რა მოხდა თურქეთში - დეტალები სრულად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

15 ივლისის საღამოს მსოფლიო მედიის ყურადღება თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა მიიპყრო. ხელისუფლების დამხობის მიზნით ქვეყნის რამდენიმე ლოკაციაზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმას 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აჯანყებასთან კავშირის ბრალდებით თანამდებობიდან გადააყენეს და დააკავეს ათასობით მოსამართლე, მაღალი თანამდებობაზე მყოფი სამხედროები, პოლიციელები და სამოქალაქო პირები.

ამ დროისთვის უცნობია, რეალურად ვინ დგას მომხდარის უკან, თუმცა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მომხდარში მის ყოფილ მოკავშირეს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ გადატრიალების მცდელობა თავად ერდოღანმა მოაწყო.

On.ge გთავაზობთ თურქეთში მომხდარი ამბოხების მოკლე მიმოხილვას, ინფორმაციას შესაძლო მიზეზებსა და სავარაუდო ორგანიზატორებზე.

როდის და სად დაიწყო შეიარაღებული თავდასხმა?

პარასკევს საღამოს ანკარასა და სტამბოლში ტანკები გამოჩნდნენ, რომლებმაც თურქეთის პარლამენტის შენობასა და პრეზიდენტის სასახლესთან ცეცხლი გახსნეს. თვითმფრინავებმა დედაქალაქში მდებარე ეროვნულ სადაზვერვო შტაბს ცეცხლი გაუხსნეს.

სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა სამხედროებმა კი ბოსფორის ხიდი გადაკეტეს, რომელიც სტამბოლის აზიურ და ევროპულ ნაწილებს აკავშირებს ერთმანეთთან. ისინი ამბობდნენ, რომ ქვეყნის დემოკრატიის დასაცავად მოქმედებდნენ და ხელისუფლების დამხობა სურდათ.

რამდენიმე საათის შემდეგ ეროვნულმა დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებების შედეგად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, რომ დაპირისპირება მეამბოხე სამხედროებსა და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს შორის მაინც გრძელდებოდა. თავის მხრივ, სამხედრო დაჯგუფება გადატრიალებას წარმატებულად აფასებდა.

18 ივლისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამბოხების ღამეს, როდესაც პრეზიდენტი ერდოღანი შვებულებიდან სტამბოლში ბრუნდებოდა, მეამბოხეების ორ გამანადგურებელს მისი თვითმფრინავი მიზანში ჰქონდა ამოღებული, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო თავდასხმა არ განხორციელდა და ის სტამბოლში მშვიდობით ჩავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ერდოღანმა ასევე განმარტა, რომ მარმარისში, სასტუმროში, სადაც ის ამბოხების ღამეს, სტამბოლში ჩაფრენამდე იმყოფებოდა, მისი წამოსვლის შემდეგ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პრეზიდენტის განცხადებით, მან თავდასხმას "სულ რამდენიმე წუთით გამოასწრო".

როგორ აისახა მომხდარი თურქულ მედიაზე?

ამბოხების ღამეს, ზემოაღნიშნულ მოვლენებს პროსახელისუფლებო ტელეარხი CNN Turk პირდაპირი ეთერით გადასცემდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კი არხის სტუდიიდან, Facetime-ის მეშვეობით, მოსახლეობას მოუწოდა, მისი და თურქეთის დემოკრატიის მხარდასაჭერად, ასევე თავდამსხმელების წინააღმდეგ, ქუჩაში გამოსულიყვნენ.

რამდენიმე საათის შემდეგ თურქული მედია, მათ შორის CNN Turk-იც, იძულებული გახდნენ მაუწყებლობა შეეწყვიტათ. არხი მას შემდეგ გაითიშა, რაც სტუდიაში სამხედროები შეიჭრნენ. ამასთან, სრულად შეწყდა წვდომა Twitter-სა და YouTube-ზეც.

რა შედეგით დასრულდა აჯანყება?

  • მას შემდეგ, რაც ხელისუფლების დამხობის მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა, 16 ივლისის ღამეს სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე პრეზიდენტის მხარდასაჭერად და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მარცხით დასრულების აღსანიშნავად ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, რის შემდეგაც მათ სიტყვით ერდოღანმა მიმართა და გამარჯვება მიულოცა.
  • ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია სულ ცოტა 290 ადამიანი, საიდანაც 161-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ან პოლიციელი, დანარჩენი კი გადატრიალებაში მონაწილე პირია. დაშავდა ათასზე მეტი მოქალაქე.
  • გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 6 ათასი პირი დაკავებულია, მათ შორის არიან მოსამართლეები და მაღალი თანამდებობის მქონე სამხედრო პირებიც. მათ რიცხვში შედის ავიაბაზა ინჯირლიკის მეთაური, ასევე პრეზიდენტის თანაშემწე სამხედრო საკითხებში, ალბაი ალიც. გარდა ამისა, თანამდებობა დაატოვებინეს 2 745 მოსამართლესა და 8 ათას პოლიციელს. დაკავებულთა შორის არიან: თურქეთის მესამე არმიის ხელმძღვანელი - გენერალი ერდალ ოზთურკი, მეორე არმიის ხელმძღვანელი - გენერალი ადემ ჰუდუტი, საჰაერო თავდაცვის ყოფილი უფროსი - აკინ ოზთურქი, ერთ-ერთი მთავარი მოსამართლე - არფარლსან ალთანი.
  • აშშ-ის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა ავიარეისი აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის აიკრძალა. აღნიშნული მოიცავს თურქეთიდან და მის მიმართულებით მოძრავ კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, ასევე ტრანზიტულ ავიარეისებს მესამე ქვეყნის გავლით, თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით.
  • ამასთან, 16 ივლისს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზა, რომლიდანაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ISIS-ის წინააღმდეგ იბრძვის, თურქეთმა დახურა. თუმცა, მოგვიანებით ბაზა გაიხსნა და კოალიციამ თურქეთის ბაზებიდან საჰაერო ოპერაციების ჩატარება განაახლა.

ვის ადანაშაულებს მომხდარში ერდოღანი?

თურქეთის პრეზიდენტმა მომხდარიდან სულ მალე ხელი აშშ-ში, პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულა გიულენისკენ გაიშვირა, რომელიც თურქეთს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში აქამდეც არაერთხელ დაუდანაშულებია და რომელიც ერდოღანის ყოფილი მოკავშირე, ახლა კი მისი მტერია. აღსანიშნავია, რომ გიულენი თურქეთში, ერდოღანის შემდეგ, გავლენით მეორე პირია.

თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას მოუწოდა, დააკავოს ფეტულა გიულენი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ბრალს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მოწყობაში სდებს, ან დათანხმდეს მის ექსტრადირებას თურქეთში.

ვინ არის ფეტულა გიულენი?

ფეტულა გიულენი არის თურქეთში, ერზრუმში დაბადებული სასულიერო პირი, პოლიტიკოსი და მწერალი, ასევე - ყოფილი იმამი. მის მიერ არის დაარსებული მოძრაობა - Hizmet, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს.

მოძრაობის მიერ მხოლოდ თურქეთში - 300-მდე, მსოფლიოს მასშტაბით კი ათასამდე სკოლაა დაარსებული. გარდა ამისა, ჰიზმეტის მიერ არის შექმნილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, სასწავლო ცენტრი, საავადმყოფო და სოციალური დახმარების პროგრამა.

თურქეთში მომხდარი გადატრიალების შემდეგ გიულენი 1999 წლიდან აშშ-ში, პენსილვანიაში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ადრე ის ერდოღანის მოკავშირე იყო, ახლა კი უკვე წლებია მისი მეტოქეა.

2000 წელს, როდესაც გიულენი უკვე აშშ-ში ცხოვრობდა, მის წინააღმდეგ თურქეთში სასამართლო პროცესი დაიწყო. მას ბრალად შარიათის კანონზე დაფუძნებული რეჟიმის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2008 წელს მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, ბრალდებები მოუხსნეს.

2013 წელს თურქეთში კორუფციული სკანდალი მოხდა, რის შედეგადაც ერდოღანთან კავშირში მყოფი პოლიციის თანამშრომლები და ბიზნესმენები დააკავეს. ქვეყნის პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წამოწყებულ კორუფციულ კამპანიაში მაშინაც გიულენის ჩართულობაზე საუბრობდა და მომხდარში მის მოძრაობას ადანაშაულებდა.

თურქულმა სასამართლომ გიულენის დაპატიმრების შესახებ ბრძანება 2014 წელს მას შემდეგ გასცა, რაც მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების დაარსება და ხელმძღვანელობა დასდო. ადგილობრივი პროკურორი ამტკიცებდა, რომ გამოძიებას ხელთ ჰქონდა ყველა დამამტკიცებელი დოკუმენტი იმისთვის, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედებები დაემტკიცებინა.

ერდოღანი გიულენს თურქეთის სასამართლო და საპოლიციო სისტემაში "პარალელური სტრუქტურის" შექმნაში სდებდა ბრალს. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ გიულენს ქვეყანაზე გავლენა თავისი მედია-იმპერიის მეშვეობით ჰქონდა. თურქეთის აღნიშული ქმედებები მაშინ როგორც ევროკავშირმა, ისე აშშ-მაც დაგმო.

თურქეთის ხელისუფლებისა და ერდოღანის ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად, 2014 წლის დეკემბერში გიულენთან შესაძლო კავშირის გამო 23 თურქი ჟურნალისტიც დააპატიმრეს, რომლებსაც ბრალად უკანონო ორგანიზაციის შექმნასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებას სდებდნენ.

თურქეთის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციები.

რას პასუხობს გიულენი ერდოღანს?

გიულენი ერდოღანის ბრალდებებს უარყოფს და მომხდარში თავად თურქეთის მთავრობას ადანაშაულებს. ის განმარტავს, რომ ერდოღანის ხელისუფლებას შესაძლოა თავად "დაედგა" სახელმწიფო გადატრიალება.

გიულენი ამბობს, რომ თურქეთში 1990-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალებების შედეგად თავად დაზარალდა, რადგან ის დააპატიმრეს და სხვადასხვა ტიპის შევიწროვებას განიცდიდა.

თურქეთის ოფიციალურმა პირებმა კი განმარტეს, რომ გიულენის შესახებ აშშ-ში გასაგზავნი ექსტრადირების მოთხოვნა უკვე მზადდება. დღეს კი გიულენმა განაცხადა, რომ დაემორჩილება აშშ-ს მხრიდან თურქეთში მისი ექსტრადირების შესაძლო გადაწყვეტილებას.

რას პასუხობს აშშ ერდოღანს?

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, კერის თქმით, იმისთვის, რომ ვაშინგტონმა გიულენის ექსტრადირების საკითხი განიხილოს, თურქეთმა მას მის გასამტყუნებლად უტყუარი მტკიცებულებები უნდა გადასცეს.

დღეს კი, მას შემდეგ, რაც თურქეთმა განაცხადა, რომ გიულენის შესახებ აშშ-ში გასაგზავნი ექსტრადირების მოთხოვნა უკვე მზადდება, ამერიკის მთავრობამ განმარტა, რომ განიხილავს თურქეთის მთავრობის ყველა ოფიციალურ მოთხოვნას.

აშშ-მ ასევე მზადყოფნა გამოთქვა იმისთვის, რომ დაეხმაროს თურქეთს მომხდარის გამოძიების პროცესში.

რა შესაძლო მიზეზებმა გამოიწვია თურქეთში მომხდარი?

თურქეთის რესპუბლიკა 1923 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაარსდა, რომელიც დემოკრატიული ნაციონალიზმსა და უკომპრომისო სეკულარიზმს უჭერდა მხარს, რასაც თურქეთში ახლა ქემალიზმს უწოდებენ.

თურქი სამხედროების ნაწილი თავს სწორედ ქემალიზმის სადარაჯოზე მყოფად აღიქვამს და 1960 წლიდან ქვეყნის დემოკრატიისა და ისლამური გავლენისგან გათავისუფლებისთვის უკვე 4 მთავრობა ჩამოაგდო. ყოველ ჯერზე ქვეყანა დემოკრატიულობას უბრუნდებოდა, თუმცა მას უკვე დეგრადირებული ფორმა ჰქონდა.

ერდოღანს, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან მართავდა ჯერ პრემიერის, ახლა კი გაზრდილი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტის რანგში, ბევრი სწორედ დემოკრატიისა და სეკულარიზმის საფრთხედ მიიჩნევს. ის იმ პარტიის ლიდერია, რომელმაც თურქული სკოლები ისლამური გავლენის ქვეშ მოაქცია. მას პრესის თავისუფლების მტრადაც აღიქვამენ. ამასთან, მოსახლეობის აღნიშნული ნაწილის აზრით, ერდოღანმა ქვეყანაში ისეთი კონსტიტუციური ცვლილებები განახორციელა, რომლითაც მან მეტი ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

გარდა იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში წარუმატებლად დასრულდა, აღსანიშნავია, რომ სამხედროთა ნაწილმა ერდოღანის მხარეც დაიჭირა. სწორედ აღნიშნული შედეგის გამო, გაჩნდა მოსაზრება, რომ მომხდარის შემდეგ ერდოღანის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება და ის ამ პოპულარობის თურქულ პარლამენტში მიცემულ ხმებში გარდაქმნას შეძლებს იმისთვის, რომ კიდევ მიიღოს ისეთი კონსტიტუციური ცვლილებები, რაც მისი ძალაუფლების გაზრდას უზრუნველყოფს.

რას ფიქრობს მსოფლიო თურქეთში მომხდარზე?

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ამბობს, რომ თუ თურქეთი გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებისას დემოკრატიული პრინციპებისგან გადაუხვევს, შესაძლოა NATO-ს დატოვება მოუწიოს:

"თურქეთის მიერ არჩეული მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია, თუმცა ჩვენ ვითხოვთ მისგან შეასრულოს უმაღლესი სტანდარტები და პატივი სცეს მოქალაქეების დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კანონმდებლობას".

კერის თქმით, ამერიკა მხარს უჭერს აჯანყებულების გასამართლებას, თუმცა უმნიშვნელოვანესია, დაცული იყოს დემოკრატია, რაც ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომელზეც ნატო დგას.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარი, იოჰანეს ჰანი კი ამბობს, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწყებული დაპატიმრებები ტოვებს განცდას, რომ ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული იმ პირთა სია, ვის დაკავებასაც გეგმავდა:

“ჩანს, თითქოს რაღაც წინასწარი იყო მომზადებული. სიები არსებობდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამზადებული იყო, რომ რაღაც ეტაპზე ყოფილიყო გამოყენებული. შეშფოთებული ვარ. ეს სწორედ ისაა, რისიც გვეშინოდა”.

გარდა ამისა, ერდოღანის განცხადებას, რომ თურქეთი სიკვდილით დასჯის აღდგენას განიხილავს, ევროპის საბჭოც გამოეხმაურა და განმარტა, რომ მის არც ერთ წევრ ქვეყანას უფლება არა აქვს სიკვდილით დასჯა გამოიყენოს. გარდა ამისა, ევროკომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ მოუწოდა თურქეთს, დაიცვას სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები.

მასალა მომზადებულია უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ

გვიან ღამით, თსუ-ში დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და…