21-ე საუკუნე ეპოქაა, რომელშიც უმეტესი ჩვენგანი ისეთი თემებითაა დაინტერესებული, როგორიც შავი ხვრელები ან გრავიტაციისა და კვანტური მექანიკის გაერთიანების შესაძლო გზებია. უცნაურია, მაგრამ სწორედ ამავე ეპოქაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ დედამიწა ბლინივით ბრტყელია. საბედნიეროდ, საპირისპიროს დამტკიცების უამრავი მეთოდი არსებობს.

ასევე იხილეთ: 7 გზა იმის დასამტკიცებლად, რომ დედამიწა მრგვალია

საინტერესოა, რომ ზოგი ადამიანისთვის ეს საკმარისი არ არის. აქამდე შეთქმულების თეორიის უამრავ მომხრეს უცდია, რომ დედამიწის "კიდეში" გაეცურა, რათა ჩვენი პლანეტის სიბრტყევე დაედასტურებინა.

მსგავსი ექსპერიმენტი კონსპიროლოგებმა 2024 წელსაც გაიმეორეს. 3-წლიანი მომზადების შემდეგ ბრტყელდედამიწელთა ჯგუფი ანტარქტიდისკენ გაეშურა. ეს ექსპედიცია კოლორადოელი მღვდლის, უილ დაფის, პროექტის ნაწილი იყო.

ზოგადად, ბრტყელდედამიწელების მთავარი წინაღობა მტკიცებულებების ნაკლებობაა. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რომელიც მათ თეორიას აქარწყლებს, სწორედ ანტარქტიდიდან შეგვიძლია ვიხილოთ.

ამ კონტინენტზე ზაფხულობით მზე ღამითაც ანათებს. ამის მიზეზი ისაა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიდა ზაფხულობით მზისკენაა გადახრილი (თუმცა გააჩნია, დამკვირვებელი რამდენად სამხრეთით იმყოფება). დედამიწა რომ მართლა ბრტყელი ყოფილიყო, ღამით მანათობელი მზის ახსნა შეუძლებელი იქნებოდა.

დაფიმ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიტყო, რომ ზოგ ადამიანს ბრტყელი დედამიწის დღემდე სჯერა. უფრო მეტიც, თავად დაფის მეგობარიც ბრტყელდედამიწელი აღმოჩნდა. დიდხნიანი უშედეგო დებატების შემდეგ მღვდელმა გადაწყვიტა, რომ ბრტყელდედამიწელების ჯგუფი ანტარქტიდაზე წაეყვანა, რათა მათ დედამიწის სფერულობის მტკიცებულება თავიანთი თვალით ენახათ.

თავის მხრივ, დაფი ექსპედიციის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ თუ მზე სრული 24 საათის განმავლობაში არ იკაშკაშებდა, თვითონაც ბრტყელდედამიწელი გახდებოდა.

საბოლოოდ, ანტარქტიდისკენ 4 ბრტყელდედამიწელი და 4 "მრგვალდედამიწელი" გაემართა.

ალბათ გამოიცანით, როგორ დასრულდა ეს ექსპერიმენტი. თავისთავად, მზე 24 საათის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩასულა. ამის შემდეგ ზოგმა ბრტყელდედამიწელმა ძველი რწმენა უარყო.

მეორე მხრივ, ზოგი მათგანისთვის ღამით მანათობელი მზის ხილვა დედამიწის სფერულობის დასაჯერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ფენომენს სხვა, მათთვის უცნობი ახსნა შეიძლება მოეძებნოს.

უილ დაფიმ ამ ექსპედიციას "უკანასკნელი ექსპერიმენტი" უწოდა, რადგან იგი იმედოვნებდა, რომ ეს ბრტყელდედამიწელებს საბოლოოდ გადაარწმუნებდა. იგი შეცდა, რადგან პლანეტის მასშტაბით მაინც უამრავი ადამიანია, რომელიც, მტკიცებულებების მიუხედავად, კვლავ შეთქმულების თეორიის ერთგული რჩება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.