ბანერი ნამეტანი მგრძნობიარე გამოდგა.
როცა აგრესიულად მივარდნილი ქალი
ეხებოდა მას მარკერით,
მარკერის წვერი პირდაპირ ხვდებოდა
მის ნერვულ დაბოლოებებს
და საწყალი ბანერი გაჰკიოდა.
თუმცა მარკერიანი ქალი შეუვალი იყო:
ის აგრძელებდა ბანერის სათუთ სხეულზე
საძაგელი სიტყვების ჩხაპნას.
ბანერი ტკივილისაგან იკრუნჩხებოდა
და შველას ითხოვდა,
მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა,
ვინც მის ბანერისეულ უფლებებზე იზრუნებდა.
მეტიც: ირგვლივ მყოფი ბოროტი არსებები
მარკერიან ქალს აქეზებდნენ
და ისიც ეშხში შევიდა.
ის, როგორც ალესილ დანას,
ისე უქნევდა თავის მარკერს დაუცველ ბანერს
და მას ჭრილობები გაუჩნდა და სისხლი წამოუვიდა.
ბანერის წმინდა ცისფერი სისხლი
მოთქრიალებდა მისი სხეულის
სხვადასხვა ნაწილებიდან,
ქუჩაში მიედინებოდა
და გამვლელებს ფეხსაცმელს უსველებდა.
გამვლელებს ესმოდათ ბანერის სასოწარკვეთილი ხმა,
მაგრამ აზრადაც არ მოსდიოდათ,
დაეცვათ იგი.
ისინი გულქვა არსებები იყვნენ -
მათ მიაჩნდათ,
რომ მთავარია ადამიანის დაცვა,
ბანერის უფლებებზე ზრუნვა კი
მეასეხარისხოვანი საკითხია.
არადა შეიარაღებული დაუნდობელი დამნაშავის წინაშე აღმოჩენილი ბანერი უკვე ლამის სიკვდილის პირას იყო.
ცოტაც და სული ამოხდებოდა.
მაგრამ სწორედ ამ დროს მოვარდა პოლიცია
და ბანერზე მოძალადე ქალი გააკავა.
ბანერი გადარჩა,
თუმცა სხეულზე დარჩა უთვალავი დაზიანება
და შშმ ბანერად იქცა.
ეს იყო შემზარავი დანაშაული,
წესით, მარკერიანი ქალი სათანადოდ უნდა დასჯილიყო,
მაგრამ კორუმპირებულმა სასამართლომ
მას მხოლოდ წელიწადნახევრიანი
პატიმრობა აკმარა.
ის ახლა ციხეშია,
მაგრამ მთელი ქალაქის ბანერები
უკვე შიშისაგან ცახცახებენ.
რა იქნება წელიწადნახევრის შემდეგ?
გაიაზრებს ვითომ მარკერიანი ქალი
თავის საშინელ საქციელს
და მოინანიებს ბანერების ღმერთის წინაშე
თუ გამოვა ციხიდან და თავიდან დაერევა
მთელ ქალაქს მოდებულ ბანერებს?
ეს არავინ უწყის,
და ამიტომაა,
ბანერები რომ ასე დაუცველად გრძნობენ თავს ამ ქვეყანაში.
არადა - სადაც ბანერი დაუცველია,
იქ რა დემოკრატიაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
და ამიტომაცაა, რომ გონიერი მოქალაქეები ითხოვენ
ბანერზე მოძალადე რეციდივისტებისადმი
კანონის გამკაცრებას!
არ შეიძლება შემწყნარებელი ვიყოთ მათდამი,
თუ გვსურს სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ!
ბანერის ტკივილი ჩვენი ტკივილია!
ბანერის უფლებები ჩვენი უფლებებია!
ბანერი ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეა!
კომენტარები