ირანი მიწაში იძირება — რამდენად სწრაფად ხდება ეს
ფოტო: BornaMir/Getty Images
ირანის მიწისქვეშა წყლიანი ფენების მარაგი სწრაფად იცლება, რის გამოც 31 400 კმ2 ფართობის მქონე არეალი მიწაში წელიწადში 10 მილიმეტრზე მეტით იძირება.
ამ პროცესის უფრო საგანგაშო ტემპი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ რეფსენჯანთან ახლოს, შეინიშნება — წელიწადში 34 სანტიმეტრი. ეს 650 000 ადამიანს მსგავსი ცვლილებით გამოწვეული ისეთი პოტენციური საფრთხეების წინაშე აყენებს, როგორიც წყლისა და საკვების დეფიციტია.
ირანში წყლის მარაგის 60% სწორედ მიწისქვეშა ქანებიდან მოიპოვება — ე.წ. წყლიანი ჰორიზონტიდან. იმის გასაგებად, თუ როგორ აისახება ეს გარემოზე, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. მათ ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი სატელიტური სისტემის, Sentinel-1-ის, სარადარო მონაცემები გამოიყენეს, რათა 2014-დან 2022 წლამდე ირანში ხმელეთის დონის ცვლილება შეესწავლათ.
გამოვლინდა 31 400 კმ2-ზე გადაჭიმული 106 რეგიონი, რომლებშიც ხმელეთი დაბლა იწევს. ეს ქვეყნის დაახლოებით 2%-ს უდრის. მკვლევრები ამბობენ, რომ ირანში არსებული მდგომარეობა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა. ტერიტორიების 77% მიწაში წელიწადში 10 მილიმეტრზე მეტით იძირება, რაც ევროპაში დადგენილ საგანგაშო მაჩვენებელს — 5.8 მილიმეტრს — აღემატება.
უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ეს რეგიონები აქტიური მეურნეობითაა გამორჩეული. მაგალითად, რეფსენჯანთან ახლოს მდებარე არეალში ძალიან მშრალი კლიმატია და იქ ფსტის პლანტაციებია გაშენებული. შესაბამისად, მიწისქვეშა წყლიანი ქანების მარაგს ჭარბად იყენებენ. იქ წელიწადში ხმელეთის ზედაპირის 34-სანტიმეტრიანი დაწევა შეიძლება მნიშვნელოვან ცვლილებად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ 10 წელში ეს ნიშნული 3-4 მეტრს მიაღწევს.
მეცნიერები ამბობენ, რომ შესწავლილ რეგიონთა უმეტესობაში ცვლილებები შეუქცევადია. წყლიანი ჰორიზონტების დონე ატმოსფერული ნალექის შესაბამისად სეზონურად იკლებს და იმატებს. მაშინ, როცა იქიდან ზედმეტ წყალს ვიღებთ, ყველაფერი იცვლება — ამ ქანებში არსებული ტალახისა და ქვიშის შრეები მიწისა და შენობების ზეწოლას ვეღარ უძლებს. შედეგად ეს ფენები "იტკეპნება" და ხმელეთის დონეც მცირდება. ასეთ ადგილებში წყალი ისევ რომც შევიდეს, მათ პირვანდელი მდგომარეობა მაინც ვერ დაუბრუნდება.
მიწის ასეთი ჩავარდნა ნაპრალებსა და სტრუქტურულ არასტაბილურობას იწვევს. ამის გამო შეიძლება შენობები, გზები და ლიანდაგები დაზიანდეს. ირანში პირდაპირი საფრთხის წინაშე თეირანი, ქარაჯი, მეშჰედი, ისპაანი და შირაზია.
მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები მხოლოდ ირანში არ მიმდინარეობს, არამედ საკმაოდ შესამჩნევია აშშ-ში, ცენტრალურ მექსიკაში, ჩინეთსა და იტალიაშიც. ამის მიუხედავად, ირანი ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research: Solid Earth გამოქვეყნდა.

კომენტარები