ანტარქტიდაზე თავის ქალას საინტერესო ნამარხი აღმოაჩინეს. კვლევამ აჩვენა, რომ ნამარხი გრძელი იხვის მსგავს არსებას ეკუთვნის. საუბარია უძველესი ფრინველის გადაშენებულ სახეობაზე (Vegavis iaai), რომელიც ცარცული პერიოდის ბოლოს ცხოვრობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც დედამიწაზე ტირანოზავრი რექსი დომინირებდა.

როგორც წესი, იმ პერიოდში მცხოვრებ ფრინველებსა და თანამედროვე ფრინველებს შორის ძალიან მცირე მსგავსებაა.

"ამ მხრივ Vegavis გამონაკლისია და ის თანამედროვე იხვს წააგავს", — თქვა კრისტოფერ ტორესმა, კალიფორნიის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორმა.

პალეონტოლოგებმა Vegavis პირველად 20 წლის წინ აღწერეს, მაგრამ ბევრს მიაჩნდა, რომ ნამარხი თანამედროვე სახეობას ეკუთვნოდა. თუმცა, თანამედროვე ფრინველების ნამარხების უმეტესობა დინოზავრების გადაშენების შემდეგი პერიოდით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ Vegavis-ის აქამდე აღმოჩენილ ნამარხებს თავის ქალა სრულად არ ჰქონდა შემორჩენილი. არადა, სწორედ თავის ქალაა ის ნიმუში, რომელითაც ცოცხალი ორგანიზმის მახასიათებლების დადგენაა შესაძლებელი.

თავის ქალას ნამარხი — ციფრული რეკონსტრუქცია.

ფოტო: Joseph Groenke/Christopher Torres

კონკრეტული ნამარხი 69 მილიონი წლით დაათარიღეს და გააჩნია ისეთი თანამედროვე მახასიათებელი, როგორიცაა ნისკარტი.

"არსება ნამდვილად გასაოცარია. მისი მახასიათებლები თანამედროვე ფრინველისას მოგვაგონებს და ეს მიუხედავად იმისა, რომ 69 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა", — თქვა ხუან ბენიტო მორენომ, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერმა.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ანტარქტიდა 69 მილიონი წლის წინ ასე არ გამოიყურებოდა. ოდესღაც ანტარქტიდა რადიკალურად განსხვავებული ადგილი იყო. პოლარული უდაბნოს ნაცვლად, რომელსაც ყინულის სქელი ფენები და მყინვარები ახასიათებს, დიდი ალბათობით აქ ტყეები და ჭაობიანი მიწა იყო. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ანტარქტიდაზე ოდესღაც გვიმრები და წიწვოვანი ხეები დომინირებდა.

ასევე: 90 მილიონი წლის წინ ანტარქტიდა გამწვანებული იყო და იქ დინოზავრები ცხოვრობდნენ

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.