სიახლეები The Chemical Brothers-ის კონცერტის შესახებ
პირველ სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო მოტოდორმზე, ქართველი მსმენელის წინაშე ოთხი გრემის ჯილდოს მფლობელი ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარდგება.
პირველი სექტემბერი საქართველოში არა მხოლოდ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის, არამედ, ზოგადად მუსიკის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი დღეა - სწორედ ამ დღეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება. ღონისძიების გენერალური წარმდგენი თიბისი სტატუსია, რომელიც წლებია, ისთერნ პრომოუშენსთან კულტურული ღონისძიებების განხორციელებისას თანამშრომლობს.
"მსგავსი მასშტაბის სანახაობა საქართველოში აქამდე არ ყოფილა", - ამბობს ისთერნ პრომოუშენსის დირექტორი, გიორგი კერესელიძე და The Chemical Brothers-ის მსმენელს ტექნოლოგიური სიახლეებითა და ვიზუალური ეფექტებით აწყობილ დაუვიწყარ შოუს ჰპირდება.
დღეს, 3 აგვისტოს თიბისი სტატუსისა და ისთერნ პრომოუშენსის ერთობლივ შუალედურ პრესკონფერენციაზე, ორგანიზატორებმა ღონისძიების დეტალები გაუზიარეს ჟურნალისტებს.
როგორი იქნება მსმენელის სივრცე?
პირველი სექტემბრისთვის რუსთავის მოტოდრომი დიდ საკონცერტო არენად გადაიქცევა. მსმენელის სივრცე სამ ზონად იქნება დაყოფილი. ყველა ზონას ექნება საკუთარი შესასვლელი. მსმენელს შეეძლება ისარგებლოს სივრცის ირგვლივ არსებული ყველა დიდი პარკინგით.
როგორც გიორგი კერესელიძე ამბობს, The Chemical Brothers-ის მენეჯმენტი დაინტერესებული იყო ისეთი სივრცე განესაზღვრათ, სადაც 20 000-მდე მსმენელი დაეტეოდა.
როდის დაიწყება კონცერტი?
კონცერტი დაიწყება დაახლოებით 17 საათზე და დასრულდება დილის 2-3 საათზე. თავდაპირველად, სცენაზე ქართველი Dj-ები დადგებიან. გიორგი კერესელიძის თქმით, ეს ყველაფერი The Chemical Brothers-თან შეთანხმებით ხდება და მათ ზუსტად იციან, როგორი წინასწარგანწყობა სჭირდებათ სცენაზე დასადგომად.
იქნება თუ არა სპეციალური ტრანსპორტი კონცერტამდე მისასვლელად და უკან?
ტრანსპორტი თბილისიდან, კონკრეტული ადგილიდან იმოძრავებს რუსთავის მოტოდრომის მიმართულებით. ნახევარი საათის ინტერვალით ავტობუსები გავლენ და დაბრუნდებიან მუდმივ რეჟიმში მანამ, სანამ ღონისძიება არ დასრულდება.
რა ღირს კონცერტზე დასასწრები ბილეთი?
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე. ბილეთების პირველი კალათა უკვე გახსნილია და მსურველებს 15 აგვისტომდე შეეძლებათ ისარგებლონ შეღავათიანი ფასებით. სამ სივრცეს ექნება სამი განსხვავებული ფასი: ოქროს, ვერცხლისა და ე.წ. VIP ზონა. ვერცხლის ზონის ბილეთის ფასი იწყება 50 ლარიდან, ოქროს ზონის ბილეთი 150 ლარი ღირს, ხოლო VIP დღევანდელი კალათის პირობებით - 350 ლარი. მეორე კალათის შემთხვევაში ფასები გაიზრდება. ასევე, ჯაზ-ფესტივალის მსგავსად, 15 აგვისტოდან თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.
ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი The Chemical Brothers, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. კონცერტზე შესრულდება 1995 წლიდან დღემდე ჯგუფის მიერ შექმნილი ჰიტები, სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან.
The Chemical Brothers, ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.
ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა - "Block Rockin' Beats", "Hey Boy Hey Girl", "Galvanize", "The Salmon Dance", "Do It Again", "Swoon" და სხვა.
კომენტარები