მეტალის ცა: აღმოაჩინეს რეკორდულად ცხელი ეგზოპლანეტა, რომლის ატმოსფეროშიც რკინა და ტიტანია
Kelt-9b თავის ვარსკვლავთან 30-ჯერ უფრო ახლოსაა, ვიდრე მზე დედამიწასთან.
ვარსკვლავთშორისი ხომალდებით აღჭურვილ მომავლის ადამიანებს უამრავი ეგზოპლანეტა ექნებათ დასათვალიერებელი, თუმცა ჩვენ უკვე ვიცით ერთი, რომელზეც ადამიანი ფეხს არასდროს დადგამს. მისი სახელია Kelt-9b.
ეს ეგზოპლანეტა დედმიწიდან 610 სინათლის წელიწადით არის დაშორებული და ის ყველაზე ცხელი პლანეტაა, რომელიც ოდესმე აღმოგვიჩენია. მის ზედაპირზე არსებული ტემპერატურა 4 000 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, რაც ზოგიერთ ვარსკვლავზე უფრო ცხელია. ეგზოპლანეტა გედის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ის იუპიტერზე 3-ჯერ დიდია.
ახლახან გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს პირველი პლანეტაა, რომლის ატმოსფეროშიც აორთქლებული მძიმე მეტალები გვხვდება.
მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში კომპიუტერული სიმულაციებით Kelt-9b-ის ატმოსფეროში რკინისა და ტიტანის ორთქლის არსებობის მოდელი შექმნეს. ამის შემდეგ მათ სიმულაციის შედეგები გალილეოს ეროვნული ტელესკოპით მიღებულ ინფორმაციას შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი ერთმანეთს დაემთხვა.
Kelt-9b თავის ვარსკვლავთან მუდამ ერთი მხრით არის მიქცეული, ეს კი იწვევს იმას, რომ ეგზოპლანეტის ერთ მხარეს მუდმივად დღეა, ხოლო მეორე მხარეს მუდმივად ღამე. ცხელ მხარეს წარმოქმნილი მძიმე მეტალების შემცველი ორთქლი კი ეგზოპლანეტის ბნელ მხარეს გადასვლისას კონდენსირდება და რკინისა და ტიტანის წვეთების სახით წვიმს.
"რკინა და ტიტანი ეგზოპლანეტების ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი ინგრედიენტი ყოველთვის იყო, თუმცა მათზე პირდაპირი დაკვირვება აქამდე არ მომხდარა," - ამბობენ კვლევის ავტორები.
ეზოპლანეტას თავისი ვარსკვლავის გარშემო ერთი ორბიტის შესასრულებლად 36 საათი სჭირდება. ვარსკვლავი კი ეგზოპლანეტის ცის 35 პროცენტს ფარავს.
კვლევაში გამოყენებული კომპიუტერული სიმულაციის მეთოდები მეცნიერებმა მომავალში შესაძლოა შორეულ ეგზოპლანეტებზე სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ნიშნების აღმოსაჩენადაც გამოიყენონ.
კომენტარები