აუტიზმი და სივრცითი აღქმა — ინტერვიუ სალომე გაბაძესთან
ფოტო: publichealthnotes.com
აუტისტური სპექტრი — ნეიროგანვითარების დარღვევა. ეს დარღვევა შეიძლება მრავალი სახით იყოს გამოხატული სხვადასხვა ინდივიდში. ყოველ აუტისტ პიროვნებას აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული სიმპტომები, გამოწვევები და ძლიერი მხარეები.
ჩვენ უკვე ბევრი რამ ვიცით აუტისტური სპექტრის შესახებ, მაგრამ ხშირად მხოლოდ მის სოციალურ და ემოციურ მხარეებს ვაქცევთ ყურადღებას, სხვა ასპექტები კი ყურადღების მიღმა რჩება. ამ სტატიაში ინტერვიუს დახმარებით შევეცდებით გავეცნოთ აუტისტური სპექტრის სხვა მხარესაც.
სივრცითი აღქმა
სივრცითი აღქმა (Spatial Awareness) მოიცავს გარემოში საკუთარი სხეულისა და საგნების მდებარეობის, მანძილის, მიმართულების, ფორმისა და სივრცითი ურთიერთობების აღქმასა და დამუშავებას.
რა არის აუტიზმი და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი?
აუტიზმი არის ნეიროგანვითარების დარღვევა, რომლის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა პრაქტიკულად დადგენილია, რომ ეს გენის დაზიანების შედეგია, მაგრამ არ არსებობს ერთი კონკრეტული გენის დაზიანება, რომელიც განსაზღვრავს აუტიზმს. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ინდივიდთან სხვადასხვა გენი, შესაძლოა, იყოს დაზიანებული. 300-ზე მეტი გენი არის გამოკვლეული, რომელიც მსგავს სიმპტომებს შეიძლება იწვევდეს.
რა გამოვლინებები და სირთულეები ახლავს აუტისტურ სპექტრს?
DSM-5-ს მიხედვით სირთულეები ვლინდება ორ სფეროში. ესენია: სოციალური კომუნიკაცია და შეზღუდულ ინტერესთა სფერო და განმეორებადი ქცევა. ეს იმას ნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ინდივიდს, შესაძლოა, ჰქონდეს სირთულეები კომუნიკაციაში და სოციალურ ურთიერთობებში, ასევე მას, შესაძლოა, ჰქონდეს შეზღუდული ინტერესები, რიტუალური ქცევა, აკვიატებები და სხვა.
აუტიზმის მქონე ინდივიდების დაახლოებით 70%-ს შეუძლია სიტყვებით კომუნიკაციის დამყარება, მათ შორის ნაწილი გამართულად მეტყველებს, ნაწილს კი გარკვეული შეფერხება შეიძლება აღენიშნებოდეს. დაახლოებით 25%-ში კი ენობრივი უნარები შეიძლება არ იყოს ან მინიმალურად იყოს განვითარებული. აუტისტური სპექტრის მქონე ინდივიდების 50%-ს საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტი აქვს.
რა კავშირშია აუტისტური სპექტრი და სივრცითი აღქმის უნარი?
აუტისტური სპექტრის მქონე პირებს ხშირ შემთხვევაში არავერბალური ინტელექტი უკეთ აქვთ განვითარებული, ვიდრე ვერბალური ინტელექტი, რაც შედეგად გვაძლევს ვიზუალური და სივრცითი უნარების უკეთ განვითარებას. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია სპექტრზე, მასში შემავალი ყოველი ინდივიდი განსხვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, უჭირდეს სივრცითი აღქმა.
შეიძლება თუ არა სივრცითი აღქმისა და გარემოში ორიენტირების უნარების გაუმჯობესება?
სხვადასხვა აქტივობებისა და ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია ამ უნარების განვითარება.
აუტიზმი არ არის მდგომარეობა, რომელიც არ იცვლება, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვება. უნარები მნიშვნელოვნად შეიძლება გაუმჯობესდეს. გაიზარდოს ადაპტაციის ხარისხი და ფუნქციონირების დონე.
კვლევებმა აჩვენა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს საშუალოდ უკეთესი შედეგები აქვთ ისეთ ამოცანებში, როგორიცაა რთულ გამოსახულებაში დეტალების სწრაფი აღმოჩენა, კუბიკებით ფიგურების აწყობა, ვიზუალური დეტალების ზუსტი დამუშავება, ფორმებისა და სტრუქტურების ანალიზი.
ეს ხშირად აიხსნება ორი თეორიით:
ტენდენცია, მეტი ყურადღება მიექცეს დეტალებს, ვიდრე მთლიან სურათს (Weak Central Coherence),
ზოგიერთი აღქმითი პროცესის გაძლიერებული ფუნქციონირება (Enhanced Perceptual Functioning).
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ „უკეთესი სივრცითი აღქმა“ არ ნიშნავს ყველა სივრცითი უნარის ერთნაირად მაღალ განვითარებას. კვლევების მიხედვით, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები ხშირად უკეთ ასრულებენ ამოცანებს, რომლებიც მოითხოვს რთულ გამოსახულებაში დეტალების სწრაფ აღმოჩენას, ფორმებისა და სტრუქტურების ანალიზს ან ვიზუალური ინფორმაციის ზუსტ დამუშავებას. თუმცა სივრცითი ნავიგაცია, გარემოში ორიენტირება და წარმოსახვითი ბრუნვის (mental rotation) უნარი ინდივიდებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება.
მეორე მხრივ, ზოგიერთ აუტისტ ადამიანს შეიძლება უჭირდეს უცნობ გარემოში ორიენტირება, მარშრუტების დამახსოვრება ან საკუთარი სხეულის მდებარეობის ზუსტად აღქმა
თანამედროვე მეცნიერება აუტიზმს სულ უფრო მეტად განიხილავს არა მხოლოდ როგორც სირთულეების ერთობლიობას, არამედ როგორც ნეიროგანვითარების განსხვავებულ გზას, რომელსაც საკუთარი გამოწვევებიც აქვს და ძლიერი მხარეებიც. სივრცითი აღქმა სწორედ ერთ-ერთი სფეროა, სადაც ზოგიერთი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი გამორჩეულ შესაძლებლობებს ავლენს, თუმცა ეს ინდივიდუალურია და სპექტრის ყველა წარმომადგენელს ერთნაირად არ ახასიათებს.