გადადეთ ყველა საქმე და უყურეთ ახალ სერიალს — Stranger Things
80-იანების ნოსტალგია 90-იანების VHS-თაობისთვის
ინტერნეტ-ეპოქის HBO-დ წოდებულმა Netflix-მა მორიგი შოუ გვაჩუქა - Stranger Things ახალი ჰორორ-თრილერია, რომელიც აუცილებლად, სასწრაფოდ, დღესვე უნდა ნახოთ.
წინასწარ გაფრთხილებთ: "პირველ სერიას შევხედავ უცბად" — ასე არ გამოვა. დაწყებამდე ყველა საქმე გადადეთ და საჭმელ-სასმელი მოიმარაგეთ.
სერიალის სიუჟეტი 80-იანი წლების პატარა ამერიკულ ქალაქში ვითარდება, სადაც სკოლის ველოსიპედიანი მოსწავლეები მონსტრებს და თავგადასავლებს შეეყრებიან.
ნაცნობი სიტუაციაა? სერიალის მთავარი "მუღამიც" ზუსტად ამაშია - შოუს შემქმნელებმა 80-იანი წლების საკულტო ფილმების და თანამედროვე მაყურებლის მოთხოვნების ნაზავით ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შოუ შექმნეს.
აქ ყველაფერია მაშინდელი პოპ-კულტურიდან - დაკარგული ბავშვები, საშინელი ზარები "სახლის" ტელეფონზე, ამოუცნობი მონსტრები, სახელმწიფო შეთქმულება, კლასელი შეყვარებულები, იდეალური და პრობლემებიანი ამერიკული ოჯახები... მთელი შოუ საოცრად ნაცნობია და თან — საოცრად ახალი.
სერიალის შემქმნელები არ ერიდებიან და პირიქით — ამაყად გვაყრიან თავზე პარალელებს 80-იანების კლასიკად ქცეულ ფილმებთან. პერიოდის ამ ნოსტალგიით, არაჩვეულებრივი მსახიობებით და ჩამთრევი სასპენსით, Stranger Things საუკეთესო საჩუქარია იმ თაობისთვის, რომელიც (ცოტა დაგვიანებით, 90-იანებში, მაგრამ მაინც), E.T.-ზე, Carrie-ზე, The Goonies-ზე The Shining-ზე, Alien-ზე და მსგავს ფილმებზე გაიზარდა.
მრავალ ღირსებასთან ერთად, ორი განსაკუთრებითაა გამოსაყოფი — მუსიკა და ვაინონა რაიდერი. დიახ, ვაინონა დაბრუნდა და არაჩვეულებრივად დაბრუნდა. იგი აქ შესანიშნავად ასრულებს ჯოისის როლს, ტრაგიკული დედის, რომელსაც შვილი დაეკარგა და რომელიც მომენტალურად შეგიყვარდებათ.
მუსიკა კი სერიალის მთელი ეფექტის (როგორც მინიმუმ) ნახევარს ჰქმნის. შოუს ქუდის თემიდან დაწყებული, გაჟღერებისთანავე რომ ბურძგლებს დაგაყრით და 80-იანების ჰიტებით დასრულებული, რომელთა შორის, The Clash-ის Should I Stay or Should I Go თითქმის სიუჟეტის ნაწილია.
სერიალის ყურება, რომელიც სულ რაღაც 8 სერიისგან შედგება, Netflix-ზე შეგიძლიათ. საბედნიეროდ, სერვისი უკვე საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი. თუმცა, თუ ხარისხიანი შოუს მკეთებლებისთვის ფულის მიცემა გენანებათ, შემოისვით მხარზე თუთიყუში და ქართული საიტებისკენ გაეშურეთ — უმეტესობამ უკვე განათავსა "უცნაური საქმეების" სახელით, ორიგინალთან ერთად, მტრის ენაზეც.
კომენტარები