საზოგადოებრივი აზრი მაგდა პაპიძეზე და ნაფიცი მსაჯულები მისი გავლენის რისკის ქვეშ
მეუღლესა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები დღეს გამოიტანენ. რამდენიმე თვეა, პაპიძის საქმეს საქალაქო სასამართლოში განიხილავენ. პროცესების მიმდინარეობისას, სხდომა რამდენჯერმე დაიხურა, ზოგ შემთხვევებში ბრალდების მხარის, ზოგჯერ კი ბრალდებულის მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, მისი პირადი ცხოვრების დეტალები ყოველდღიურად შუქდებოდა მედიაში, რასაც პროკურატურის საჯარო განცხადებების უწყობდა ხელს. ბოლო, 4 ივლისის სხდომის დახურვა თავად პაპიძემაც მოითხოვა და მიზეზად მედიის მიერ მისი პროცესის გაშუქების უარყოფითი ფორმა დაასახელა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გოგა ხატიაშვილი On.ge-სთან ინტერვიუში სამართლებრივად აფასებს როგორც საგამოძიებო უწყების ქმედებას, ისე იმ რისკებს, რაც შესაძლოა, ნაფიცი მსაჯულების მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას უკავშირდებოდეს.
როგორ შეაფასებთ პროკურორის ქმედებას, როცა მან დახურულ სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ პაპიძის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული დეტალები მედიასთან გაასაჯაროვა? შეიძლება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს პროკურორს ამის გამო?
მოცემულ შემთხვევაში, სხდომის დახურვის მიზანი სწორედ ის იყო, რომ მაგდა პაპიძის პირადი ცხოვრების დეტალები არ ყოფილიყო ხელმისაწვდომი საზოგადოების წევრებისათვის და ეს ყოფილიყო დაცული. ერთ შემთხვევაში თავად პროკურატურამ მოითხოვა ამ მოტივით სხდომის დახურვა, მეორე შემთხვევაში კი - ბრალდებულმა. მიუხედავად სხდომის დახურვისა, ის ინფორმაცია, რაც განიხილეს სხდომაზე, როგორც პროკურატურამ ასევე დაცვის მხარემაც, გააჟღერეს და მედიასთან საუბარში ცალკეულ დეტალებზე ისაუბრეს, რაც რა თქმა უნდა, დარღვევაა. სხდომის დახურვის ლეგიტიმური მიზანი რაც იყო - მაგდა პაპიძის პირადი ცხოვრების დაცვა - ვერ იქნა მიღწეული.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, როდესაც სხდომა იხურება, მოსამართლეს აქვს ერთგვარი დისკრეცია, ანუ მან სხდომაზე მონაწილე პირები უნდა გააფრთხილოს იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომ მათ არ უნდა გაავრცელონ დახურულ სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია. კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომ მოსამართლეს შეუძლია გააფრთხილოს, ან არ გააფრთხილოს. ვინაიდან არ ვიცით რამდენად გამოიყენა ეს შესაძლებლობა მოსამართლემ, ამიტომ ნაადრევი იქნება საუბარი პასუხისმგებლობის თაობაზე.
ეს საკითხი კანონით ასე რეგულირდება: თუკი გაამჟღავნებენ დახურული სხდომის ინფორმაციას მითითების შემდეგ, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოსამართლეს კი გაფრთხილების მხოლოდ უფლებამოსილება აქვს და არა - ვალდებულება.
თავად ბრალდებულმა მოითხოვა, რომ პროცესი ყოფილიყო ღია და საჯარო. მიუხედავად ამისა, შესაძლებელი იყო თუ არა პროცესის დახურვა, ან რა შემთხვევაში შეიძლება დახურულიყო პროცესი?
ის, რომ ზოგადად ბრალდებული ითხოვს საჯაროობას და ღიაობას, ეს არ ართმევს მას უფლებას, რომ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც დღის წესრიგში დგას მისი პირადი ცხოვრების საკითხები, მოითხოვოს სხდომის დახურვა.
არსებობდა ასევე მთლიანი პროცესის დახურვის შანსიც, მიუხედავად ბრალდებულის საწინააღმდეგო მოთხოვნისა, მაგრამ ამისათვის გარკვეული ლეგიტიმური და დასაბუთებული საფუძველი იყო საჭირო. პროცესის დახურვა დამოკიდებულია არა მხოლოდ დაცვის მხარეზე, არამედ ბრალდების მხარეზე და მოსამართლესაც შეუძლია თავისი ინიციატივით ამის განხორციელება. ასეთ დროს, შეიძლება, ერთი მხარე იყოს წინააღმდეგი, თუმცა მან უნდა დაასაბუთოს, რატომ ეწინააღმდეგება და ამასთან, ვინც დახურვას ითხოვს, იმათაც უნდა დაასაბუთონ თავისი პოზიცია.
საქმეს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები, რომლებმაც დამოუკიდებლად, გარე ზემოქმედების გარეშე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. თქვენი აზრით, პროკურატურისა და მედიის მიერ ამ საქმეზე ამ დოზით და ამ ფორმით ყურადღების გამახვილება რა პრობლემას ქმნის?
გააჩნია ინფორმაცია რა კონტექსტში ჟღერდება. თუკი ის არის ბრალდებულის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება პირიქით, გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის საფუძველი გახდეს. ასევე, გააჩნია როგორ აღიქვამენ ისინი ამ ინფორმაციას, დადებით თუ უარყოფით კონტექსტში. მსაჯულებზე გავლენა რომ ექნება, ეს ყველა შემთხვევაში სახეზეა თუმცა, რა ტიპის გავლენა ექნება საზოგადოებრივ აზრს, ეს ინდივიდუალურია და თავად ნაფიცი მსაჯულების გადასაწყვეტი.
ნაფიცი მსაჯულები არიან არაიურისტები, ანუ ის პირები, რომლებსაც არ აქვთ იურიდიული განათლება. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მათზე ყველა ფაქტორმა, არაიურიდიული მნიშვნელობის ფაქტორმაც კი მოახდინოს ზეგავლენა, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მხარეები ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რომ ისეთი ინფორმაცია არ გახდეს ცნობილი მსაჯულებისთვის, რომელიც არ იქნება იურიდიულად დასაბუთებული, ან სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული.
ვერ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ მაშინ, როდესაც პროკურატურამ გამოძიების ეტაპზე გამოაქვეყნა ინფორმაცია და მტკიცებით ფორმაში მოიხსენია მაგდა პაპიძე დამნაშავედ, ჯერ კიდევ ამ ეტაპიდანვე დაწყებულიყო ნაფიცი მსაჯულების აზრის ფორმირება ბრალდებულის წინააღმდეგ.
ეს ინფორმაცია ძალიან ბევრმა ნახა და არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის იყვნენ მოქმედი ნაფიცი მსაჯულებიც.
ეს შეიძლება თუ არა გახდეს ნაფიც მსაჯულთა დაშლისა და ახალი შემადგენლობის შეკრების საფუძველი და რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს?
კანონმდებლობაში პირდაპირი ჩანაწერი არ არსებობს, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო დაითხოვოს მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულები. ის გარემოება, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიძლება ზემოქმედებდეს მათზე, შერჩევის ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ. თავიდანვე უნდა მოხდეს ისეთი მსაჯულების შერჩევა, რომლებიც თავისუფლები არიან საზოგადოებრივი აზრისგან.
ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული ააცილეს იმის გამო, რომ მან მედიასთან გააკეთა ინტერვიუ და ესაუბრა ცალკეულ საკითხებზე, მათ შორის მის დამოკიდებულებაზე კონკრეტული საქმის მიმართ.
კანონი ცალკეულ შემთხვევებს ითვალისწინებს ნაფიცი მსაჯულების დათხოვნასთან დაკავშირებით. მაგალითად, მოსამართლეს აქვს უფლება ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი გააუქმოს და ახალი შემადგენლობა მოიწვიოს, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას და უსაფუძვლოა. გამამართლებელ ვერდიქტს ვერ გააუქმებს მოსამართლე და არ საჩივრდება.
ნეიტრალური მსაჯულების შერჩევის შემდეგ, თუ არსებობს რისკი რომ პროცესების მიმდინარეობისას მოახდინოს საზოგადოებრივმა აზრმა მათი შეხედულების ფორმირება?
კი, შესაძლებელია და ამ საფრთხისაგან არ ვართ დაზღვეულები. დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საკითხები გამოავლინეს დახურულ სხდომაზე. ცოტა გაუგებარია, როგორ გაიგო მედიამ რა საკითხები იყო დახურულ სხდომაზე, ან რატომ უდნა ცდილობდეს ის რომ დახურულ სხდომაზე გაჟღერებული საკითხები გამოააშკარავოს.
ნაფიც მსაჯულებს აფრთხილებენ და ვალდებულები არიან, რომ საზოგადოებრივი აზრის ქვეშ არ მოექცნენ. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ძალიან რთულია იმის თქმა, ისინი თავისუფლები არიან თუ არა, რადგან ნაფიცი მსაჯულები პროცესის დროს და შემდეგ მედიასთან არ საუბრობენ და არავინ იცის მათი დამოკიდებულება. თუმცა ის ფაქტი, რომ მედიაში შუქდება გარკვეული დეტალები, ის, რომ პროკურატურა სხვანაირად ცდილობს ნაფიც მსაჯულებს ეს საქმე დაანახოს, შესაძლებელს ხდის, რომ ისინი გარკვეული ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ.
კომენტარები