რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის
ფოტო: Shutterstock
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს დედაქალაქში თოვს. უკანასკნელ წლებში თბილისისთვის ასეთი თოვლი უჩვეულოა. თოვლი მოვიდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც. დიდთოვლობა შეინიშნება საქართველოს საზღვრებს გარეთაც. მაგალითად, კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა, რასაც მსხვერპლიც მოყვა.
სტატიაში აგიხსნით, თუ რა არის თოვლი და როგორ წარმოიქმნება ის.
თოვლის წარმოქმნის კონდიციები
თოვლის წარმოსაქმნელად მხოლოდ დაბალი ტემპერატურა საკმარისი არ არის. ამისთვის რამდენიმე ფაქტორია საჭირო: ორთქლი, დაბალი ტემპერატურა და ნაწილაკები.
შესაბამისად, თოვლი წყლის აორთქლების გარეშე ვერ წარმოიქმნება.
ოკეანეებისა და ტბების წყალი სითბოს ზემოქმედებით ორთქლდება, ხოლო ეს ორთქლი შემდეგ ატმოსფეროში ხვდება. რაც უფრო მაღლა ადის ორთქლი, მით უფრო დაბალ ტემპერატურაზე ხვდება ის. დაბალ ტემპერატურაზე ღრუბლებთან შეხებისას ორთქლი კონდენსირდება და წვეთებად გარდაიქმნება.
ფოტო: oceanclock
ეს წვეთები ღრუბლებში არსებული მიკროსკოპული ნაწილაკების გარშემო გროვდება. მტვრისა და ქვიშის ნაწილაკების გარშემო დაგროვების შემდეგ ტემპერატურა განსაზღვრავს, რა სახის ნალექი დაბრუნდება უკან, ხმელეთზე.
თუ ღრუბლებში ტემპერატურა 0°C-ზე მაღლაა, მოსალოდნელია წვიმა.
წყლის პატარა წვეთების თოვლის ფიფქებად გარდაქმნისთვის ღრუბლებში ტემპერატურა 0°C-ის ქვემოთ უნდა იყოს. წყალი სწორედ ამ ტემპერატურაზე იყინება. თუ ტემპერატურა 0°C-ის ქვემოთ არის, ნაწილაკების გარშემო ყინულის კრისტალების წარმოქმნის შანსები იზრდება.
შესაბამისად, ღრუბლების ტემპერატურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თოვლის წარმოქმნაში.
ყინულის კრისტალებიდან თოვლის ფიფქებამდე
ახლა, როცა ღრუბლებში ყინულის კრისტალების წარმოქმნის ყველა პირობა შესრულებულია, დროა გავიგოთ, როგორ გარდაიქმნება ეს კრისტალები ნაზ თოვლის ფიფქებად.
როცა ღრუბლებში ყინულის კრისტალები იწყებს ფორმირებას, ისინი ძალიან მცირე ზომისაა. სწორედ ღრუბლებში არსებული ორთქლისა და სიცივის ხარჯზე იზრდება ისინი ზომაში. უკვე ტემპერატურის მიხედვით ყინულის კრისტალები სხვადასხვა ფორმებს იღებს.
როგორც კი ყინულის კრისტალები საკმარისად მძიმდება, ისინი ციდან ცვივა და მიწაზე ვარდება. სწორედ ამ პროცესში ისინი ერთმანეთს ეჯახება და წარმოიქმნება ფიფქი.
ის თუ რა ფორმას მიიღებს ფიფქი, საბოლოოდ ისევ ტემპერატურაზეა დამოკიდებული.
მშრალი თოვლის მისაღებად ყინვაა საჭირო. ასეთ დროს ტემპერატურა 0°C-ზე ბევრად დაბლა უნდა იყოს. კრისტალებისგან წარმოქმნილი ეს თოვლი ძალიან მსუბუქია და ესეც ჩვენი თოვლი.
კომენტარები