თუ ოდესმე შენი ცხვირის ზომაზე გიფიქრია და ამაზე გინერვიულია, მაშინ რა უნდა ეთქვა ტომას უედერსს — მისი ცხვირი უდავოდ შენსაზე ბევრად გრძელი იყო.

საიდან ვიცით ეს? ტომას უედერსს ისტორიაში ყველაზე დიდი ცხვირი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ასეთ დიდ ცხვირზე სხვა მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს. უედერსის ცხვირის სიგრძე დაახლოებით 19 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო — სამჯერ უფრო გრძელი, ვიდრე ადამიანის საშუალო ზომის ცხვირი.

ფოტო: X

ცნობების მიხედვით, უედერსი დაახლოებით 1730 წელს დაიბადა. მასზე პირველი ჩანაწერები მეცხრამეტე საუკუნეში ჩნდება, რაც ბევრს ამ ისტორიისადმი სკეპტიკურად განაწყობს. მკვლევრების ნაწილს ისიც მიაჩნია, რომ ამ პიროვნებამ თავისი ცხვირის ისტორია ნაწილობრივ გამოიგონა.

მის დროს, თუ შენში რაიმე უცნაური მახასიათებელი იყო შეიძლება კარიერა ცირკში მოგეწყო. უედერსმა სწორედ ეს გააკეთა — რაც იმას ნიშნავდა, რომ რაც უფრო მეტს ილაპარაკებდნენ მის ცხვირზე, უედერსს მეტი სარგებელი ექნებოდა.

ისტორიას მსგავსი ფაქტები ახსოვს და ეს ყველაფერი მაყურებლის მისაზიდად ხდებოდა. მაგალითად, გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ლუსია ზარატე (მექსიკა, 1863–1890) ასევე მალავდა თავის სიმაღლეს. ის სინამდვილეში სიმაღლეში 67 სანტიმეტრი ყოფილა, მაგრამ ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს 50 სანტიმეტრზე მაღალი არ იყო. აღსანიშნავია ასევე ფრანც ვინკელმაიერი (გერმანია, 1860–1887). მისი თქმით, სიმაღლეში 259 სანტიმეტრი იყო, მაგრამ შემდგომში გაირკვა რომ 230 სანტიმეტრზე მაღალი არ იყო.

თუ უედერსის ცხვირი მართლაც იმდენად გრძელი იყო, როგორც ამბობდნენ, მისი რეკორდის მოხსნა მარტივი არ იქნება. 1896 წლის წიგნში (Anomalies and Curiosities of Medicine) აღნიშნულია, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ მას ნეიროგანვითარებადი დარღვევები დაბადებიდან გამოჰყვა, მაგრამ მაშინ ამით ცოტა თუ დაინტერესდებოდა. უედერსი ცირკში მუშაობდა და იქ საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.

და მაინც, იქიდან გამომდინარე, რომ უედერსის ცხვირი ოფიციალურად არ გაუზომავთ, ეს რეკორდი მეჰმეტ ოზიურქს ეკუთვნის. მისი ცხვირის სიგრძე 8.8 სანტიმეტრი იყო, მაგრამ ყველაზე გრძელ ცხვირზე ადამიანების უმეტესობას ძირითადად მაინც უედერსი ახსენდება ხოლმე.

ფოტო: tele1

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.