შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ათასობით დრონის ერთდროულად მართვის საშუალებას იძლევა

ფოტო: MikeMareen/iStoc
L3Harris Technologies-მა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა AMORPHOUS წარმოადგინა, რომელიც ათასობით დრონის ერთდროულად მართვის საშუალებას იძლევა. ეს ინოვაციური პლატფორმა შეიქმნა, რათა აშშ-ის სამხედრო ძალებს და მათ მოკავშირეებს გამოეყენებინათ. პლატფორმის გამოყენებით გაუმჯობესდება ოპერაციული კონტროლი და შესაძლებელი გახდება სხვადასხვა მწარმოებლის სისტემებისა და უპილოტო აპარატების კოორდინაცია.
AMORPHOUS მოსახერხებელი კონტროლის სისტემით გამოირჩევა. ეს სისტემა სამხედრო ოპერატორებს რთული მისიების წარმატებით შესრულების შესაძლებლობას აძლევს.
"ავტომატიკის ინტეგრაცია სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტიანობას", — განაცხადა ჯონ რემბომ, L3Harris Technologies-ის პრეზიდენტმა. "AMORPHOUS ისეა აგებული, რომ გამოსადეგია მრავალფეროვან მისიებში და სწრაფად ახდენს სხვადასხვა უპილოტო სისტემების ინტეგრაციას ოპერაციულ ზონაში".
ამჟამად L3Harris აშშ-ის არმიასთან და DIU-თან (Defense Innovation Unit) თანამშრომლობით AMORPHOUS-ის პროტოტიპებზე მუშაობს. პირველმა ტესტირებამ აჩვენა, რომ სისტემა წარმატებით მართავს სხვადასხვა ტიპის უპილოტო აპარატებს, რომლებიც განსხვავებულ გარემო პირობებში ფუნქციონირებს.
AMORPHOUS-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია დეცენტრალიზებული სისტემის მხარდაჭერა. ეს მახასიათებელი უპილოტო პლატფორმებს საშუალებას აძლევს, ავტომატურად შეასრულონ დავალებები და რეალურ დროში მიიღონ ოპერატიული გადაწყვეტილებები.
დრონების გუნდური მართვა
AMORPHOUS-ის შექმნა შეესაბამება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (DoD) დრონების გუნდური მართვის სტრატეგიას. აშშ-ის თავდაცვის მოწინავე კვლევების სააგენტომ (DARPA) დაიწყო OFFensive Swarm-Enabled Tactics (OFFSET) პროგრამა.
ამ პროგრამით მცირე ზომის სამხედრო ქვედანაყოფები შეძლებენ 250-ზე მეტი მცირე უპილოტო საჰაერო (UAS) და სახმელეთო (UGS) სისტემის გუნდურად გამოყენებას ურბანულ გარემოში მისიების შესასრულებლად.
ამასთანავე, OFFSET გამოიყენებს სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიებს (მაგალითად, ვირტუალური რეალობა, ხმის, ჟესტებისა და შეხების მართვის სისტემები), რაც შექმნის ინოვაციურ მართვის ინტერფეისს, რომელიც უზრუნველყოფს ოპერატიულ გადაწყვეტილებების ვიზუალიზაციას.
AMORPHOUS-ის შემუშავება უპილოტო სისტემების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კომენტარები