6 მთავარი ბრალდება Apple-ის სარჩელიდან OpenAI-ის წინააღმდეგ
41-გვერდიანი სარჩელი დეტალურად აღწერს, როგორ ასწავლიდა OpenAI Apple-ის თანამშრომლებს უსაფრთხოების შემოწმებების გვერდის ავლას და როგორ სთხოვდა გასაუბრებებზე პროდუქტის ნიმუშების ჩვენებას.
ფოტო: Shutterstock / NEXT.On.ge
როდესაც Apple-ის თანამშრომლები OpenAI-ში სამუშაოდ გასაუბრებას გადიოდნენ, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის აპარატურული მიმართულების ხელმძღვანელი მათ უჩვეულო რამეს სთხოვდა: თან მიეტანათ ჯერ არ გამოშვებული პროდუქტების ნიმუშები და ის კომპონენტები, რომლებზეც მუშაობდნენ. ამის შესახებ Apple-ის მიერ შეტანილ ხმაურიან სარჩელშია ნათქვამი, რომელიც OpenAI-ს კონფიდენციალური დოკუმენტების მოპარვაში, აპარატურული პროტოტიპების ჯაშუშობასა და Apple-ის ერთ-ერთი სანდო პარტნიორის მოტყუებაში ადანაშაულებს, რათა ამ უკანასკნელს OpenAI-სთვის პროდუქტის დიზაინის საავტორო მეთოდი გაეზიარებინა.
სარჩელი ძირითადად სამი ადამიანის სავარაუდო ქმედებებს ეხება:
- ტენგ ტენი: Apple-ის ვეტერანი, რომელიც კომპანიაში 24 წლის განმავლობაში მუშაობდა და ბოლოს Apple Watch-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2024 წელს ტენმა კომპანია დატოვა და ჯონი აივის კომპანია io-ში გადავიდა, რომელიც გასულ წელს OpenAI-მ შეიძინა. ამის შემდეგ OpenAI-მ ტენი აპარატურული მიმართულების მთავარ ხელმძღვანელად დანიშნა;
- ჩანგ ლიუ: Apple-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც iPhone-ის სისტემების ელექტროინჟინრად რვაზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობდა. ლიუ OpenAI-ს 2026 წლის იანვარში შეუერთდა;
- იუ-ტინგ ალისა პენგი: Apple-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც OpenAI-ს 2026 წლის აპრილში შეუერთდა.
მათ Apple-ის საიდუმლოებების მოპარვის სქემაში მონაწილეობა ბრალდებათ, რადგან მომავალ წელს OpenAI თავისი პირველი AI მოწყობილობის გამოშვებას გეგმავს.
აქ არის ყველაზე ხმაურიანი ბრალდებები Apple-ის 41-გვერდიანი სარჩელიდან:
ლიუმ, სავარაუდოდ, Apple-ის კუთვნილი კომპიუტერი არ დააბრუნა, რამაც მას ათობით კონფიდენციალური ფაილის ჩამოტვირთვის საშუალება მისცა
Apple-ის დატოვების შემდეგ ლიუმ, სავარაუდოდ, არც კონფიდენციალურობის შეთანხმებას მოაწერა ხელი და არც კომპანიის კუთვნილი კომპიუტერი არ დააბრუნა, რაც სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს. ამის ნაცვლად, მან ერთი კომპიუტერი დაიტოვა და კოლეგას, პენგს, გაუმხილა, რომ კიდევ ერთი მოწყობილობა აქვს.
გარდა ამისა, ლიუმ, სავარაუდოდ, კომპანიის დატოვებიდან რამდენიმე კვირაში, ავტორიზაციის ხარვეზი გამოიყენა და Apple-ის ღრუბლოვან ქსელურ საცავში შეაღწია, რაც პენგსაც გაუზიარა. Apple ლიუს საცავიდან ათობით კონფიდენციალური ფაილის ჩამოტვირთვას აბრალებს, მათ შორისაა ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტები, ჯერ არ გამოშვებული პროდუქტების დეტალები და Apple-ის მთავარი ლოგიკური დაფების წარმოება-ტესტირების საინჟინრო პრეზენტაცია.
პენგს ლიუსთვის Apple-ის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად
ლიუს წასვლის შემდგომ თვეებში პენგი, სავარაუდოდ, Apple-ის პროექტების, საინჟინრო დეტალებისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდიდა, სანამ ლიუ OpenAI-ს კონკურენტული აპარატურის შემუშავებაზე მუშაობდა. Apple ასევე ამტკიცებს, რომ ლიუმ პენგს ასწავლა, როგორ მიეღო წვდომა და დაეკოპირებინა ფაილები უსაფრთხოების გუნდის ყურადღების მიქცევის გარეშე და კონკრეტული პროექტების საქაღალდეებზეც მიუთითა. პენგმა Apple 2026 წლის აპრილში OpenAI-ს სასარგებლოდ დატოვა.
Apple-ის პრეზენტაცია 8 ივნისს, კალიფორნიაში, ქალაქ კუპერტინოში
ფოტო: ჯეისონ ჰენრი / The New York Times
OpenAI-ს აპარატურის ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, გასაუბრებებზე Apple-ის საიდუმლო პროექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა
ტენს ბრალდება, რომ OpenAI-ში სამუშაოს მაძიებელ კანდიდატებთან გასაუბრებისას Apple-ის კომერციულ საიდუმლოებებზე ინფორმაციას ითხოვდა. კონკრეტულად, ერთხელ მან კანდიდატს Apple-ის ერთ-ერთი ჯერ არ გამოშვებული პროდუქტის სრულიად საიდუმლო პროექტის შესახებ ჰკითხა. კანდიდატმა ვერ უპასუხა, თუმცა ლიუმ, სავარაუდოდ, Apple-ის ქსელზე თავისი წვდომის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაცია ჩამოტვირთა და გასაუბრებისთვის მოსამზადებლად პენგს გაუზიარა.
სხვა შემთხვევაში, Apple-ის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, OpenAI-სთან გასაუბრებამდე, კომპანიის უაღრესად კონფიდენციალურ პროექტთან დაკავშირებული ფაილების გადაღება და ჩამოტვირთვა დაიწყო. ტენმაც გასაუბრებაზე სწორედ ამ პროექტის შესახებ მოითხოვა ინფორმაცია, რაც ცხადყოფს, რომ წინასწარ იცოდა, კანდიდატი რომელ კონფიდენციალურ მასალას მოიტანდა. (გასულ წელს ტენმა ასევე აღიარა, რომ io-ში გადასვლამდე ერთი AI აპარატურის სტარტაპის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მიიღო).
ტენი Apple-ის ყოფილ თანამშრომლებს ნაწილებისა და პროდუქტის ნიმუშების მოტანას სთხოვდა
ტენს ასევე ბრალად ედება, რომ გასაუბრებაზე მყოფ კანდიდატებს Apple-ში მუშაობისას შექმნილი აპარატურული კომპონენტებისა (ბატარეების, ჩიპების პაკეტების, მთავარი ლოგიკური დაფების) და ჯერ არ გამოშვებული პროდუქტების ნიმუშების მოტანა დაავალა, რათა ისინი გასაუბრებაზე სხვა თანამშრომლებისთვისაც ეჩვენებინათ. გარდა ამისა, OpenAI-ს ბრალად ედება, რომ კანდიდატებს Apple-ში მუშაობის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დაფუძნებული პრეზენტაციების მომზადებასაც სთხოვდა.
OpenAI, სავარაუდოდ, Apple-ის თანამშრომლებს უსაფრთხოების ზომების გვერდის ავლას "ასწავლიდა"
Apple ამტკიცებს, რომ ტენს თანამშრომელთა გათავისუფლების პროცედურების შესახებ შიდა დოკუმენტი ჰქონდა, რომელსაც OpenAI Apple-დან წამოსული თანამშრომლების უსაფრთხოების შემოწმებების შესახებ გასაფრთხილებლად და მათი თავიდან აცილების სასწავლებლად იყენებდა. კომპანია თანამშრომლებს ასევე ურჩევდა, ახალი დამსაქმებლის ვინაობა არ გაემჟღავნებინათ და თავი აერიდებინათ დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის, რაც ორი კვირით Apple-ის სისტემებზე წვდომას შეუზღუდავდა.
Apple-ის თქმით, ეს ტაქტიკა შედეგიანია: კომპანიამ შენიშნა ტენდენცია, როცა Apple-დან წასული და OpenAI-ში გადასული თანამშრომლები შიდა უსაფრთხოების პროცედურების აიგნორებენ.
Apple OpenAI-ს მეტალის დამუშავების ტექნიკის მოპარვას აბრალებს
Apple ამტკიცებს, რომ OpenAI-მ თავისი კონფიდენციალური ინფორმაცია კომპანიის სანდო პარტნიორთან კავშირისთვის გამოიყენა და ის შეცდომაში შეიყვანა, თითქოს მრავალსაფეხურიანი მეტალის დამუშავების ტექნიკის გამოსაყენებლად Apple-ისგან ნებართვა ჰქონდა, რასაც კომპანია უარყოფს. Apple ასევე ადანაშაულებს OpenAI-ს, რომ კვების სისტემებისა და ბატარეების მწარმოებელ კიდევ ერთ პარტნიორსაც დაუკავშირდა და კონფიდენციალური ინფორმაციისა და შიდა კოდური სახელების გამოყენებით, Apple-ის კომპონენტების შესახებ მიზანმიმართული კითხვები დაუსვა.
OpenAI-ს წარმომადგენელმა დრიუ პუსატერიმ პარასკევს The Verge-ს განუცხადა, რომ კომპანიას სხვისი კომერციული საიდუმლოებები არ აინტერესებს და ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაზეა ფოკუსირებული.
Apple-მა სარჩელი 2026 წლის 10 ივლისს, კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. სასამართლო განხილვის თარიღი ჯერ დანიშნული არ არის, საქმის განრიგი ახლახან განისაზღვრა და მხარეებს საპასუხო დოკუმენტების წარდგენის ვადა ივლისის ბოლომდე აქვთ. Apple სასამართლოს სთხოვს, OpenAI-ს კომერციული საიდუმლოებების გამოყენება აუკრძალოს და კომპანიას ყველა კონფიდენციალური მასალის დაბრუნება მოსთხოვოს.
კომენტარები