ფოტოები: აჭარიდან ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში კიდევ ოთხი ხე მიაქვთ
აჭარიდან, კერძოდ, ჩაქვიდან, მახინჯაურიდან და ბათუმიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში წასაღებად 4 ხეს ამზადებენ. ხეები უკვე ამოთხრილია და მათი გადასაადგილებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 ხეა გამზადებული. ხის გადატანის სამუშაო პროცესში ჩართულებმა On.ge-ს კითხვებს არ უპასუხეს. მედიასთან საუბარზე უარს ამბობენ ადგილობრივებიც, თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ხეების გადატანის წინააღმდეგი არ არიან, რადგან დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და გზის დაგებას დაჰპირდნენ.
ხის გადატანითი სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმშიც, თამარ მეფის გამზირზე. სამუშაოებს ადგილობრივები ესწრებოდნენ. ამ შემთხვევაშიც, მათ არ ისურვეს მედიასთან საუბარი. მათი თქმით, "სიტუაციის შეფასებას აზრი არ აქვს, არავინ გაითვალისწინებს, უკვე დაგვიანებულია". On.ge-ს ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ერიდებიან მედიასთან საუბარს, რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ თავს იკავებენ, რათა ოჯახს პრობლემები არ შეუქმნან.
ხეები უკვე გადმოიტანეს სანაპირო ზოლთან.
ზღვის სანაპიროზე უკვე გამზადებულია ბარჟა, რომლითაც ხეს ზღვამდე მიიტანენ.
ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში აშენებს. პარკში ხეების გადატანა გასულ წელს დაიწყო. პირველად, 16 იანვარს, შავი ზღვის გავლით გადაიტანეს ასწლოვანი მაგნოლიას ხე, რისთვისაც ბობოყვათის სანაპიროზე გაკეთდა სპეციალური მისადგომი და გზა, რომლითაც სატვირთომ ხე პლატფორმაზე განათავსა.
კომენტარები