"სიკვდილის სუნი" მხოლოდ მეტაფორა არაა, არამედ ის მართლაც არსებობს. იგი იმ ნაერთებს უკავშირდება, რომლებსაც ცხედარი ამ დროს გამოყოფს. მეცნიერებს ცხოველთა შესწავლისას ორი ასეთი კომპონენტი აქვთ იდენტიფიცირებული: კადავერინი და პუტრესცინი.

ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა ლეშში ამინომჟავები იშლება (დეკარბოქსილირებას განიცდის), კერძოდ, პირველ შემთხვევაში ლიზინი, მეორეში კი — ორნითინი და არგინინი. ისინი ბევრი ცხოველის სხეულშია აღმოჩენილი და სწორედ ასეთ აქროლად ორგანულ ნაერთებთან ასოცირდება სიკვდილის სუნი, მათ შორის ადამიანისაც.

ის პირები, რომელთაც ცხედრებთან ხშირად აქვთ შეხება (მაგ. ტრავმის განყოფილებაში), სიკვდილის სუნს გაფუჭებული კვერცხისას, დამპალი თევზისას ან მყაყე ნივრისას ადარებენ. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ხრწნის რა ფაზაშია გვამი.

კონკრეტულად ადამიანის სიკვდილისთვის დამახასიათებელი სუნი მეცნიერებმა 2015 წლის კვლევის ფარგლებში შეისწავლეს. მათ სპეციფიკური კომპონენტების გამოვლენა სურდათ, რომლებიც ცხედრის განსხვავებულ სუნს განაპირობებს.

ამისთვის ავტორები ადამიანის 6 და ცხოველთა/ფრინველთა 26 ორგანულ ნიმუშს ნახევარი წლის განმავლობაში დააკვირდნენ, მათ შორის: კურდღლისას, თაგვისას, კუსას, თხუნელასას, ღორისას (რომლის ორგანიზმიც ჩვენსას ძალიან ჰგავს), ქათმისას, გულწითელასას, კოდალასას და სხვა.

შედეგად 452 ნაერთი დაფიქსირდა, მათგან 8-ის კომბინაცია კი კონკრეტულად ადამიანისა და ღორის ნიმუშებისა იყო. მომდევნო ეტაპზე მეცნიერებმა ეს ორიც გამიჯნეს შემდეგ ესტერებზე (ცხიმოვანი ნაერთები) დაყრდნობით: 3-მეთილბუტილ პენტანოატი, 3-მეთილბუტილ 3-მეთილბუტირატი, 3-მეთილბუტილ 2-მეთილბუტირატი, ბუტილ პენტანოატი და პროპილ ჰექსანოატი.

სწორედ ესაა ის, რაც მწერებს მიწისქვეშ 2 მეტრი სიღრმიდანაც კი იზიდავს. ისინი სუნს მიჰყვებიან და გვამში კვერცხებს დებენ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ განსხვავებულ სუნს მხოლოდ ისინი კი არა, ადამიანებიც ვგრძნობთ და ეს ჩვენს ქცევაზეც ზემოქმედებს. ამის შესახებ ვრცლად სხვა სტატიაში შეიტყობთ — რა ხდება, როცა "სიკვდილის სუნი" გვცემს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.