როგორი იქნება TBC ბანკის ახალი, მწვანე სათავო ოფისი ლისზე
25 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და შედეგების გაზიარებისას, თიბისი ბანკის მენეჯმენტმა ახალი სათავო ოფისისა და თბილისის ბიზნეს ცენტრის პროექტი წარადგინა.
თბილისის ბიზნეს ცენტრი - ასე ერქმევა კომპლექსს, რომელიც ლისის ტბასთან აშენდება და მასში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ენერგოეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური გარემო.
თიბისის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც შექმნის მიმზიდველ სამუშაო გარემოს როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის.
პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN Studio-ს წარმოადგენს.
შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შეიქმნა, როგორც არქიტექტორი ამბობს, შატილის მსგავსად, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად აერთიანებდა ყველაფერს, რაც სოფელს სჭირდებოდა, ასეთია თბილისის ბიზნეს ცენტრის შექმნის იდეაც.
ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემო, სადაც დასვენებისა და მუშაობისათვის ყველა პირობა იქნება შექმნილი. მოეწყობა სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის და გაიხსნება საკვები დაწესებულებები.
პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2 000 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.
კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ისინი მაქსიმალურად შეძლებენ შესაძლებლობების რეალიზაციას. ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის. შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვისაც.
ფრანს ვან ვუურეს განცხადებით, მათ რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს, საფუძვლიანად გამოიკვლიეს ლოკაცია, ასევე, შეისწავლეს თიბისის, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომზადდა პროექტი, რომლის განხორციელებაში უკვე ესპანური კომპანია TYPSA ჩაერთვება. TYPSA მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, მაგალითად, მათ მიერ არის აშენებული ქალაქ მადრიდში სანტანდერ ჯგუფის ახალი სათავო ოფისის კომპლექსი.
TYPSA-ს გლობალური დირექტორის ანტონიო კაპილა მატარედონას თქმით, თიბისი ბანკის ახალი ოფისის იდეა მთლიანად ეფუძნება ინოვაციურ და კრეატიულ ტექნოლოგიებს, ამავდროულად, ის არის გამჭვირვალე და ღია, ისეთი როგორიც უნდა იყოს საფინანსო სერვისების მომწოდებელი ორგანიზაცია 21-ე საუკუნეში.
პროექტის განხორციელება 2018 წლის აპრილიდან დაიწყება და 2021-ში დასრულდება. როგორც ანტონიო კაპილა მატარედონა ამბობს, თბილისის ბიზნეს ცენტრი სავიზიტო ბარათი გახდება თიბისი ჯგუფისთვის, რომელშიც გაერთიანდება ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია.
კომენტარები