სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (USC) ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ახალმა კვლევამ, რომელშიც 14 ქვეყნისა და რეგიონის 214 000-ზე მეტი ხანდაზმული მონაწილეობდა, აჩვენა, რომ დემენციის პრევენციისთვის სამყაროს სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა სტრატეგია შეიძლება იყოს საჭირო. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დემენციის ისეთი მნიშვნელოვანი, შესაცვლელი რისკფაქტორები, როგორიცაა დაბალი განათლება, მაღალი წნევა და მოწევა, ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ერთიანი, გლობალური მიდგომა დემენციის პრევენციისთვის ყველგან ეფექტიანი ნაკლებად სავარაუდოა.

კვლევა ალცჰაიმერის ასოციაციის 2026 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე (AAIC), ლონდონში, წარადგინეს, ხოლო ჟურნალ The Lancet Healthy Longevity-ში გამოაქვეყნეს. AAIC დემენციის კვლევებზე ორიენტირებული, მსოფლიოში უდიდესი სამეცნიერო ღონისძიებაა.

დემენციის რისკფაქტორები მსოფლიოს მასშტაბით განსხვავდება

დემენციის პრევენციაზე არსებული კვლევების უმეტესობა მაღალშემოსავლიანი ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მოდის. იმის დასადგენად, ეს მიგნებები უფრო ფართოდ ვრცელდება თუ არა, USC-ის მკვლევრებმა ბრაუნისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების კოლეგებთან ერთად, როგორც მაღალშემოსავლიან, ისე დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში, მონაცემები შეისწავლეს.

შედეგებმა მნიშვნელოვანი განსხვავებები, ასევე მოულოდნელი მსგავსებებიც გამოავლინა.

მაგალითად, დაბალი განათლება ჩინეთში ხანდაზმულთა 85,6%-ს ეხებოდა, აშშ-ში კი — მხოლოდ 12,0%-ს. მაღალი BMI (ჭარბი წონის მაჩვენებელი) ამერიკელების 44,9%-ს ჰქონდა, ინდოეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13,3%-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული რისკფაქტორები ქვეყნების მიხედვით განსხვავდებოდა, ბევრი მათგანი მთელ მსოფლიოში მსგავს კომბინაციებში ერთად იჩენდა თავს. გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, როგორიცაა მაღალი ქოლესტერინი და ჰიპერტენზია, ხშირად ერთმანეთს ერწყმოდა, ხოლო ისეთი ქცევები, როგორიცაა მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება, ასევე ერთად გვხვდებოდა.

კვლევის მთავარმა ავტორმა, USC Schaeffer-ის საზოგადოებრივი პოლიტიკისა და მმართველობის ინსტიტუტის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრის მკვლევარმა ემა ნიქოლსმა თქვა, რომ სწორედ ეს საერთო კანონზომიერებები კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა იყო.

"განსხვავებებმა ნაკლებად გამაკვირვა, უფრო მეტად მსგავსებები გამიკვირდა, კერძოდ, როგორ არის ეს რისკები სხვადასხვა გარემოში მოწყობილი", განაცხადა ნიქოლსმა. "ამას პრევენციისა და ჩარევის სტრატეგიების შემუშავებაზეც აქვს რეალური გავლენა, რადგან ზოგიერთი ფაქტორი სხვადასხვა ადგილას უფრო თანმიმდევრულია, ვიდრე ვივარაუდებდით."

214 000-ზე მეტი ხანდაზმულის მონაცემების ანალიზი

კვლევითმა ჯგუფმა Gateway to Global Aging Data პროექტის ფარგლებში, 2009-დან 2023 წლამდე პერიოდში შეგროვებული, ჰარმონიზებული კვლევის მონაცემები გამოიყენა. მონაცემთა ბაზა 14 ლოკაციაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე დაბერების კვლევების ინფორმაციას აერთიანებდა, მათ შორის აშშ-ის, ინგლისის, ირლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ევროპის ოთხი რეგიონის, კორეის, მექსიკის, ჩინეთის, მალაიზიის, ბრაზილიისა და ინდოეთის მონაცემებს.

მკვლევრებმა დემენციის კომისიის მიერ გამოვლენილი 12 შესაცვლელი რისკფაქტორი შეისწავლეს, მათ შორის სმენის დაქვეითება, დეპრესია, ფიზიკური უმოქმედობა და სოციალური იზოლაცია. მათ გაზომეს, რამდენად გავრცელებული იყო თითოეული რისკფაქტორი, როგორ განსხვავდებოდა ის ასაკის, სქესისა და განათლების დონის მიხედვით და რამდენად ხშირად ხდებოდა რამდენიმე რისკფაქტორის ერთდროულად ერთ ადამიანთან თანაარსებობა.

დემენციის პრევენციის მორგება

მკვლევრების თქმით, მიგნებები დაეხმარება მთავრობებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებს, შექმნან პრევენციული პროგრამები, რომლებიც უკეთ შეესაბამება საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებს.

მაგალითად, დიაბეტის მართვაში დამხმარე პროგრამა შესაძლოა გაფართოვდეს ისე, რომ დაკავშირებულ კარდიომეტაბოლურ რისკებსაც, როგორიცაა მაღალი ქოლესტერინი და ჰიპერტენზია, მოიცავდეს, რაც რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემის ერთდროულად მოგვარების საშუალებას მისცემდა. ნიქოლსმა ხაზი გაუსვა, რომ შედეგები ინდივიდებისთვისაც წამახალისებელ გზავნილს შეიცავს.

"ცხოვრების გვიან პერიოდში წარმოქმნილი ეს შედეგები წინასწარგანსაზღვრული არ არის. ეს რისკფაქტორები ისეთია, რასაც ცხოვრების მანძილზე განიცდით, და საკუთარ რისკზე გავლენის მოხდენა შესაძლებელია, თუმცა ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რისკს უფრო ფართო, საზოგადოებრივი ფაქტორებიც აყალიბებს."

მომავალი კვლევები სავარაუდოდ დამატებით შესაცვლელ რისკფაქტორებსაც შეისწავლის, მათ შორის ცუდ ძილს, ხოლო კვლევა უფრო მეტ ქვეყანაზეც გავრცელდება, როგორც კი შესადარებელი მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება. დამატებით ქვეყნებში, მათ შორის კენიასა და ეგვიპტეში, მონაცემების შეგროვება უკვე მიმდინარეობს.