NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
ფოტო: NASA / JPL-Caltech
NASA-ს მიერ მარსზე გაშვებული მავალი Curiosity წითელი პლანეტის ზედაპირზე გადაადგილდება და სხვადასხვა საინტერესო გეოლოგიურ ფორმაციას იკვლევს. მაგალითად, ახლახან იგი უჩვეულო კლდოვან წარმონაქმნებს გადააწყდა, რომლებიც ფორმით რეპტილიის ქერცლებს მოგვაგონებს.
ფოტოები სოციალურ ქსელში აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის ინჟინერმა, კევინ გილმა, გამოაქვეყნა. მათზე მკაფიოდ გამოკვეთილ მრავალკუთხედ ფორმებს ვხედავთ, რომელიც მავალმა მაშინ დააფიქსირა, როცა მცირე ზომის კრატერის შესასწავლად მიიწევდა.
"ამგვარი მრავალკუთხედი მოყვანილობის ქვები აქამდეც გვინახავს, მაგრამ ისინი ასე გავრცელებული არ იყო და Mastcam-ის მოზაიკურ გამოსახულებებში ზედაპირზე მეტრობით მანძილზე გადაჭიმული არ გვხვდებოდა. ამ კვირაში სურათებისა და ქიმიური მონაცემების შეგროვება განვაგრძეთ, რომლებიც ფუტკრის ფიჭის მსგავსი ამ წარმონაქმნების ფორმირების შესახებ სხვადასხვა ჰიპოთეზის გაანალიზებაში დაგვეხმარება", — წერს გილი პოსტში.
ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს ქვები ძველი დამსკდარი ტალახის ფენებია, რომლებიც ხშირ სეზონურ ცვლილებას განიცდიდა. ეს ადგილები ხან შრებოდა, ხან კი სველდებოდა, რაც დაახლოებით 3.8-3.6 მილიარდი წლის წინ მარსის ზედაპირზე წყლის დინებას უკავშირდება. მაშინ წითელი პლანეტა უფრო თბილი და ტენიანი იყო.
Curiosity ამ "ქერცლოვან" ფორმაციას 9.7 მეტრი დიამეტრის კრატერის მახლობლად გადააწყდა, რომელსაც ანტოფაგასტა ეწოდება. ეს სახელი მას ჩილეში მდებარე ქალაქისა და რეგიონის პატივსაცემად დაარქვეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კრატერი შეიძლება ორგანულ ნაერთებს შეიცავდეს, რომლებიც, პოტენციურად, ძველად არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზე მიმანიშნებელი იქნება.
ცნობისთვის, გასულ წელს NASA-მ განაცხადა, რომ მარსზე სიცოცხლის შესაძლო ნიშნები აღმოაჩინა. ესაა ეზეროს კრატერში მოპოვებული ნიმუში, რომელიც პოტენციურ ბიოლოგიურ კვალს შეიცავს, ანუ, შესაძლოა, მიკრობების მიერ იყოს წარმოქმნილი.

კომენტარები