სისხლის II, III და IV ჯგუფების I ჯგუფად გარდაქმნა სულ მალე შესაძლებელი იქნება
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიული ფერმენტი, რომლის საშუალებითაც ისინი სისხლის ნებისმიერი ჯგუფის I ჯგუფად გადაკეთებას შეძლებენ.
ქიმიის ამერიკული საზოგადოების 256-ე შეხვედრაზე მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ისინი სისხლის ჯგუფის ცვლილების პროცესს ხსნიან.
მეცნიერებმა ადამიანის კუჭ-ნაწლავში აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელსაც სისხლის II, III და IV ჯგუფის უჯრედებიდან სპეციალური ანტიგენების "წაშლა" შეუძლიათ, რაც ნებისმიერ სისხლს I ჯგუფად აქცევს.
ადამიანებში სისხლის ოთხი ჯგუფი გხვდება. თითოეულ მათგანს სპეციალური ანტიგენური შემადგენლობა აქვს. სისხლის მეორე და მესამე ჯგუფი ორი სხვადასხვა ანტიგენით განისაზღვრება, ხოლო სისხლის მეოთხე ჯგუფის უჯრედებს კი მეორე და მესამე ჯგუფისთვის დამახასიათებელი ორივე ტიპის ანტიგენი გააჩნია. ადამიანის სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი ანტიგენები შაქრის შემცველი ცილებია, რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებზე "სხედან".
მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის ერთმანეთში გადასხმა არ შეიძლება, რადგან სისხლის მიმღები ორგანიზმი ანტისხეულების წარმოქმნას დაიწყებს, რომელიც გადმოსხმული სისხლის წითელ უჯრედებზე მისთვის უცხო ანტიგენს ამოიცნობს და მას შეებრძოლება.
მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კი ნებისმიერი სისხლის მიღება შეუძლიათ, ისინი უნივერსალური რეციპიენტები არიან. მათი სისხლის უჯრედებზე მეორე და მესამე ჯგუფის სისხლისთვის დამახასიათებელი ორივე ტიპის ანტიგენი არსებობს, შესაბამისად ეს ანტიგენები ორგანიზმისთვის ნაცნობია და ის მათ განადგურებას არ შეეცდება.
სისხლის პირველი ჯგუფი ხშირად უნივერსალურ დონორად მოიხსენიება, რადგან მას წითელ უჯრედებზე ანტიგენები საერთოდ არ აქვს. პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლის გადასხმა ყველა ადამიანისთვის შეიძლება, რადგან ის რეციპიენტებში უარყოფით რეაქციას არ იწვევს.
მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ გზას, რომლითაც ისინი დანარჩენი სამი სისხლის ჯგუფის პირველ ჯგუფად გარდაქმნას შეძლებდნენ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭ-ნაწლავში არსებულ ბაქტერიებს ნაწლავებში არსებულ ცილებზე მიბმული შაქრების დაშლა განსაკუთრებით კარგად გამოსდით. ეს კი ძალიან ჰგავს სისხლის წითელი უჯრედებიდან შაქრის შემცველი ანტიგენების ჩამოცილების პროცესს.
მეტაგენომიკის გამოყენებით მეცნიერებმა ადამიანის ფეკალიებში არსებული მიკრობების კულტურა გამოაცალკევეს, შემდეგ კი მასში სისხლის წითელ უჯრედებზე არსებული ანტიგენების მსგავსი ცილები შეიყვანეს. მათ აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც სისხლის მეორე ჯგუფს ანტიგენებს განსაკუთრებულად დიდი ეფექტურობით აცლიდა. აქამდე მეცნიერებისთვის ცნობილი იყო ერთი ფერმენტი, რომელიც სისხლის მესამე ჯგუფის ანტიგენებზე წარმატებით მუშაობდა. ახლა კი მათ ეს ორი ფერმენტი გააერთიანეს, რითაც შეძლეს, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლს ანტიგენები სრულად მოაშორონ და ისინი პირველ ჯგუფად გადააკეთონ.
კვლევის ავტორების თქმით, პროცესი თეორიულად სრულად გამართულია, თუმცა ახალი მეთოდის გამოცდა ადამიანებში ჯერჯერობით არ მომხდარა.
ერთი შეხედვით, ექსპერიმენტმა გეგმის მიხედვით უნდა იმუშაოს, თუმცა მკვლევარებმა გამოცდილებით იციან, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს თვისება - ჩაშალოს ყველაზე კარგად დაგეგმილი ექსპერიმენტებიც კი და მეცნიერებს ახალი თავსატეხები გაუჩინოს.
თუ ადამიანებში ჩატარებული ექსპერიმენტები წარმატებული იქნება, ეს მსოფლიოში სისხლის ნაკლებობის პრობლემას მყისიერად გადაჭრის.
კომენტარები