გაიცანით დეივიდ ვეტერი — ბიჭი, რომელმაც მთელი ცხოვრება ბუშტში გაატარა
ფოტო: eremy112233 via Wikimedia Commons
დეივიდ ფილიპ ვეტერი 1971 წელს დაიბადა და მთელი ცხოვრება პლასტმასის სტერილურ ბუშტში გაატარა. ამის გამო მეტსახელად "ბუშტის ბიჭიც" შეარქვეს. დეივიდს იშვიათი სასიკვდილო იმუნური დაავადება, სახელად მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი (SCID), ჰქონდა. იგი სრულად დაუცველი იყო ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგაც კი, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში სრულიად უწყინარია. დეივიდისთვის უბრალო სოკოვანი ინფექციაც კი, შესაძლოა, ფატალური აღმოჩენილიყო.
დეივიდის უფროსი ძმა მის დაბადებამდე იმავე დიაგნოზით დაიღუპა. ექიმებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სიკვდილის რისკი დეივიდის შემთხვევაშიც მაღალი იყო, ამიტომ საკეისრო კვეთის ოპერაცია მაქსიმალურად სტერილურ გარემოში ჩატარდა. საოპერაციო ოთახი დღეების განმავლობაში იწმინდებოდა, ხოლო პათოგენებზე ყველა ექიმი წინასწარ შემოწმდა.
ფოტო: Baylor College of Medicine Photo Archives
დაბადებიდან რამდენიმე წუთში დეივიდი უკვე სპეციალურად მოწყობილ პლასტმასის ბუშტში გადაიყვანეს. ექიმები იქამდე აპირებდნენ მის ამ სივრცეში გაჩერებას, სანამ დაავადების მკურნალობის მეთოდი არ გამოჩნდებოდა.
დეივიდის საცხოვრებელი სამუდამო აღმოჩნდა. ექიმები დაავადების დამარცხებას ძვლის ტვინის გადანერგვით ცდილობდნენ, მაგრამ სრულად შესაფერისი დონორის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. ბავშვს საკვები, წყალი და ჰაერიც კი გაფილტრული და სტერილური მიეწოდებოდა სპეციალური ხელთათმანებით.
"ბევრ ჩვენგანს გულწრფელად სჯეროდა, რომ იმუნური დეფიციტის მკურნალობაში დიდი გარღვევები იყო მოსალოდნელი, ამიტომაც დეივიდის მომავალს იმედიანად ვუყურებდით", — იხსენებდა ფსიქოლოგი და თერაპევტი ჟაკლინ ფოგელი 2006 წელს.
სტერილურ ბუშტში ცხოვრების მიუხედავად, დეივიდი მოლოდინებს აჭარბებდა. მან სიარული რვა თვის ასაკში დაიწყო და გამორჩეულ ინტელექტსაც ავლენდა. მეორე მხრივ, იზოლაციას მასზე მაინც მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონდა.
დეივიდს უბრალო მოვლენების გაგება უჭირდა და სიმაღლეს, სიღრმეს, ქარსა და სხვა ცნებებს ვერ აღიქვამდა. ერთხელ დეივიდს ფსიქოლოგი ჟაკლინ ფოგელი ფოთლებზე ესაუბრებოდა, ბავშვმა კი უთხრა, რომ ხეს მხოლოდ ყავისფერი მართკუთხედი და მწვანე ოვალი ჰქონდა. დეივიდი აღფრთოვანდა, როდესაც ფსიქოლოგმა ნამდვილი ტოტი აჩვენა.
მოგვიანებით დეივიდს ნასას მიერ შექმნილი სპეციალური კოსტიუმი ჩააცვეს, რათა ქუჩაში ან ეზოში გასვლა შესძლებოდა. ექიმები მიხვდნენ: რაც უფრო უახლოვდებოდა ბავშვი გარე სამყაროს, მით მეტად უჭირდა მისგან განცალკევება. ასაკის მატებასთან ერთად იზოლაციამ მძიმე დეპრესია გამოიწვია. მას ხშირად "მიკრობების მეფე" ესიზმრებოდა, რომელიც მის მოკვლას ცდილობდა.
სწორედ ამ პერიოდში, 1983 წელს, მედიცინაში მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინეს. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ძვლის ტვინის გადანერგვა იდეალური დონორი ორგანოს გარეშეც იყო შესაძლებელი. როგორც კი იმედი გაჩნდა, დეივიდის დამ დონორობის სურვილი გამოთქვა.
ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა სტაბილური და იმედისმომცემი იყო, მაგრამ ექიმებს პატარა შეცდომა გაეპარათ. ძვლის ტვინი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის უვნებელ, მაგრამ დეივიდისთვის სასიკვდილო, ეპშტეინ-ბარის ვირუსს ატარებდა. ვირუსმა ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ასობით კერა წარმოქმნა. მალევე დეივიდს ცხელება, სისხლდენა და ღებინება დაეწყო.
როდესაც სიტუაცია გართულდა, ექიმების ნებართვით დეივიდის დედამ ხელთათმანები მოიხსნა და შვილს პირველად და უკანასკნელად შეეხო. 12 წლის დეივიდ ვეტერი იმ საღამოსვე მოკვდა.
დეივიდმა თავისი ტრაგიკული ცხოვრებით მედიცინაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მის შემთხვევაზე დაყრდნობით მეცნიერებმა SCID-ის გენეტიკური საფუძვლები გამოიკვლიეს და მკურნალობის თერაპია შეიმუშავეს. დღეს ამ დაავადების ადრეული გამოვლენა და თერაპიული მკურნალობა უკვე შესაძლებელია.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დეივიდის ამდენი ხნით სტერილურ ბუშტში დატოვება ეთიკურად და მორალურად გაუმართლებელი იყო. მათი თქმით, ექიმებმა სამეცნიერო პროგრესი პაციენტზე წინ დააყენეს. ზოგისთვის დეივიდ ვეტერის ისტორია ადამიანური სიძლიერისა და სამეცნიერო სამყაროს რწმენის კარგ მაგალითად რჩება — მან და თავისმა ოჯახმა იცოდნენ, რომ სულ მცირე შეცდომაც კი ფატალური იქნებოდა, მაგრამ ბრძოლა მაინც არ შეუწყვეტიათ.
საბედნიეროდ, დღეს არცერთ ბავშვს აღარ უწევს მსგავსი სირთულეების გადატანა. დეივიდის ცხოვრებამ მედიცინის მიმართულება შეცვალა — შეიძლება ითქვას, ბუშტში გატარებულმა წლებმა დაავადების მკურნალობას დაუდო სათავე.



კომენტარები