პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი ტიპის ვაქცინა შექმნეს, რომლის მთავარი კომპონენტიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერაა შექმნილი. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ეს ვაქცინა ადამიანებზე პირველად გამოცადეს.
ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა AI-მ სრულიად დამოუკიდებლად შექმნა. მკვლევრებმა ვაქცინის ანტიგენის შესაქმნელად AI და გამოთვლითი მოდელები გამოიყენეს, თუმცა პროცესში ადამიანებიც იყვნენ ჩართულნი და სხვა მეთოდებითაც ისარგებლეს, მაგალითად, ლაბორატორიული შემოწმებითა და ვაქცინის შექმნის ტრადიციული გზებით.
ისიც აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, ბიოლოგიურ კვლევებში AI-ხელსაწყოები დიდ ენობრივ მოდელებს (მაგალითად, ChatGPT) არ გულისხმობს. ამ შემთხვევაში AI მანქანური სწავლების მოდელებს, ცილის სტრუქტურის პროგნოზირების სისტემებს, ოპტიმიზაციის ალგორითმებსა და სტატისტიკურ მოდელირებას აღნიშნავს.
მიზანი მართლაც ამბიციურია: ერთი ვაქცინა არამხოლოდ კორონავირუსის ყველა ცნობილ ვარიანტს უნდა ებრძოდეს, არამედ მასთან დაკავშირებულ ღამურას სხვა ვირუსებსაც, რომლებმაც პანდემია სამომავლოდ შეიძლება გამოიწვიოს.
ზოგადად, ვაქცინა ჩვენს იმუნურ სისტემას იმისთვის ამზადებს, რომ ერთი კონკრეტული ვირუსის ამოცნობა შეძლოს. პრობლემა ისაა, რომ ვირუსები ხშირად მუტაციას განიცდიან. საკმარისად შეცვლის შემთხვევაში ვაქცინა აღარ მოქმედებს. სწორედ ამიტომ გვჭირდება გრიპის აცრა ყოველწლიურად და ამიტომ აახლებენ კოვიდის ვაქცინებს 2021 წლიდან რეგულარულად.
მეცნიერებს AI-ის გამოყენებით სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრა სურთ. AI-ს მსგავსი ვირუსების შესახებ ათასობით გენეტიკური მონაცემის გაანალიზებით იმ ნაწილების ამოცნობა შეუძლია, რომლებიც დროთა განმავლობაში ნაკლებად იცვლება. ამ სტაბილურ ნაწილებზე კონცენტრირებით ვაქცინამ შეიძლება მთლიანი შტამის წინააღმდეგ იმოქმედოს.
კემბრიჯის მკვლევრებმა AI-ის გამოყენებით SARS‑CoV‑2-ის ვირუსები შეისწავლეს. ეს როგორც SARS-ს და COVID-ს, ასევე სხვა ცხოველებში გავრცელებულ კორონავირუსებსაც მოიცავს. განსხვავებით ჩვეულებრივი ვაქცინებისა (რომელშიც ინფორმაციულ რნმ-ს იყენებენ), ახალი მიდგომა დნმ-ზეა დაფუძნებული. როგორც წესი, დნმ-ვაქცინები უფრო სტაბილურია, რაც მათ შენახვასა და ტრანსპორტირებას ამარტივებს. გარდა ამისა, მათი შეყვანა ნემსის გარეშეცაა შესაძლებელი. მაღალი წნევის მქონე სითხის ნაკადით ვაქცინა კანში ხვდება, რაც ნაკლებად მტკივნეულია.
როგორც ვახსენეთ, ახალი ვაქცინა ადამიანებზეც გამოცადეს. აღმოჩნდა, რომ მას იმუნური სისტემის სტიმულირება ნამდვილად შეუძლია. ამ გზით ის ანტისხეულები წარმოიქმნება, რომლებიც SARS‑CoV‑2-ის სხვადასხვა ტიპს ცნობს. ტექნოლოგია სრულიად უსაფრთხო აღმოჩნდა.
შედეგები ნამდვილად იმედისმომცემია, თუმცა საკითხის დამატებით გამოკვლევაა საჭირო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვაქცინაზე იმუნური პასუხები ძლიერი არ ყოფილა. ამასთან, ეფექტის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია. არც ის ვიცით, დამატებითი ბუსტერები გახდება თუ არა საჭირო. შესაბამისად, უნივერსალური ვაქცინის შექმნამდე ჯერ ისევ ბევრი გვაკლია, თუმცა ეს კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და AI-ს ძალასაც გვიჩვენებს.
ნაშრომი გამოცემაში Journal of Infection გამოქვეყნდა.
კომენტარები