არჩილ ვარდიძის ისტორია — გზა თიბისისკენ
ფოტო: თიბისი
საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწეობის შემდეგ, კარიერის სამშობლოში გაგრძელება ბევრი ადამიანის ოცნებაა, თუმცა ამ მიზნის სისრულეში მოყვანას საკმარისად მრავალფეროვანი გამოცდილება და გამბედაობა სჭირდება.
ასე იწყება არჩილ ვარდიძის — თიბისის დიზაინის ახალი მთავარი ოფიცრის — ისტორია, რომელიც გამოცდილების გაზიარების სურვილმა ამერიკიდან თიბისიმდე მოიყვანა.
როგორ დაიწყო შენი კარიერა დიზაინის სფეროში — რა იყო შენი პირველი კარიერული ნაბიჯები?
მამაჩემი არქიტექტორი იყო, რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია პროფესიის არჩევისას. სულ მაინტერესებდა, როგორ ხსნიდა კომპლექსურ პრობლემებს და ქმნიდა მასშტაბურ სტრუქტურებს ადამიანების კომფორტული ყოველდღიურობის შესაქმნელად.
არქიტექტურა ისეთი სპეციალობაა, სადაც უამრავი გამოწვევაა და კომპლექსური ხედვა გჭირდება, რადგან გარემოს შექმნა ადამიანისთვის არაა მარტივი გამოწვევა. საჭიროა, ერთდროულად ბევრი მიმართულება შეისწავლო.
პირველ რიგში, კვლევით და შესწავლით დავიწყე — დიზაინი ყოველთვის მიზიდავდა თავისი სირთულით. ნებისმიერი პროდუქტის შექმნისას, უამრავი ცვლადია გასათვალისწინებელი, მათ შორის ისიც, რომ კაცობრიობა და გარემო მუდმივად იცვლება და ვითარდება. სწორედ ამიტომ, ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც დროსა და ცვლილებებს გაუძლებს, მრავალკუთხოვან ხედვას მოითხოვს — ერთი კონკრეტული მიმართულებით ვერ გაუმკლავდები.
დიზაინის შესწავლას კომპლექსურად შევუდექი და ბევრ სხვადასხვა სფეროს შევეხე, მათ შორის გრაფიკულ და ინდუსტრიულ დიზაინს, ასევე — ბრენდის გამოცდილებას და არქიტექტურას.
როგორც ვიცი, შენი საერთაშორისო გამოცდილება Zoom-ში, Microsoft-ში, eBay-სა და Twilio-ში მუშაობას აერთიანებს, როგორ გაიკვლიე გზა ამ კომპანიებისკენ?
"საერთაშორისო ბაზარზე შესვლა მარტივი არ არის. კონკურენცია ძალიან დიდია. საკუთარი თავის დამკვიდრება ახალ გარემოში მუშაობის სპეციფიკის, კულტურისა და სამუშაო ეთიკის შესწავლასა და მორგებას მოითხოვს".
თავდაპირველად საკონსულტაციო სააგენტოს დახმარებით დავიწყე კავშირების ჩამოყალიბება და პატარა, მოკლევადიან პროექტებში ჩართვა. ასეთ პროექტებში რისკი ორივე მხარისთვის — დაბალი, შედეგების შეფასება კი უფრო მარტივი იყო.
ამერიკაში, პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება Microsoft-თან მქონდა, სადაც ერთი წელი სხვადასხვა გუნდთან ვიმუშავე. სწორედ ამ თანამშრომლობამ გამიხსნა კარი შემდეგი შემოთავაზებისკენ და Skype-ის გუნდს შევუერთდი.
რომელ პროექტზე მუშაობა იყო შენთვის ყველაზე საინტერესო?
ყველა პროექტმა რაღაც ახალი შემძინა. ყველა კომპანიამ და პროექტმა უნიკალური საშუალება მომცა უამრავ საინტერესო საკითხზე მემუშავა და ახალ კომპანიებთან პარტნიორობის შესაძლებლობები აღმომეჩინა. სხვადასხვა ჯგუფთან ერთად, 15-ზე მეტი დიზაინ პატენტი მაქვს მიღებული. შემიძლია ვთქვა, რომ საინტერესო გამოწვევები განვლილ გზაზე ხშირად მხვდებოდა.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ამერიკაში მუშაობამ გასწავლა?
მნიშვნელობა აქვს არა იმას, რამდენი ძალისხმევა ჩადე პროექტში, არამედ იმას, თუ რა შედეგს მიაღწიე და რა ღირებულება შექმენი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, აუხსნა შენი გუნდის წევრებს და პარტნიორებს თუ როგორ მიხვედი კონკრეტულ გადაწყვეტამდე, რომელსაც მათ ამოხსნის სახით სთავაზობ. აზრის გამართულად და მკაფიოდ გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევაა, ამის გათვითცნობიერებას დიდი დრო სჭირდება.
გქონია პირადი გამოწვევები, რომლებიც პროფესიულ გზაზე გადალახე?
რა თქმა უნდა, განსაკუთრებთ მაშინ, როდესაც ისეთ მიმართულებაზე მუშაობ, სადაც ჯერ გზა არ არის გაკვალული.
მაგრამ ,ალბათ, ყველაზე რთული პროდუქტის დიზაინიდან ორგანიზაციის და პროცესების დიზაინზე გადასვლაა. ორგანიზაციის მართვას სულ სხვა უნარ-ჩვევები და ცოდნა სჭირდება. აქაც ჯერ პატარა ჯგუფით და პროექტებით იწყებ და რაც უფრო მეტ გამოცდილებას იძენ როგორც ხელმძღვანელი, მასშტაბიც და პასუხისმგბელობაც შესაბამისად იზრდება.
ხშირად, როდესაც კარიერის დასაწყისში ადამიანები საერთაშორისო დონეზე დიდ წარმატებას აღწევენ აღარ სურთ საქართველოში დაბრუნება, რა იყო თქვენი მოტივაცია, რომ საქართველოში გაგეგრძელებინათ კარიერა?
მაქვს სურვილი, რომ ჩემი გამოცდილება სხვასაც გავუზიარო, რისი შესაძლებლობა და პლატფორმაც თიბისიმ მომცა.
"სხვისთვის ცოდნის გაზიარებისას, ადამიანი თავადაც იძენს ახალ ცოდნას. სწავლისა და სამყაროს აღქმის სურვილი და მისწრაფება, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სულ მექნება".
როგორია თქვენი გუნდი და როგორ თანამშრომლობთ ერთად?
ძალიან დიდი კეთილგანწყობით და მოლოდინებით დამხვდნენ. პირველივე დღიდანვე დავინახე, რომ გამორჩეული და საინტერესო გუნდია. ხელს მიწყობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდე ეფექტური. ბევრი საინტერსო გამოწვევა შეგვხვდება გზაზე ერთად, რომლებსაც მჯერა, რომ წარმატებით გავუმკლავდებით. თავადაც ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს საკუთარი თავის მიმართ და ვეცდები, გუნდის და ჩემი მოლოდინები გავამართლო.
თიბისიში, უახლოეს მომავალში, ინოვაციების მხრივ რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?
დავნერგავთ ახალ მიდგომებს, გავაძლიერებთ მომხმარებლების გამოცდილების ანალიზს — რა გარემოებებში არიან და რა გამოწვევებს აწყდებიან. შესაბამისად, ახალი პროდუქტები და მომსახურებები სრულად მომხმარებლებზე იქნება მორგებული. ყველაფერს ისევ მათი გადმოსახედიდან შევხედავთ და ვიზრუნებთ მათი გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებაზე.
"ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებელს, მომსახურების მიღებისას, კომფორტს შეუქმნის, პროცესებს გაუმარტივებს და ყოვედღიური გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. თიბისის სტრატეგია გაციფრულებაა, რაც მომსახურებასთან და პროდუქტებთან მომხმარებლის წვდომას ამარტივებს. თუმცა, ამავდროულად, თიბისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომხმარებლებთან უშუალო და ადამიანურ კავშირს."
რას ურჩევდი იმ ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს, რომლებიც ახლა დგამენ კარიერაში პირველ ნაბიჯებს?
ჩარჩოში მოქცეული ფიქრი მის გარეთ ვერ აღმოჩნდება, ამიტომ ნუ დასჯერდებიან
ერთ მიმართულებას და რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ სამყაროს შესწავლას და კვლევას.
როგორც მე-19 საუკუნის გამოჩენილმა არქიტექტორმა — ლუის სალივანმა თქვა: "ფორმა გამომდინარეობს ფუნქციიდან".
ამ პრინციპიდან გამომდინარე, დიზაინი არ არის ხელოვნება — დიზაინი პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დისციპლინაა და სწორედ არჩეულ ხელოვნების ელემენტებს მასში მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა აქვთ.
კომენტარები