სატურნსა და ურანს შორის ორბიტაზე, მზის გარშემო, 200-კილომეტრიანი ობიექტი მოძრაობს, რომელსაც (2060) ქირონი ეწოდება. ახლა მეცნიერებმა მის ირგვლივ რგოლების სისტემის ფორმირების ნიშნები დააფიქსირეს. ისინი მატერიის ღრუბლიდან ყალიბდება და უნიკალურ საშუალებას გვაძლევს, რომ ამ პროცესს რეალურ დროში, პირველად, დავაკვირდეთ.

ქირონის გარდა, ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში მცირე ზომის 3 ობიექტია, რომელთა გარშემოც რგოლებია: 10199 ქარიკლო, ჰაუმეა და კვავარი. ამის მიუხედავად, ქირონი დინამიკურობით გამოირჩევა, რადგან მისი გარემო მუდმივად იცვლება.

ის მზის შემოვლას 50 დედამიწურ წელს ანდომებს. 1977 აღმოჩენის თანახმად, მას ზოგჯერ სიკაშკაშე ემატება და მკრთალი "კუდიც" უჩნდება, რაც აირისა და მტვრის გამოყოფაზე მიანიშნებს. იგი კლდოვანი მატერიისგან, წყლის ყინულისგან და ორგანული ნაერთებისგან შედგება; ეს ობიექტი მიეკუთვნება იუპიტერსა და ნეპტუნს შორის არსებულ პოპულაციას, რომელსაც კენტავრებს ვუწოდებთ — მათში ასტეროიდისა და კომეტების თვისებები ერთიანდება.

2023 წლის სექტემბერში დედამიწის პერსპექტივიდან ქირონმა შორეული ვარსკვლავის ფონზე ჩაიარა, რა დროსაც ბრაზილიის პიკო დოს დიასის ობსერვატორიამ ამ მნათობის ელვარების მცირე ცვლილებები შენიშნა. 2011, 2018 და 2022 წლების იმავე მოვლენების გაანალიზებამ ცხადყო, რომ ეს 3 სქელი და გამოკვეთილი რგოლით იყო გამოწვეული, რომლებიც ობიექტის ცენტრიდან 270-430 კილომეტრითაა დაშორებული.

ქირონის ილუსტრაცია მის გარშემო არსებულ მტვრის, აირისა და ყინულის ღრუბელს გვიჩვენებს.

ფოტო: William Gonzalez Sierra

2023 წლის მონაცემებში დისკოს მსგავსი ახალი სტრუქტურა შენიშნეს, რომელიც ქირონიდან 200-დან 800 კილომეტრამდე მანძილზეა გადაჭიმული. ის უკანასკნელ დეკადაში უნდა წარმოქმნილიყო, სავარაუდო მაპროვოცირებელი ფაქტორი კი შეჯახება ან მატერიის გამოფრქვევაა. გუნდმა მკრთალი კვალი დააფიქსირა თითქმის 1400 კილომეტრ დისტანციაზეც, რაც რგოლების ფორმირების რადიუსის თეორიულ ზღვარს მიღმაა (როშის საზღვარი). წესით, იქ ბუნებრივი თანამგზავრი უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამას რაღაც უშლის ხელს.

ქირონის რგოლების ფორმირება შეიძლება მის მიერ გამოფრქვეულ აქროლად ყინულებსა და მტვერს განეპირობებინა; მეორე ჰიპოთეზა მცირე ზომის თანამგზავრის დანაწევრებას უკავშირდება, რამაც ფრაგმენტები ობიექტის ეკვატორის გასწვრივ გაფანტა. უკანასკნელი სცენარი უეცარ აკაშკაშებასაც ხსნის.

ის, თუ რატომ არ ერთიანდება შორეული მატერია, უცნობია. შესაძლოა, ამას დრო სჭირდებოდეს, რგოლი კი ჯერ ცოტა ხანია, წარმოიქმნა. ამის გასაგებად მეცნიერები დამატებით დაკვირვებებს გეგმავენ.

მათი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.