მელატონინი ძილის მსუბუქი პრობლემების სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიკამენტია. იგი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველგან გამოიყენება და აქამდე მის უსაფრთხოებაზე არანაირი დავა არ არსებობდა.

ამის მიუხედავად, ამერიკის გულის ასოციაციაში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ მედიკამენტის გარშემო გარკვეული კითხვები გააჩინა. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგები მხოლოდ პირველადია და განგაშის ატეხამდე მათი დეტალური შესწავლაა საჭირო.

ფოტო: Getty Images

მელატონინი ტვინში წარმოებული იგივე სახელწოდების მქონე ჰორმონის სინთეტიკური ვერსიაა. მელატონინს "სიბნელის ჰორმონსაც" უწოდებენ, რადგან იგი ძილზეა პასუხისმგებელი. იგი ძილის მსუბუქი პრობლემების სამკურნალოდ და ზოგჯერ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ სწავლის სირთულეების მქონე ბავშვებში ყურადღების გასამახვილებლადაც გამოიყენება.

აღნიშნული კვლევა ორიგინალის არასრული ვერსიაა, რადგან იგი მხოლოდ მცირე შეჯამებად გამოქვეყნდა. მეცნიერები 5 წლის განმავლობაში ძილის პრობლემების მქონე 130 ათასი ზრდასრულის ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებს აკვირდებოდნენ. კვლევაში მონაწილეების ნახევარი მელატონინს იღებდა, ნახევარი კი — არა.

აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც მელატონინს მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში იღებდნენ გულის დაავადებით საავადმყოფოში მოხვედრის შანსი სამჯერ მეტად ჰქონდათ. ასევე, მისი გრძელვადიანად გამოყენებისას გულის შეტევის რისკი, და ზოგადად, სიკვდილიანობაც უფრო მაღალი იყო.

მკვლევრებმა შედეგების დაბალანსებისთვის კვლევის მონაწილეების ორი ჯგუფი 40 სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით შეადარეს. მათ შორის იყო ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მედიკამენტები, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი კვლევამ მხოლოდ ასოციაცია აჩვენა და არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან უბრალოდ კორელაცია რაიმეს გადაჭრით თქმის უფლებას არ გვაძლევს.

აღსანიშნავია, რომ სრული კვლევიდან მხოლოდ 300-სიტყვიანი შეჯამება გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ კვლევის მონაწილეებში მრავალი აუცილებელი დეტალი, მათ შორის დოზირება, ინსომნიის ხარისხი და ცხოვრების სტილი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია.

გარდა ამისა, კვლევის მეთოდოლოგიაც გარკვეულ კითხვებს აჩენს. იგი მხოლოდ ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებს მოიცავდა და პაციენტებთან პირდაპირ კომუნიკაციას საერთოდ არ გულისხმობდა. აგრეთვე უნდა ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთში მელატონინი რეცეპტს საჭიროებს, მაგრამ მაგალითად აშშ-ში იგი ურეცეპტოდ იყიდება. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მელატონინის ბევრი მომხმარებელი ელექტრონულად არ ფიქსირდებოდეს, რაც კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს.

ამ კვლევის საპირისპიროდ, ძველმა ნაშრომებმა აჩვენა, რომ მელატონინი გულის ჯანმრთელობაზე შეიძლება დადებითადაც კი მოქმედებდეს. იგი ამას ფსიქოლოგიური კეთილგანწყობის უზრუნველყოფით აღწევს, რასაც ხარისხიანი ძილი იწვევს. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ მელატონინს გულის შეტევის სიმპტომების შენელება შეუძლია.

იმის გამო, რომ კვლევა ჯერ-ჯერობით მხოლოდ შეჯამების სახით არსებობს, იგი საკმარისად არ შეფასებულა და შედეგები შეზღუდული რჩება.

კვლევის შედეგები საყურადღებოა და მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენების უარყოფითი მხარეების შესახებ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. ამის მიუხედავად, მკაცრი დასკვნების გაკეთებამდე უფრო მეტი დეტალური კვლევა და არსებულის გაანალიზებაა საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.