დღევანდელობაში, ხელოვანად ყოფნა უფრო და უფრო რთულდება, რადგან ვერასდროს გაიგებ, რა დროს შეიძლება გაუჩინარდე 24 საათით ან, საერთოდ, რამდენიმე წლით.

თეატრები, ფესტივალები და დამოუკიდებელი კულტურული სივრცეები ყოველდღიურად აწყდებიან გამოწვევებს — ფინანსური სირთულეებიდან დაწყებული, პოლიტიკური ზეწოლით დასრულებული. ის ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ თავისუფალ შემოქმედებას, ახლა მძიმე მდგომარეობაში არიან. ზოგი უკვე დაიხურა, ზოგიც ბოლო რესურსებით ცდილობს თავის გატანას.

თეატრი "ლიანდაგი" — რომელიც ქუთაისში სულ რაღაც ორი თვის წინ გაიხსნა — სწორედ ამ პროცესების ფონზე შემოქმედებითი თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. თეატრი ოფიციალურად 2025 წლის 16 სექტემბერს ოპუსით, კლასიკური მუსიკის საღამოთი, გაიხსნა და ახლა საკუთარ სცენაზე პირველ თეატრალურ წარმოდგენას ელის.

თეატრის დამფუძნებლის, ანდრო ქარციძის თქმით, თეატრის შექმნის იდეა წარმოადგენს, ქალაქ ქუთაისში, ახალი, დამოუკიდებელი და თავისუფალი სივრცის შექმნას.

"ქუთაისი ოდითგანვე კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სამწუხაროდ, თანდათანობით, ეს მოსაზრება აღარ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ, სწორედ ამის გამოძახილი იყო ახალი თეატრალური სივრცის შექმნა", — ამბობს ანდრო ქარციძე.

ბერსერკები: მზიანი მხარე

ბერსერკები: მზიანი მხარე

ბერსერკები: შინ

ბერსერკები: შინ

თეატრის შემქმნელების თქმით, "'ლიანდაგი" ეცდება შეავსოს კულტურული სიმწირე, ვაკუუმი და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქუთაისის ისტორიული იდენტობის, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრისა და ქვაკუთხედის აღდგენასა და მომავალ განვითარებაში".

რაც შეეხება "ლიანდაგის" პირველ პრემიერას, დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცე ბერსერკებს — ევოლუციური თეატრალური პროექტი, რომელსაც პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი ახალ-მისტერიულ თეატრად ახასიათებს — უმასპინძლებს.

ბერსერკები: მისია

ბერსერკები: მისია

დადგმა თეატრალური პროექტის ბერსერკების ნაწილია და მას საშემსრულებლო
ხელოვნების ლაბორატორია ახორციელებს. ამ დრომდე, ბერსერკები მხოლოდ თბილისის თეატრალურ სივრცეებში იდგმებოდა, ხოლო ახლა ქუთაისელ მაყურებელს აქვს შესაძლებლობა, ბერსერკების ახალ სპექტაკლს, ფილოკტეტეს, თეატრ "ლიანდაგში" დაესწროს.

სპექტაკლის პროდიუსერის, მარიამ პაიჭაძის, თქმით, მაყურებლის ინტერესი საკმაოდ მაღალია, ხოლო პროექტის შემქმნელები სულთმოუთმენლად ელოდებიან კიდევ ერთი ბერსერკული მისტერიის დატრიალებას, ამჯერად ქუთაისში.

"ამ სივრცის ფუნქციონირება და მისი შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის ჩართულობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ის სრულად მაყურებლის აქტიურობაზე და შემოწირულობებზეა დაყრდნობილი", — ამბობს ის

ფოტო: Performing Arts Laboratory

ბერსერკებთან: შინ — ღია ლაბორატორია

ბერსერკებთან: შინ — ღია ლაბორატორია

ფოტო: Performing Arts Laboratory

ბერსერკები: ფილოკტეტე 80-90-იანი წლების გერმანიის და ზოგადად, ევროპის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ჰაინერ მიულერის პიესის მიხედვით იდგმება, რომლის რეჟისორი და მთარგმნელი გიორგი ჯამბურიაა.

ბერსერკების შემოქმედებითი ჯგუფის აზრით, მისი პირველი ქართულენოვანი ინსცენირება ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ თუ სოციალურ კონტექსტში შეიძლება საჭირბოროტო რეფლექსია გახდეს ძალაუფლების, ღალატის, სოლიდარობის, ინდივიდის ინსტრუმენტალიზაციისა და დეჰუმანიზაციის თემებზე.

ჰაინერ მიულერი, ფილოკტეტეს ამ ვერსიაში, ანტიკურ მითს ეყრდნობა და ოდისევსის მიერ მოტყუებული და ბერძნებისგან განდევნილი გმირის ბედისწერას ატრიალებს. იგი იკვლევს კოლექტივიდან გარიყული ინდივიდის არსობრივ პრობლემას, რომლის იმავე კოლექტივში დაბრუნება მხოლოდ რთული და მტკივნეული გზითაა შესაძლებელი.

სპექტაკლის ნახვას მაყურებელი 7, 8 და 9 ნომბერს 20:00 საათზე შეძლებს, ხოლო ბილეთები ხელმისაწვდომია Biletebi.ge-ზე.