არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა მარტივი არაა. მათ შორისაა ის, თუ დღემდე მოღწეული რომელი რელიგიაა უძველესი.

ხშირად ასეთად ინდუიზმს ასახელებენ, რომელიც მდინარე ინდის ხეობაში დაახლოებით 4000 წლის წინ წარმოიშვა. ამის მიუხედავად, მისი საწყისები ბუნდოვანია და აღმოცენების ოფიციალური, ზუსტი თარიღიც უცნობია.

საქმე ისაა, რომ ინდუიზმს კონკრეტული დამფუძნებელი არ ჰყოლია და ერთი "წმინდა წიგნიც" არ აქვს, რომელიც გარკვეულ დათარიღებას დაექვემდებარება; ის ძველი ინდოეთის სუბკონტინენტის ფარგლებში არსებულ ბევრ კულტურას, ტრადიციას, ფილოსოფიას, ტექსტსა და ჩვეულებას აერთიანებს. მასში ეს ყველაფერი იმდენადაა ურთიერთდაკავშირებული და ჩაქსოვილი, რომ ერთი საწყისი წერტილის გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ფოტო: Getty

ამ რელიგიის ყველაზე მკაფიო და ქრონოლოგიურად ხელშესახები ნიმუში ვედებია — ტექსტები, რომელთა დათარიღებასაც ჩვ. წ. აღ. 1500 წლამდე მივყავართ. ე.წ. ვედური პერიოდი ჩვ. წ. აღ. 500 წელს დასრულდა, იქიდან კი იწყება ეპოქა, რომელსაც ზოგი ისტორიკოსი "ინდუს სინთეზის" სახელით მოიხსენიებს. ამ დროს ბევრმა განსხვავებულმა იდეამ ერთი მთლიანობა შექმნა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინდუიზმის საფუძვლად იქცა.

დღესდღეობითაც ამ რელიგიაში გავრცელებული რწმენები და პრაქტიკები საოცრად მრავალფეროვანია. მსოფლიოში მისი მიმდევრების რაოდენობა კი დაახლოებით 1 მილიარდია, რომელთა 94%-იც ინდოეთში ცხოვრობს. თავად სიტყვა "ინდუიზმი" ეგზონიმია, რომელიც ამ რეგიონის გარეთ მცხოვრებ ადამიანებში უნდა წარმოქმნილიყო.

ერთ-ერთი საკამათო მოსაზრების თანახმად, ტერმინის იდეა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. თუ მას დავუჯერებთ, მაშინ ბრიტანეთის იმპერიამ ამ მრავალფეროვანი და რთული რწმენა-ჩვეულებების კატეგორიზება და გამარტივება სცადა. შესაძლოა, სწორედ ასეთმა მრავალგვარობამ მისცა ინდუიზმს საშუალება, რომ ამდენი ხანი გადარჩენილიყო, ადაპტირება განეცადა და ახალი იდეებიც მიეღო, თუმცა რელიგიური ფესვები არ დაეკარგა.

ინდუიზმი ერთადერთი ძველი რელიგია არაა, რომლის პირვანდელი აღმოცენების ზუსტი თარიღიც უცნობია. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, იუდაიზმზეც, რომელიც აბრაამის, მოსესა და სხვა ფიგურების სწავლებათა მეშვეობით საუკუნეების განმავლობაში განვითარდა. ზოგი ფიქრობს, რომ მისი ისტორია 4000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, ზოგის აზრით კი ადამიანებმა იუდაისტური ტრადიციების ნამდვილად მიყოლა ბევრად გვიან დაიწყეს.

ქრონოლოგიური გაურკვევლობის იგივე სიტუაციაა ბუდიზმისა და ჯაინიზმის შემთხვევებშიც. ისინი დაახლოებით ჩვ. წ. აღ. მე-6 საუკუნეში, ასევე ინდოეთის სუბკონტინენტზე წარმოიშვა. ამის მიუხედავად, თითოეული მათგანი ფილოსოფიური და სპირიტული მოძრაობების კვალდაკვალ ეტაპობრივად განვითარდა და რაიმე ერთი ამოსავალი წერტილი არ ჰქონია.

რაც შეეხება უფრო პატარა სახალხო რელიგიებს, მათი საწყისების განსაზღვრა კიდევ უფრო ძნელია. მათი დიდი ნაწილი თაობიდან თაობას სიტყვიერად გადაეცემა, რის გამოც ისტორიკოსებს შესასწავლად ფიზიკური მტკიცებულებები არ აქვთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.