Neiry მოსკოვში დაფუძნებული სტარტაპია, რომელსაც ნეიროტექნოლოგიების საზღვრების გადალახვის ამბიცია აქვს. ჯერ კიდევ 2025 წლის მიწურულს გავრცელდა ხმები, რომ კომპანიამ მტრედებს ტვინში ელექტროდები ჩაუსვა, ამის შემდეგ კი ფრინველებმა რუსეთის დედაქალაქს წარმატებით გადაუფრინეს.

როგორც კომპანია ამბობს, მტრედებმა წინასწარ გაწერილი მარშრუტით იფრინეს, შესაბამისი ბრძანების მიღებისთანავე კი დანიშნულების ადგილს დაუბრუნდნენ. სტარტაპის თქმით, ეს მხოლოდ სამოქალაქო ინოვაციაა, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციიდან და პროექტის ხასიათიდან გამომდინარე, სხვაგვარი ეჭვებიც გაჩნდა.

პროექტს PJN-1 ჰქვია. მის ფარგლებში ნეიროქირურგიას იყენებენ და არა ცხოველთა გაწვრთნის ტრადიციულ ტექნიკებს. როგორც ვახსენეთ, მტრედის ტვინის გარკვეულ უბნებში მიკროსკოპულ ელექტროდებს ათავსებენ, რომლებიც ფრინველის თავზე დამაგრებულ პატარა სტიმულატორს უკავშირდება. ამ გზით ოპერატორები ელექტრული იმპულსების დახმარებით მტრედის მოძრაობაზე ახდენენ ზეგავლენას.

ყველა საჭირო ელექტრონული მოწყობილობა ფრინველის ზურგზე დამაგრებულ მსუბუქ ზურგჩანთაშია მოთავსებული, მათ შორისაა კონტროლერი, აპარატული უზრუნველყოფა ნავიგაციისთვის და მზის პანელები.

ფრინველს გულმკერდზე პატარა კამერაც აქვს დამაგრებული, რომელიც ფრენის პროცესში ვიდეოს იღებს. ოპერატორები მტრედს ბრძანებებს უგზავნიან, მაგალითად, რომელ მხარეს უნდა მიტრიალდეს. ამ დროს GPS მტრედის პოზიციას რეალურ დროში ადევნებს თვალყურს. დაახლოებით ასე იმართება სტანდარტული საჰაერო დრონიც.

როგორც დეველოპერები განმარტავენ, ფრინველებს ოპერაციის დასრულებისთანავე შეუძლიათ აფრენა. კომპანიის თქმით, იმპლანტაციის პროცესისას მტრედების გადარჩენის ალბათობა 100%-ია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მაჩვენებელი დამოუკიდებელი შემოწმებით ჯერ არ დადასტურებულა.

კომპანიის თქმით, კონკრეტულ გარემოში ტრადიციულ დრონებთან შედარებით მტრედების გამოყენებას სხვადასხვა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს. მიიჩნევა, რომ მტრედს დღეში 482 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია ისე, რომ დაშვება არ დასჭირდეს.

გარდა ამისა, მტრედებს რთულ ტერიტორიებზეც შეუძლიათ ნავიგაცია. თანაც ისინი ვიწრო სივრცეშიც ეტევიან და ისეთ ამინდსაც შეუძლიათ გადაურჩნენ, როგორიც მცირე ზომის დრონებს გაანადგურებდა. იმის გამო, რომ ისინი ცოცხალი არსებები არიან, ელექტროძრავა ან ბატარეების ბლოკი არ სჭირდებათ. ისიც ცხადია, რომ მტრედები იმ ტერიტორიებზეც იმოძრავებენ, რომლებშიც დრონებს საჰაერო სივრცის შეზღუდვები შეეხებოდა.

ბიოლოგიურ დრონებს მრავალი გამოყენება შეიძლება მოეძებნოს, მაგალითად, მილსადენების შემოწმება, ელექტროგადამცემი ხაზების მონიტორინგი ან რთულად მისაღწევი ზონებიდან ადამიანების გამოყვანაში დახმარება.

კომპანიის დამფუძნებლის, ალექსანდერ პანოვის, განცხადებით, მტრედები მხოლოდ პირველი საფეხურია. მისი აზრით, ეს ტექნოლოგია ფრინველთა სხვა მრავალ სახეობასაც შეიძლება მოარგონ, მაგალითად, ყვავს მეტი ტვირთის ზიდვა შეუძლია; სანაპიროს მონიტორინგისთვის თოლიები გამოდგება; უფრო ფართო საზღვაო არეალის დაკვირვებისთვის კი — ალბატროსები. იმპლანტაციის ტექნიკა ნებისმიერი ფრინველის შემთხვევაში ერთნაირი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩაეშვება ბიოლოგიური დრონები გაყიდვაში ან რა ეღირება. საჯაროდ კომპანიამ მხოლოდ ზემოჩამოთვლილი გამოყენების სფეროები დაასახელა. მათ არაფერი უხსენებიათ მტრედების სამხედრო ან შენიღბული თვალთვალის მიზნით გამოყენებაზე. ამის მიუხედავად ექსპერტები მაინც მიიჩნევენ, რომ თუ ტექნოლოგია მართლა ისეთი წარმატებით იმუშავებს, როგორც თავად კომპანია აღწერს, შეიძლება მთავრობის ყურადღებაც მიიპყროს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მაინც მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.