ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისშიც, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა, იგივე სმოგი შეინიშნება. მოქალაქეების ნაწილს ეს მოვლენა ნისლში ერევა ხოლმე, რადგან მათი შეუიარაღებელი თვალით გარჩევა საკმაოდ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

ნისლი და სმოგი ერთმანეთის მსგავსი ბუნებრივი მოვლენებია, რომლებიც რეალურად განსხვავებული პროცესების შედეგად წარმოიქმნება. ნისლი უბრალოდ წყლის კონცენტრირებული წვეთებია და მასში სახიფათო არაფერია. რაც შეეხება სმოგს, იგი ერთგვარი მავნე ნივთიერებების ნაზავია და მასთან კონტაქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ზიანის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ამ ორ მოვლენას შორის განსხვავებების ამოცნობა.

ფოტო: nationalgeographic.org

მიუხედავად იმისა, რომ ხილვადობის შეზღუდვა ორივე ფენომენს ერთდროულად შეუძლია, მათი წარმოქმნის მიზეზები მკვეთრად განსხვავდება. ნისლი სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ჰაერში არსებული ტენიანობითაა გამოწვეული. წყლის პატარა წვეთები კონდენსირდება და აირად მდგომარეობას იღებს. მისგან განსხვავებით კი სმოგი ქარხნების, ელექტროსადგურებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამოყოფილი დამაბინძურებელი ნივთიერებების ჰაერის ტენიანობასთან შერევით წარმოიქმნება.

სიტყვა "სმოგი" პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს და იგი ორი ტერმინის, კვამლისა (smoke) და ნისლის (fog) გაერთიანების შედეგად გაჩნდა. ლონდონში დაფიქსირებული სმოგის პირველი შემთხვევები მე-20 საუკუნის დასაწყისში ინდუსტრიული ზრდის სინონიმად იქცა. ქარხნებში ნახშირის წვის გააქტიურების შემდეგ ქალაქებში გაუმჭვირვალე ჰაერის ხილვა სულ უფრო ხშირად შეიძლებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ წარმოქმნილი ნისლი არამარტო ხილვადობას ზღუდავდა, არამედ ჰაერის ხარისხის პრობლემების საწინდარიც იყო.

ამ ორი ფენომენის შეუიარაღებელი თვალით ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. ნისლი ხშირად ერთგვაროვან თეთრ ან ნაცრისფერ ბინდს ჰგავს, სმოგს კი შეიძლება მოყვითალო ან მოყავისფრო ელფერი ჰქონდეს, რასაც მისი მავნე ქიმიური შემადგენლობა იწვევს.

ფოტო: airly.org

მძაფრი სუნი და ყელის ან თვალების გაღიზიანება იმის მანიშნებელია, რომ თქვენ უვნებელი ნისლის ნაცვლად დამაბინძურებელი ნივთიერებებით სავსე სმოგს ისუნთქავთ. ამ დამაბინძურებელ ნივთიერებებში შეიძლება გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები ან აქროლადი ორგანული ნაერთები იგულისხმებოდეს. ამ დამაბინძურებლებს სასუნთქ სისტემაში ღრმად შეღწევა და ჯანმრთელობის მოკლე თუ გრძელვადიანი პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

სმოგის ხშირად შესუნთქვას შეუძლია ისეთი პრობლემების გამოწვევა, როგორებიცაა ასთმა, ალერგია, გულისრევა, კონცენტრაციის გართულება, გულის შეტევა, მუცლის მოშლა და კიბოც კი. ასე რომ, კარგი იქნება სხვადასხვა სანდო საინფორმაციო მოწყობილობების გამოყენება, რათა გაიგოთ არის თუ არა გარეთ სმოგი. არადამაკმაყოფილებელი ჰაერის არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია გარე აქტივობებისგან თავის შეკავება.

პირადი მონიტორინგის გარდა აუცილებელია ქარხნების გამონაბოლქვზე კონტროლის გამკაცრებაც. სამრეწველო ზონების გარშემო ნაწილაკების უკეთ გასაფილტრად მწვანე სარტყლების შექმნა პრობლემას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. სმოგის პრევენციისთვის უამრავი სტრატეგია არსებობს, საჭიროა მხოლოდ ინფორმირებულობა და კოლექტიური ქმედება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.