სკანდალი, რომლის გამოც Facebook-ის აქციები მკვეთრად ეცემა - მარტივად

Op-ed ოპ-ედი არასარედაქციო კატეგორიაა, მრავალფეროვანი იდეებით და ადამიანებით. აქ გამოქვეყნებული ტექსტები წარმოადგენს ავტორთა მოსაზრებას და, შესაძლოა, არ ასახავდეს On.ge-ს რედაქციის პოზიციას.
0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

კომპანიები ფეისბუქი და კემბრიჯ ანალიტიკა სკანდალში გაეხვნენ. კემბრიჯ ანალიტიკას ფეისბუქის მეშვეობით მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპოვებასა და შემდგომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ფეისბუქის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტმა და ამერიკის კონგრესმა დაკითხვაზეც კი დაიბარა.

რას საქმიანობს კემბრიჯ ანალიტიკა?

კემბრიჯ ანალიტიკა ბრიტანული კერძო კომპანიაა, რომელიც მონაცემთა მოპოვებისა და გადამუშავების გზით საარჩევნო პროცესებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების შექმნაში მონაწილეობს.

2015 წელს კემბრიჯ ანალიტიკა ცნობილი გახდა იმით, რომ ჩართული იყო ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ტედ კრუზის საარჩევნო კამპანიაში, თუმცა, მალევე, 2016 წელს, კომპანია დონალდ ტრამპის კამპანიაში ჩაერთო. კომპანია მონაწილეობას იღებდა Leave.EU კამპანიაშიც, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერდა მხარს.

რა შუაშია ქვიზი, სახელად This is Your Digital Life?

2014 წელს ფეისბუქზე გამოჩნდა ქვიზი, სახელად this is your digital life, რომელიც ადამიანებს სთავაზობდა მათი პერსონალური ტიპის დადგენას. აპლიკაცია კემბრიჯის უნივერსიტეტის აკადემიკოსის, ალექსანდრ კოგანის მიერ იყო შექმნილი (უნივერსიტეტს კემბრიჯ ანალიტიკასთან არაფერი აკავშირებს).

აპლიკაცია მონაცემებს არა მხოლოდ ქვიზში მონაწილე ადამიანების, არამედ მათი მეგობრების შესახებაც აგროვებდა.

ქვიზით 270 000-მა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა, რადგან მომხმარებლები თანხმდებოდნენ, აპლიკაციას მიეღო ინფორმაცია მათი მეგობრების შესახებაც, კოგანმა შეძლო, პერსონალური მონაცემები 50 მილიონი მომხმარებლის შესახებ მათი თანხმობის გარეშე მიეღო. მომხმარებელთა უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო.

კრისტოფერ ვაილი კომპანია კემბრიჯ ანალიტიკას ყოფილი თანამშრომელი და მისი მთავარი მამხილებელია. ის აცხადებს, რომ შეგროვებული მონაცემები ანალიტიკურმა კომპანიამ იყიდა, გადაამუშავა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის გამოიყენა.

რაში სჭირდებოდა კემბრიჯ ანალიტიკას ფეისბუქის მონაცემები?

კომპანიის პოლიტიკიდან და მიზნებიდან გამომდინარე, კემბრიჯ ანალიტიკას შეუძლია მონაცემთა გადამუშავებით შესაბამისი საარჩევნო კომუნიკაციის წარმართვა. შესაძლოა, კომპანიას ფეისბუქისგან მიღებული მონაცემები უფრო პერსონიფიცირებული მესიჯების შესაქმნელად და სამიზნე აუდიტორიის უკეთესად განსაზღვრისთვის უნდოდა, თუმცა, დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რა როლი შეასრულა მოპოვებულმა მონაცემებმა და რამდენად შეუწყო ხელი ტრამპის გამარჯვებას. ასევე, არ გვაქვს ინფორმაცია იმ 50 მილიონი მომხმარებლიდან რამდენი მივიდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

დაარღვია თუ არა ფეისბუქმა წესები?

2007 წლიდან ფეისბუქი საშუალებას აძლევდა დეველოპერებს, რომ ფეისბუქის პლატფორმაზე აპლიკაციები შეექმნათ. მაშინ, როდესაც ალექსანდრ კოგანმა თავისი აპლიკაცია შექმნა, ფეისბუქს მისთვის უარი არ უთქვამს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანებს, რომლებმაც ისარგებლეს აპლიკაციით, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათი პერსონალური მონაცემები დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის იქნებოდა გამოყენებული, რაც ფეისბუქის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

როგორ უპასუხა ბრალდებებს ფეისბუქმა?

ფეისბუქმა წინასწარ იცოდა, რომ შაბათს, 17 მარტს, ნიუ იორკ თაიმსისა და გარდიანის თანამშრომლები აპირებდნენ, დაეწერათ სტატიები იმის შესახებ, რომ 50 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში გამოიყენეს.

გარდიანის ჟურნალისტმა თავის პირად ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეისბუქი მედიასაშუალებას ჩივილით დაემუქრა. ფეისბუქისგან შეტყობინება ნიუ-იორკ თაიმსმაც მიიღო, თუმცა, წერილი ჩივილის მუქარას არ შეიცავდა.

საბოლოოდ, ფეისბუქმა მაინც დაასწრო მედიას და 16 მარტს მიმდინარე პროცესებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2015 წელს, ალექსანდრ კოგანმა პლატფორმა შეცდომაში შეიყვანა, წესები დაარღვია და ადამიანების შესახებ შეგროვებული მონაცემები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

ფეისბუქში ამბობენ, რომ როდესაც მათ წესების დარღვევის ფაქტი აღმოაჩინეს, პლატფორმიდან აპლიკაცია დაუყოვნებლივ წაშალეს და მოსთხოვეს კომპანიას, ამ გზით მოპოვებული მონაცემებიც წაეშალათ. ეს მტკიცდება ფეისბუქის ადვოკატების მიერ, კემბრიჯ ანალიტიკასთვის, კერძოდ კი, ვაილისთვის 2016 წლის აგვისტოში გაგზავნილი წერილითაც, რომლითაც იურისტები მისგან მოითხოვენ, გაანადგუროს კოგანის მიერ შექმნილი აპლიკაციიდან მიღებული მონაცემები.

პერსონალური მონაცემების დამცველები ამბობენ, რომ ფეისბუქი უპასუხისმგებლოდ მოიქცა. კომპანიას წლების განმავლობაში ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო კანონდარღვევაზე, თუმცა, თავისი მომხმარებლები არ გაუფრთხილებია. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების უმეტესობაში არსებობს სპეციალური კანონი, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები უნდა გააფრთხილონ პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი გამოყენების შესახებ. ეს კანონი მოქმედებს კალიფორნიაშიც, სადაც ფეისბუქი დაფუძნდა.

რა პოზიცია აქვს კემბრიჯ ანალიტიკას?

კემბრიჯ ანალიტიკა ამტკიცებს, რომ მათ არასდროს გამოუყენებიათ ფეისბუქის მონაცემები და წაშალეს მაშინვე, როგორც კი ეს ფეისბუქმა მოითხოვა, თუმცა, ვაილიმ განაცხადა, რომ მონაცემები მის ყოფილ კომპანიას არ წაუშლია. უფრო მეტიც, გარდიანის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ამ მონაცემების გაუშიფრავი ფაილების რაღაც ნაწილის ნახვა ონლაინაც კია შესაძლებელი და დღემდე არავის გაუნადგურებია.

20 მარტს, Channel 4-მა გაავრცელა კადრები, რომელშიც კემბრიჯ ანალიტიკას აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრ ნიქსი პოტენციურ შრილანკელ დამკვეთს ხვდება. ფარული კამერით გადაღებულ კადრებში ნიქსი ამბობს, რომ ტრამპის კამპანიისთვის მათ ფეისბუქის მონაცემები გამოიყენეს.

ვინ არის ალექსანდრ კოგანი?

კემბრიჯ ანალიტიკას მეილებისა და ფინანსური ჩანაწერების ნახვის შემდეგ გამოვლინდა, რომ კოგანის ანგარიშზე მათ $800 000-ზე მეტი აქვთ გადარიცხული. კოგანს ასევე დატოვებული აქვს უფლება, იქონიოს მონაცემების ასლი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოგანს პირდაპირი კავშირები აქვს პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელშიც ის ლექციებს უკითხავდა სტუდენტებს. ამ მიზნით, კოგანმა რუსეთში 3-ჯერ იმოგზაურა.

მისი ლექციების ჩანაწერები CNN-მა მოიპოვა. კოგანი სტუდენტებს უყვება, როგორ შეიძლება ფეისბუქის მონაცემებზე დაყრდნობით ადამიანების ფსიქოტიპის შესწავლა და რომ ფეისბუქს უფრო მეტის თქმა შეუძლია ჩვენზე, ვიდრე ჩვენი მშობლები/ქმრები/ცოლები/მეგობრები იტყოდნენ.

კოგანი ასევე აღნიშნავს, რომ მიღებული მონაცემების დამუშავება საინტერესო პროცესია და რომ მან 3000-მდე პერსონალური მიმოწერაც შეისწავლა და გაშიფრა, რითაც საინტერესო შედეგები მიიღო.

რთული სათქმელია, კოგანმა ეს სტუდენტებზე გავლენის მოსაპოვებლად თქვა თუ მართლაც მოახერხა 3000 ადამიანის პირადი მიმოწერის წაკითხვა.

საინტერესოა, რომ პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია რუსეთში, დიდი რაოდენობით დაფინანსებას იღებს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. ცხადია, ამ ყველაფერმა გააჩინა ეჭვი კოგანის რუსეთის აგენტობაზე, რასაც, მკვლევარი კატეგორიულად უარყოფს.

როგორია ოფიციალური გამოხმაურება?

ამერიკის სენატორებმა მოითხოვეს მარკ ცუკერბერგისგან, წარმოადგინოს მტკიცებულებები, თუ როგორ იცავს ფეისბუქის პლატფორმა მომხმარებლებს.

ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დამიან კოლინსმა ცუკერბერგი კომიტეტის წინაშე დაკითხვაზე დაიბარა.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აუცილებელია გაირკვეს, ნამდვილად გამოიყენეს თუ არა მონაცემები პოლიტიკური მიზნებისთვის.

კემბრიჯ ანალიტიკამ აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრ ნიქსი სამსახურიდან გაუშვა, ამის მიზეზად კი, ნიქსის განცხადებების კომპანიის პოლიტიკასთან შეუთავსებლობა დაასახელა.

აპლიკაციის შემქმნელი ალექსანდრ კოგანი კი ამბობს, რომ ის “განტევების ვაცად” იქცა.

რამდენად იზარალა ფეისბუქმა?

მონაცემთა შესაძლო გამოყენების ფაქტის გაჟღერების შემდეგ, ფეისბუქის აქციების ფასი 50 მილიარდით (6.8%-ით) დაეცა, რაც კომპანიის აქციების ფასის ყველაზე დიდი ვარდნაა 2014 წლის შემდეგ.

სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა ჰეშთეგი #deletefacebook და #BoycottFacebook. მომხმარებლები წერენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, რაში შეიძლება გამოიყენონ მათი პერსონალური მონაცემები, ამიტომ, პროტესტის ნიშნად შლიან თავიანთ Facebook გვერდებს. თუმცა, გამოჩნდნენ ამ ჰეშთეგის მაკრიტიკებლებიც, რომლებიც წერენ, რომ იმავე ლოგიკით, მომხარებლებმა უნდა გააუქმონ ინსტაგრამიც, ტვიტერიც, სნეპჩეტიც, შეწყვიტონ გუგლის გამოყენება, აღარაფერი გამოიწერონ ამაზონიდან და საკრედიტო ბარათებიც დაბლოკონ.

როგორ დავიცვათ ჩვენი პერსონალური მონაცემები?

ალბათ, თქვენს კედელზე არაერთი აპლიკაცია შეგხვედრიათ, რომელიც გპირდებათ, გაჩვენოთ, როგორ გამოიყურებით 50 წლის შემდეგ; როგორი იქნებოდით, საპირისპირო სქესის რომ ყოფილიყავით; რა არის თქვენი ჭეშმარიტი სექსუალური ორიენტაცია და ა.შ. ყოველდღიურად, ჩვენ საკუთარ მონაცემებს ვუზიარებთ ამგვარ აპლიკაციებს, ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ საკუთარი პერსონალური მონაცემები:

1. ყურადღება მიაქციეთ იმ აპლიკაციებს, რომლებიც გთხოვენ, გაიაროთ რეგისტრაცია ფეისბუქის პროფილის საშუალებით. როგორც ერთ ხუმრობაშია, არავინ არასდროს კითხულობს გუგლის მეორე გვერდზე ამოვარდნილ ძიების შედეგებსა და ამა თუ იმ აპლიკაციის გამოყენების პირობებსა და წესებს. რეალურად კი, თქვენ, შესაძლოა, სხვადასხვა აპლიკაციას წვდომას აძლევდეთ არამხოლოდ თქვენს პირად, არამედ თქვენი მეგობრების მონაცემებზეც;

2. პარამეტრებიდან გადადით აპლიკაციებში და შეამოწმეთ, რომელ აპლიკაციებს აქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებთან. წაშალეთ ის აპლიკაციები, რომლებიც საეჭვოდ გეჩვენებათ;

3. გენერალური პარამეტრებიდან (General Account Settings), თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ მონაცემები, რომელსაც ფეისბუქი თქვენ შესახებ ფლობს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს მონაცემები ბევრად უფრო დაცულია ფეისბუქის სერვერებზე, ვიდრე ის იქნება თქვენს ლეპტოპში.

შეიძლება საშიშად ჟღერდეს, მაგრამ არაერთი აპლიკაცია შეიძლება ფლობდეს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის, მეგობრების, სატელეფონო კონტაქტებისა და სხვა მონაცემების შესახებ, ამიტომ, ეცადეთ, მაქსიმალურად გაერკვიოთ, რა მონაცემებს უზიარებთ ყოველდღიურად ამა თუ იმ აპლიკაციას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ