პოტსდამის კლიმატის ზეგავლენის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა ხანმოკლე ბუნებრივი ფაქტორები, ისეთები როგორიცაა ელ-ნინიო და ვულკანური ამოფრქვევები, კლიმატურ მონაცემებს გამოაკლეს და გრძელვადიან ტენდენციაში დათბობის მკაფიო აჩქარება აღმოაჩინეს. კვლევის მიხედვით, დედამიწა 2015 წლის შემდეგ ყოველ ათწლეულში საშუალოდ 0.35 გრადუს ცელსიუსით თბება, მაშინ როცა 1970-დან 2015 წლამდე ეს მაჩვენებელი ათწლეულში 0.2 გრადუსზე ნაკლები იყო. ეს ტემპი 1880 წელს ინსტრუმენტული დაკვირვებების დაწყების შემდეგ ყველაზე სწრაფია.

მეცნიერებმა გრძელვადიანი დათბობის სიგნალი გამოკვეთეს

"ჩვენ ახლა შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ 2015 წლის შემდეგ გლობალური დათბობა ძლიერად და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აჩქარდა. დაკვირვების მონაცემებში ბუნებრივი გავლენის ცნობილ ფაქტორებს ვფილტრავთ, რის შედეგადაც 'ხმაური' მცირდება და გრძელვადიანი დათბობის საფუძვლად არსებული სიგნალი უფრო მკაფიოდ ჩანს", — თქვა გრანტ ფოსტერმა, კვლევის თანაავტორმა და აშშ-ის სტატისტიკის ექსპერტმა. კვლევა აგვისტოში, სამეცნიერო ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

კლიმატურ მონაცემებში "ხმაური" ხანმოკლე ტემპერატურულ ცვლილებებს გულისხმობს, რომლებსაც შეუძლიათ საბაზისო ტენდენცია დროებით დაფარონ ან გაზვიადონ. მაგალითად, ელ-ნინიომ შეიძლება გლობალური ტემპერატურა შეზღუდული პერიოდის განმავლობაში აწიოს, რადგან წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილიდან სითბოს ატმოსფეროში გამოყოფას იწვევს. საპირისპირო ეფექტი ვულკანურ ამოფრქვევებს აქვს, რომლებიც მზის სინათლის ამრეკლ ნაწილაკებს ატმოსფეროში აგზავნის, ხოლო მზის აქტივობის ცვლილებებსაც პატარა ტემპერატურული რყევების გამოწვევა ძალუძს.

ელ-ნინიოს, ვულკანური აქტივობისა და მზის ცვალებადობის გავლენა გლობალურ ტემპერატურაზე, გაზომილი Berkeley Earth-ის მონაცემების მიხედვით

ფოტო: Geophysical Research Letters / Foster & Rahmstorf

ამ დროებითი ფაქტორების ფართო დათბობის ტენდენციისგან გამოსაყოფად, მკვლევრებმა ხუთი ფართოდ გამოყენებადი გლობალური ტემპერატურის მონაცემთა ბაზა: NASA, NOAA, HadCRUT, Berkeley Earth და ERA5 გააანალიზეს.

"კორექტირებული მონაცემები 2015 წლის შემდეგ გლობალური დათბობის აჩქარებას აჩვენებს, 98 პროცენტზე მეტი სტატისტიკური სიზუსტით, რაც ყველა შესწავლილ მონაცემთა ბაზაში თანმიმდევრულია და არჩეული ანალიზის მეთოდისგან დამოუკიდებელია", — განმარტავს სტეფან რამშტორფი, PIK-ის მკვლევარი და კვლევის მთავარი ავტორი.

აჩქარება ხუთივე მონაცემთა ბაზაში ჩანს

98 პროცენტზე მეტი სტატისტიკური სიზუსტე იმას ნიშნავს, რომ დათბობის ტემპის ცვლილება რეალურია და არა შემთხვევითი ცვალებადობის შედეგი, რისი ძლიერი მტკიცებულებაც მკვლევრებმა იპოვეს. იგივე საერთო სურათი ხუთივე ტემპერატურულ ჩანაწერში გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემთა ბაზები სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციის მიერაა შექმნილი და გარკვეულწილად განსხვავებულ მეთოდებს იყენებს.

1880-2025 წლების გლობალური საშუალო ზედაპირული ტემპერატურის წლიური მაჩვენებელი, ხუთი მონაცემთა წყაროდან, ორ ვერსიაში: ზემოთ — დაუკორექტირებელი, ქვემოთ — ელ-ნინიოზე, ვულკანურ აქტივობასა და მზის ცვალებადობაზე კორექტირებული. ყველა მონაცემი ერთ სისტემაშია მოყვანილი, ათვლის წერტილად აღებულია 1991-2020 წლების საშუალო ტემპერატურა, რომელიც წინასამრეწველო ეპოქასთან შედარებით 0.88 გრადუს ცელსიუსით მაღალია

ფოტო: Geophysical Research Letters / Foster & Rahmstorf

ელ-ნინიოსა და მზის მაქსიმუმზე კორექტირების შემდეგ, 2023 და 2024 წლების უკიდურესი სიცხე ანალიზში ოდნავ შემცირდა. მიუხედავად ამისა, ორივე წელი ინსტრუმენტული დაკვირვებების დაწყების შემდეგ ყველაზე თბილ წლებად დარჩა.

ყველა მონაცემთა ბაზაში აჩქარება 2013 ან 2014 წლიდან ჩანდა. მკვლევრები ამ ფართო ცვლილების დასაწყისად 2015 წელს მიიჩნევენ, როცა მტკიცებულება უფრო ცხადი გახდა.

ორმა სტატისტიკურმა მეთოდმა ერთსა და იმავე ცვლილებაზე მიუთითა

1970-იანი წლების შემდეგ დათბობის ტემპის ცვლილების დასადგენად, გუნდმა ორი სტატისტიკური მიდგომა გამოიყენა. პირველი კვადრატული ტრენდის ანალიზი იყო, რომელიც ამოწმებს, თანაბარი ტემპით იზრდება ტემპერატურის მრუდი, თუ დროთა განმავლობაში ზემოთ იხრება.

მეორე ნაწილებად წრფივი მოდელი იყო. ეს მეთოდი ტემპერატურის ჩანაწერს ცალკეულ პერიოდებად ყოფს და ობიექტურად განსაზღვრავს, დათბობის ტემპი როდის იცვლება. ორივე მიდგომამ იმ დასკვნას დაუჭირა მხარი, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება.

დათბობის ტემპი (°C ათწლეულში), გამოთვლილი სამი განსხვავებული სტატისტიკური მეთოდით: ნაწილებად წრფივი მოდელი (ლურჯი ხაზი, სანდოობის ინტერვალით), კვადრატული მიახლოება (ყავისფერი ხაზი) და მოძრავი 10-წლიანი პერიოდების წრფივი რეგრესია (წითელი ხაზი)

ფოტო: Geophysical Research Letters / Foster & Rahmstorf

კვლევა მიზეზს არ ადგენს

კვლევა სტატისტიკური აჩქარების გამოსავლენად და გასაზომად იყო შემუშავებული, და არა იმის ზუსტად დასადგენად, ეს რატომ მოხდა. თუმცა ავტორები აღნიშნავენ, რომ კლიმატურ მოდელებს პერიოდების წარმოქმნა შეუძლიათ, როდესაც დათბობა ჩქარდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დათბობის მზარდი ტემპი დღევანდელ კლიმატურ მოდელირებაში წარმოდგენილი ქცევის დიაპაზონს შეესაბამება.

კლიმატური მოდელები კომპიუტერული სიმულაციებია, რომლებიც ფიზიკის კანონებს იყენებს იმის შესაფასებლად, ატმოსფერო, ოკეანეები, ყინული და ხმელეთი სათბურის გაზებსა და სხვა ფაქტორებს როგორ პასუხობს. ისინი ყოველ ხანმოკლე რყევას სრულყოფილად ვერ პროგნოზირებს, მაგრამ მეცნიერებს გრძელვადიანი კლიმატური ნიმუშებისა და შესაძლო მომავალი ცვლილებების შეფასებაში ეხმარება.

1.5 გრადუსიანი ზღვარი შეიძლება 2030 წლამდე გადაილახოს

"თუ ბოლო ათი წლის დათბობის ტემპი შენარჩუნდა, დედამიწა პარიზის შეთანხმების 1.5 გრადუსიან ზღვარს 2030 წლამდე გადააჭარბებს. ეს ტემპი კი იმაზეა დამოკიდებული, წიაღისეული საწვავებიდან CO2-ის გამოყოფას რამდენად სწრაფად შევწყვეტთ", — ამბობს სტეფან რამშტორფი.

1.5 გრადუსიანი ზღვარი გულისხმობს მიზანს, რომ გლობალურმა დათბობამ წინასამრეწველო ტემპერატურას 1.5 გრადუს ცელსიუსით არ გადააჭარბოს. ერთი წლის ამ ზღვარს ზემოთ ყოფნა ჯერ არ ნიშნავს პარიზის შეთანხმების საბოლოო დარღვევას. მეცნიერები ყურადღებას გრძელვადიან, მდგრად დათბობას აქცევენ.

მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ დედამიწა ახლა გაცილებით უფრო სწრაფად თბება, ვიდრე მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში თბებოდა. გაგრძელდება თუ არა ეს აჩქარება, დიდწილად მომავალ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვზეა დამოკიდებული, რომელიც ქვანახშირიდან, ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მოდის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.