავშირეა:

"ძალიან რთული და გამოწვევებით სავსე დროა… კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას".